Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დროებითი დეესკალაცია მუდმივი საფრთხის არსებობის პირობებში


დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

ტოდ პრინცი

8 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ირანთან კონფლიქტის დეესკალაციის შესახებ საგანგებო განცხადებით ერთგვარი დამამშვიდებელი სიგნალი გაუგზავნა მსოფლიოს, რომელიც ძალზე შფოთავდა მოახლოებული დიდი შეიარაღებული კონფლიქტისა თუ, სულაც, ახალი მსოფლიო ომის თაობაზე გაკეთებული პირქუში პროგნოზების გამო, რაც საყოველთაო განხილვის საგანი იყო პენტაგონის საავიაციო დარტყმის შედეგად გავლენიანი ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის, დაღუპვისა და საპასუხოდ თეირანის მხრიდან ერაყში განლაგებული ორი სამხედრო ბაზის ბალისტიკური რაკეტებით დაბომბვის შემდეგ.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტით, სახელმწიფო მდივნით, თავდაცვის მინისტრითა და მაღალი რანგის სამხედრო პირებით გარშემორტყმულმა დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ აშშ თავის ეკონომიკურ ძალას დაუპირისპირებს თეირანის მიერ ორ სამხედრო ბაზაზე განხორციელებულ ბალისტიკურ სარაკეტო იერიშებს.

„ჩვენი რაკეტები არის დიდი, მძლავრი, ზუსტი, მომაკვდინებელი და სწრაფი, მაგრამ ის ფაქტი, რომ ეს მძლავრი სამხედრო შეიარაღება მოგვეპოვება, არ ნიშნავს, რომ ის უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ არ გვსურს მისი გამოყენება. ამერიკის სიძლიერე - სამხედრო და ეკონომიკური - საუკეთესო შემაკავებელია“, - თქვა დონალდ ტრამპმა.

„კარები ღიაა დიალოგისთვის“

ამასთან ერთად, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სურს გადაიჭრას პრობლემა, რომელიც ვაშინგტონისა და თეირანის დაპირისპირების საფუძველია - მიღწეულ იქნეს ისეთი ახალი საერთაშორისო შეთანხმება ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო, რომელიც, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ირანელ ხალხს „აყვავებას და კეთილდღეობას“ მოუტანს, ხოლო ირანს „დიად ქვეყნად“ გადაქცევის შესაძლებლობას მისცემს.

ამ სიტყვებით დონალდ ტრამპმა ირანთან პრობლემის დიპლომატიური გზით მოგვარებისათვის „კარები ღია დატოვა“, - განაცხადა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ვაშინგტონში მოქმედი ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის თანამშრომელმა ალექს ვატანკმა.

თავის მხრივ, დეესკალაციისაკენ გზის გაკაფვაში დონალდ ტრამპს დაეხმარა თეირანიც, როდესაც გავლენიანი ირანელი გენერლის მკვლელობის გამო შურისძიების მიზნით ირანის რევოლუციური გვარდიის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად არც ერთი ამერიკელი ჯარისკაცი არ დაღუპულა, - დასძენს ალექს ვატანკი.

ირანმა 8 იანვარს იერიში მიიტანა სამხედრო ბაზებზე ერაყში, სადაც აშშ-ის სამხედროები იმყოფებოდნენ. თეირანის ეს ოპერაცია პასუხი იყო გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობაზე, რომელიც დონალდ ტრამპის უშუალო სანქციით განხორციელდა.

სხვათა შორის, ამერიკულ მედიაში უკვე გამოითქმის მოსაზრება, რომ თეთრმა სახლმა ერთი დღით ადრე იცოდა, რომ ირანი იერიშს აპირებდა იმ ობიექტების წინააღმდეგ, რომლებშიც აშშ-ის სამხედროები იმყოფებოდნენ.

