Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმში ოპოზიციის პროტესტის ფონზე გადაიდო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის სასამართლო


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს საკასაციო კოლეგიამ გაურკვეველი დროით გადადო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესი.

აფხაზეთის დე ფაქტო უზენაესი სასამართლო საკასაციო საჩივარს განიხილავდა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატის, ოპოზიციური პარტია „ამცახარის“ ლიდერის, ალხას კვიცინიას სარჩელზე. სარჩელით ის მოითხოვდა, „სახელმწიფოს მეთაურის არჩევის შესახებ“ გადაწყვეტილების გაბათილებას.

პროცესის გადადებამდე, სასამართლომ დააკმაყოფილა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატის ალხას კვიცინიას ადვოკატის შუამდგომლობა მოსამართლე რომან კვარჩიას აცილებასთან დაკავშირებით.

ადვოკატს მიაჩნდა, რომ მოსამართლე მათ სარჩელზე მიკერძოებულ გადაწყვეტილებას გამოიტანდა, ვინაიდან მისი მტკიცებით რომან კვარჩიას სამოსამართლო ვადა ეწურება და თანამდებობაზე ყოფნის ვადის გაგრძელება მხოლოდ დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას და მოსამართლეთა საკვალიფიკაციო კოლეგიის წევრთა ნებაზეა დამოკიდებული. კოლეგიის ერთ-ერთი წევრი აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დმიტრი შამბაა, რომელიც მოცემულ სასამართლო პროცესზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინტრესებს წარმოადგენს.

სასამართლომ პროცესის გადადების მიზეზად დასახელა, საქმის განსახილველად მოსამართლეა ახალი კოლეგიის შექმნის აუცილებლობა.

სასამართლოს გადაწყვეტილებას ოპოზიციის რამდენიმე ასეული მხარდამჭერი დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან ელოდა. ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებამდე დაშლას არ აპირებდნენ.

სოხუმში დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან დღეს ოპოზიციის მასშტაბური აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა შენობა დაიკავეს. ჩაიმსხვრა შენობის პირველი სართულის ფანჯრების მინები. დაშავდა რამდენიმე დემონსტრანტი, რომელთაც სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.

ზოგიერთი წყაროს ინფორმაციის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა დაიკავეს 2019 წლის ნოემბერში სოხუმში რესტორან „სან რემოში“ მოკლული კრიმინალური ავტორიტეტების ნათესავებმა.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ სააგენტო „ინტერფაქსს“ განუცხადა, რომ სოხუმშია და არსად დამალვას არ აპირებს.

ხაჯიმბას ამ განცხადებამდე მისი ადმინისტრაციის წარმომადგენელმა „ინტერფაქსს“ უთხრა, რომ სოხუმში ოპოზიციის პროტესტს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად აფასებენ და ყველაფერს აკეთებენ, რათა სიტუაცია კონსტიტუციურ ფარგლებში დარჩეს.

დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი მერაბ ქიშმარია აცხადებს, რომ შეიარაღებული ძალები მიმდინარე მოვლენებში არ ერევიან.

ხაჯიმბას ადმინისტრაციის ინფორმაციით, მან შექმნილი ვითარების გამო დე ფაქტო უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.

ოპოზიციური პარტია „აიტაირამ“ ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდა.

ოპოზიციური პარტიების „ამცახარის“ და „ერთიანი აფხაზეთის“ წარმომადგენლები არ ცნობენ აფხაზეთში გასულ წელს ჩატარებული ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს და მათ გაბათილებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში გასული წლის 8 სექტემბერს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა 47.38%-ით. ალხას კვიცინიას ხმა მისცა 46.19%-მა.

9 სექტემბერს კვიცინიამ განაცხადა, რომ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა პრეზიდენტად კანონიერად არჩევისთვის საჭირო ხმები, ამიტომ ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს.

დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა ალხას კვიცინიას მიმართვა შედეგების ბათილად გამოცხადების შესახებ.

გასული წლის 11 სექტემბერს მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს რაულ ხაჯიმბამ თქვა, რომ ოპოზიციის უკმაყოფილების მიუხედავად, არჩევნები მისი გამარჯვებით დასრულდა და ამას სასამართლოც დაადასტურებს.

XS
SM
MD
LG