ირანმა სპეციალურად მოაწყო ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე სარაკეტო იერიში ისე, რომ დანაკარგი მინიმალური ყოფილიყო. ამან თეირანს საშუალება მისცა, „სახე შეენარჩუნებინა“, კონფლიქტის მხარეებს კი თავიდან აეცილებინათ ომის პირამდე მისვლა. ამის შესახებ The Washington Post-ი წერს, აშშ-ის მაღალი რანგის ჩინოვნიკებზე დაყრდნობით.


აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლაზე დადებითი რეაქცია ჰქონდა საფინანსო ბაზრებს. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, საფინანსო ბაზრებმა ტრამპის გამოსვლა ვითარების დეესკალაციისკენ გადადგმულ ნაბიჯად აღიქვეს.

წინა დღეების ზრდის შემდეგ, ტრამპის საგანგებო განცხადების შედეგად, ნავთობზე საერთაშორისო ფასები 5 %-ით დაეცა.

„დროებითი სიმშვიდე“

მაგრამ ვინაიდან ირანულ-ამერიკულ ურთიერთობებში სიღრმისეული პრობლემები კვლავაც გადაუჭრელია, ვითარების ხელახალ ესკალაციას არ გამორიცხავს კომპანია „რენდ კორპის“ ახლო აღმოსავლეთის ცენტრის დირექტორი, დალია დასა კაიე.

„მისასალმებელია დეესკალაციის ნიშნები, მაგრამ პრეზიდენტის დღევანდელი სიტყვები მოწმობს, რომ არ მომხდარა არავითარი პოლიტიკური გარღვევა. ჩვენ გვჭირდება დავინახოთ უფრო მეტი, ვიდრე მოვისმინოთ ლაპარაკი ლაპარაკისთვის“, - განაცხადა რადიო თავისუფლებასთან საუბარში დალია დასა კაიემ.

აშშ-ის მიერ გენერალ ყასემ სოლეიმანის ესკორტზე განხორციელებულ გამანადგურებელ საავიაციო დარტყმას წინ უძღოდა რამდენიმე ინციდენტი.

ერაყში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზაზე 27 დეკემბერს განხორციელებული თავდასხმის შედეგად ერთი ამერიკელი სამხედრო კონტრაქტორი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა.

იანვრის დასაწყისში ადგილი ჰქონდა ირანის მიერ მხარდაჭერილი ერაყელი სახალხო ლაშქრის შტურმს ბაღდადში მდებარე აშშ-ის საელჩოზე.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, სწორედ „ყუდსის ძალების“ სარდალი, გენერალი ყასემ სოლეიმანი იდგა ამ თავდასხმებისა და ბოლო წლების განმავლობაში ათასობით ამერიკელი ჯარისკაცის დახოცვის უკან.


გენერალ ყასემ სოლეიმანის მოკვლა გააკრიტიკეს ამერიკელმა დემოკრატებმა, რომელთა თქმით, ტრამპის „უგუნურ“ პოლიტიკას ქვეყნის ომში ჩათრევა შეეძლო.

დემოკრატმა სენატორებმა თავიანთი კრიტიკა კიდევ უფრო გაამძაფრეს აშშ-ის ადმინისტრაციის წამომადგენლებთან 8 იანვარს გამართულ შეხვედრაზე, სადაც ითქვა, რომ მათ ვერ მოიპოვეს იმის დამადასტურებელი საბუთები, რომ ამერიკელებზე თავდასხმის უკან სოლეიმანი იდგა.

„ჩანს, რომ ეს ამ ადმინისტრაციის შერჩევითი საავიაციო დარტყმა იყო“, - განაცხადა სენატორმა კრის მერფიმ ჟურნალისტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

„კატასტროფული“ შედეგი

სენატორის თანახმად, გენერალ სოლეიმანის დაღუპვას „კატასტროფული“ შედეგი ექნება აშშ-ისათვის, რადგან ერაყმა შესაძლოა თავის ქვეყნიდან გააძევოს ამერიკული ქვედანაყოფი, ხოლო ირანი, დიდი ალბათობით, დატოვებს 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებას.

ტრამპმა თავის საგანგებო განცხადებაში ირანთან ურთიერთობის დაძაბვაში დაადანაშაულა თავისი წინამორბედი, პრეზიდენტი ბარაკ ობამა, რომელიც დაეთანხმა ირანის მიმართ დაწესებული სანქციების შერბილებას ირანის ბირთვულ პროგრამაზე საერთაშორისო მონიტორინგის გაძლიერების სანაცვლოდ,

ამ შეთანხმების შედეგად ირანისათვის ხელმისაწვდომი გახდა საბანკო ანგარიშებზე გაყინული მილიარდობით დოლარი.

„წუხელ ჩვენზე და ჩვენს მოკავშირეებზე ნასროლი რაკეტები იმ თანხით იქნა შეძენილი, რომელიც ხელმისაწვდომი აღმოჩნდა წინა ადმინისტრაციის მოქმედების შედეგად“, - განაცხადა 8 იანვარს დონალდ ტრამპმა.


თავის მხრივ, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ საერთაშორისო დაძაბულობის კატალიზატორი გახდა სწორედ დონალდ ტრამპის ერთპიროვნული გადაწყვეტილება, რომლის შედეგადაც აშშ გამოვიდა ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე ხელმოწერილი საერთაშორისო შეთანხმებიდან.

სადავო შეთანხმება, რომელსაც აშშ-თან ერთად თავის დროზე ხელი მოაწერეს გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთმა და საფრანგეთმა, ურანის გამდიდრების პროგრამის შეკვეცის სანაცვლოდ ირანისათვის ეკონომიკური სანქციების შერბილებას ითვალისწინებდა.

დონალდ ტრამპმა „საშინელი“ უწოდა შეთანხმებას, რომელიც, მისი თქმით, დასრულდებოდა იმით, რომ ირანი მიიღებდა ბირთვული იარაღისათვის საჭირო ურანს.

თავისი საგანგებო განცხადება 8 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა დაიწყო სიტყვებით, რომ ვიდრე იგი პრეზიდენტია, ირანს არ მიეცემა უფლება იქონიოს ბირთვული იარაღი.

2018 წელს, ბირთვული პროგრამის თაობაზე საერთაშორისო შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ, დონალდ ტრამპმა კვლავ დაუწესა ირანს ეკონომიკური სანქციები, რამაც დიდი ზიანი მიაყენა ქვეყნის ეკონომიკას. ამ ხნის განმავლობაში დონალდ ტრამპმა რამდენჯერმე გააფართოვა სანქციები, რამაც შარშანდელი წლის ბოლოს ირანში ძირითად პროდუქტებზე დიდი დეფიციტი შექმნა, ხოლო სოციალური მდგომარეობით უკმაყოფილო ადამიანების მასობრივმა საპროტესტო აქციებმა იფეთქა.

ირანმა ვაშინგტონის სანქციებს უპასუხა ნავთობის ტანკერებსა და ერაყში განთავსებულ ამერიკულ ბაზებზე თავდასხმებით. თეირანს ადანაშაულებდნენ ასევე ვაშინგტონის პარტნიორის, საუდის არაბეთის, ნავთობგადამამუშავებელ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებში.

საუდის არაბეთმა წარმოადგინა, მისი თქმით, დრონებისა და ფრთოსანი რაკეტების ნარჩენები, რომლებიც ამტკიცებს მის ნავთობის ობიექტებზე განხორციელებულ თავდასხმასთან ირანის კავშირს.

პენტაგონმა ამ თავდასხმის პასუხად განაცხადა, რომ საუდის არაბეთში მიავლენს დამატებით სამი ათას სამხედროს, ასევე „პეტრიოტის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის კომპლექსის ორ ბატარეასა და ზეატმოსფერული გადამტაცი რაკეტების საჰაერო თავდაცვის სისტემას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG