Accessibility links

ახალი ამბები

ზაზა სარალიძე: არ მაინტერესებს ვის რამდენს მიუსჯიან, მთავარია სიმართლე ითქვას

ზაზა სარალიძე

„მე წლებს არ ვითვლი“, - განაცხადა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მისი შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ გ.ჯ-ს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება.

„არ მაინტერესებს, ვის რამდენს მიუსჯიან. ჩემთვის მთავარია, რომ სიმართლე ითქვას, მეტი არაფერი არ მაინტერესებს. მთავარია, სიმართლე უნდა ითქვას საბოლოო ჯამში“, - უთხრა ზაზა სარალიძემ სააგენტო „ინტერპრესნიუსს“.

საქმის პროკურორმა, თორნიკე ნადირაძემ დღეს, 22 იანვარს მედიას აცნობა, რომ მიღწეულია საპროცესო შეთანხმება დავით სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული გ.ჯ-ს დაცვის მხარესთან: „ადვოკატმა მოგვმართა შუამდგომლობით. მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული. ასევე, მოაწოდა ბრალდების მხარეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია. სწორედ ამის გათვალისწინებით მხარეებს შორის გაფორმებულ იქნა საპროცესო შეთანხმება“.

ნადირაძემ საპროცესო შეთანხმების დეტალები არ დაასახელა იმ მოტივით, რომ საქმის განხილვა დახურულია.

პროკურორმა განცხადება გააკეთა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, სადაც ამჟამად მიმდინარეობს დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების, გ.ჯ-ს და გ.ბ-ს საქმის განხილვა.

2019 წლის 3 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ გ.ჯ-მ დავით სარალიძის მკვლელობა ჩაიდინა ჯგუფურად, სხვა პირთან ერთად. გ.ჯ-ს 11 წლით და 3 თვით პატიმრობა მიესაჯა. პირველი ინსტანციის - თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, გ.ჯ. დამნაშავედ იყო ცნობილი დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაში და 9 წლით და 9 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ გ.ბ-ს კი, სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი სასჯელი, 10 წლით და 6 თვით პატიმრობა დაუმძიმა და 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან მეორე დღეს, სამართალდამცავებმა დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს მიხეილ კალანდია, რომელსაც მანამდე მოწმის სტატუსი ჰქონდა.

დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის დეკემბერში მოკლეს არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბისას.

ყველა ახალი ამბავი

მარნეულის მერი: ოპოზიცია მოსახლეობაში ცრუ ინფორმაციას ავრცელებს

ზაურ დარგალი

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი ოპოზიციური პოლიტიკურ ძალებს ადანაშაულებს მარნეულსა და ზემო ყულარში მოსახლეობის შეკრებაში. მერის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები თანხების დარიგების შესახებ ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ და მოსახლეობას ამით უბიძგებენ, უკმაყოფილების გამოსახატად სახლიდან გავიდნენ.

„ავრცელებენ ინფორმაციას, რომ თურმე მთავრობა და მუნიციპალიტეტი არიგებს თანხებს მოსახლეობაში. ეს სპეციალურად კეთდება ასეთ რთულ მდგომარეობაში. მარნეულში და გუშინ ზემო ყულარში ათობით ადამიანი 60 წელზე ზევით რისკჯგუფის წარმომადგენლები გამოსულები იყვნენ“, - განაცხადა მერმა ბრიფინგზე. მისი შეფასებით ოპოზიციური ძალები ცდილობენ, ქულები ჩაიწერონ და მარნეულელებს დაანახონ, რომ მერი და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა სათანადოდ ვერ მუშაობენ.

მერის თქმით, ვითარება რეგიონში სტაბილურია, პროცესი კონტროლს ექვემდებარება და ყველა შინ უნდა დარჩეს. კერძოდ, ზაურ დარგალმა განაცხადა, რომ მოსახლეობას ცხელი ხაზის საშუალებით დღეიდან შეეძლება შესაბამის შტაბს მიმართოს დახმარებისთვის 4 ისეთი მიმართულებით, როგორიცაა ჯანდაცვა, სოციალური დახმარება და პროდუქტის შემოტანა და მარნეულიდან გატანა.

დღეს, 30 მარტს, მუნიციპალიტეტის მერიასთან მივიდა რამდენიმე ათეული მოქალაქე, რომლებიც ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვდნენ და უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ დახმარების უსამართლოდ განაწილების გამო.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა ზაურ დარგალმა მოგვიანებით განმარტა, რომ მერიისა და ადგილობრივი ბიზნესის მიერ გამოყოფილი დახმარება მუნიციპალიტეტში მცხოვრები 4 კატეგორიის მოსახლეობაზე ნაწილდება და ყველასთვის არ არის განკუთვნილი.

მერმა მოქალაქეებს კარანტინის რეჟიმის დაცვისაკენ მოუწოდა.

მარნეულსა და ბოლნისში კარანტინის რეჟიმი 23 მარტიდან მოქმედებს.

ევროკავშირი აღმოსავლეთის პარტნიორებს 140 მილიონ ევროს გამოუყოფს ვირუსთან საბრძოლველად

ახალი კორონავირუსის გლობალურ პანდემიასთან ბრძოლის მიზნით, ევროკავშირის კომისია აცხადებს, რომ გვერდში უდგას აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში მონაწილე ქვეყნებს და მათ, ანუ საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსს, მოლდოვასა და უკრაინას, 140 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამასთან, კომისია აპირებს 700 მილიონ ევრომდე მოცულობის არსებული ინსტრუმენტების გადანაწილებას, რათა შეამსუბუქოს კორონავირუსის კრიზისით გამოწვეული სოციო-ეკონომიკური გავლენა.

ევროკავშირის სამეზობლოს და გაფართოების კომისარმა, ოლივერ ვარჰელიმ განაცხადა: "ახლა ძალიან რთული დროა არა მხოლოდ ევროკავშირისთვის, არამედ ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვისაც. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ საიმისოდ, რომ შევამსუბუქოთ კორონავირუსის პანდემიის გავლენა ადამიანთა ცხოვრებასა და საცხოვრებელ პირობებზე. რეაგირებას ვახდენთ როგორც ჯანდაცვის სისტემების უპირველეს აუცილებლობაზე, ისე გრძელვადიან საჭიროებებზე, რომლებიც გაუჩნდებათ საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს და მცირე და საშუალო ბიზნესს, რადგან ეს უკანასკნელი ამ ექვს ქვეყანაში ეკონომიკების ხერხემალს წარმოადგენს".

პარტნიორი ქვეყნების თხოვნის საფუძველზე, კომისია მათ მიაწოდებს სამედიცინო აღჭურვილობას - მათ შორის, სუნთქვის აპარატებს, ლაბორატორიულ პაკეტებს, ნიღბებს, სათვალეებს, საექიმო ტანისამოსს. ევროკავშირის კომისია თანამშრომლობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან (WHO) და 30 მილიონ ევროს გამოყოფს ექვსი ქვეყნისთვის აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობის მისაწოდებლად, მომავალ კვირებში.

კომისიამ ასევე გამოყო 11 მილიონ ევროზე მეტი, რომელიც მცირე გრანტების სახით გაიცემა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე.

86 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი პოლონელი კომპოზიტორი, ქშიშტოფ პენდერეცკი

29 მარტს, 86 წლის ასაკში, ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაცვალა ქშიშტოფ პენდერეცკი, კლასიკური მუსიკის ერთ-ერთი წამყვანი თანამედროვე კომპოზიტორი. მისი გარდაცვალების შესახებ ცნობა რადიო კრაკოვმა გაავრცელა, კომპოზიტორის ოჯახზე დაყრდნობით. მედიის ცნობით, პოლონელი კომპოზიტორი გარდაიცვალა თავის სახლში, ქალაქ კრაკოვში.

ასოშიეიტედ პრესი აქვეყნებს ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ასოციაციის მიერ მისთვის გაგზავნილ განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ ის იყო "დიდი პოლონელი, გამორჩეული შემოქმედი და ჰუმანისტი".

"პოლონურმა კულტურამ უდიდესი და აუნაზღაურებელი დანაკარგი ნახა დღეს... გარდაიცვალა უდიდესი პოლონელი თანამედროვე კომპოზიტორი, რომლის მუსიკასაც იაპონიიდან შეერთებულ შტატებამდე უსმენენ", - დაწერა სოციალურ მედიაში პიოტრ გლინსკიმ, პოლონეთის კულტურული მემკვიდრეობის მინისტრმა.

პენდერეცკის დაწერილი აქვს ოთხი ოპერა, რვა სიმფონია და სხვა საორკესტრო და რელიგიური ნაწარმოებები. მისი მუსიკა გამოყენებული იყო ჰოლივუდის კინემატოგრაფშიც, მათ შორის ფილმებში The Shining და Shutter Island. კომპოზიტორი ბევრ ჟანრში მუშაობდა, როკმუსიკის მოყვარულები მას იცნობენ ჯგუფ რედიოჰედის წევრ ჯონი გრინვუდთან თანამშრომლობით. პენდერეცკის მევიოლინის მუსიკალური განათლება ჰქონდა და ღვაწლმოსილი პედაგოგი იყო. თავის სამშობლოში მან დააარსა მუსიკალური ცენტრი, სადაც ახალგაზრდა, დამწყებ მუსიკოსებს შესაძლებლობა ეძლევათ, ისწავლონ და დაუკრან მსოფლიოს წამყვან მუსიკოსებთან ერთად.

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს 20 პაციენტს COVID-19 არ აღმოაჩნდა

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს პაციენტებიდან 20-ს კორონავირუს COVID-19-ით ინფიცირება არ დაუდასტურდა. მათ გამოკვლევა 29 მარტს ჩაუტარეს.

საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ დღეს, 30 მარტს მედიას აცნობა, რომ ამჟამად კიდევ 7 პაციენტის ტესტირების პასუხს ელოდებიან. ამ დროისთვის თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სულ 40 პაციენტია.

30 მარტის 15:00 საათის მდგომარეობით საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია COVID-19-ით ინფიცირების 98 შემთხვევა. მათგან 18 გამოჯანმრთელდა.

ევროსაბჭო: ყველა ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს COVID-19-ზე ინფორმაციის უმცირესობათა ენებზე მისაწვდომობა

ევროსაბჭოს რეგიონული და უმცირესობათა ენების ევროპული ქარტიის ექსპერტთა კომიტეტი (ECRML) აცხადებს, რომ COVID-19-ის წინააღმდეგ გატარებულ ზომებზე ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს და აგრეთვე ონლაინსწავლება უნდა მიმდინარეობდეს არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ რეგიონულ და უმცირესობათა ენებზეც.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის აღნიშნული ქარტიის წევრი, კომიტეტი აცხადებს, რომ არა მხოლოდ ქარტიის, არამედ „ევროსაბჭოს წევრმა ყველა ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს ინფორმაციის მისაწვდომობა თავიანთი მოქალაქეებისთვის ყველა ენაზე, რომელზეც ამ ქვეყნებში მოსახლეობა ლაპარაკობს“.

ევროსაბჭოს რეგიონული და უმცირესობათა ენების ევროპული ქარტიის ექსპერტთა კომიტეტის განცხადებით, „ქვეყნები სისტემატურად არ ავრცელებენ ინფორმაციას, ინსტრუქციებს, მითითებებსა და რეკომენდაციებს სხვა ენებზე, გარდა სახელმწიფო ენისა. ეს ეხება ტრადიციულ რეგიონულ და უმცირესობათა ენებს, რომლებზეც ლაპარაკობს მოსახლეობა ცალკეულ ქვეყანაში. ამ ენებზე შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა მათზე მოლაპარაკე ადამიანების კეთილდღეობისთვის“, - ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში.

დოკუმენტის ავტორები შეახსენებენ ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მთავრობებს, რომ „ეროვნული უმცირესობები არიან მათი საზოგადოებების განუყოფელი ნაწილი და იმისათვის, რომ გატარებულმა ზომებმა მოიტანოს სრულფასოვანი შედეგი, ეს ზომები ადვილად მისაწვდომი უნდა იყოს მთელი მოსახლეობისთვის“.

ამასთან, კომიტეტი აღნიშნავს, რომ ევროსაბჭოს ზოგიერთ ქვეყანაში შემოიღეს ონლაინ და სატელევიზიო სწავლება: „თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში სწავლება მხოლოდ ოფიციალურ ენებზეა და არ პასუხობს იმ მოსწავლეების საჭიროებებს, რომლებიც, ჩვეულებრივ, განათლებას იღებენ რეგიონულ ან უმცირესობათა ენებზე. ეს მიდგომა შეიძლება ჩაითვალოს არა მხოლოდ ქარტიის პრინციპების საწინააღმდეგოდ, არამედ დისკრიმინაციულადაც“.

ამ გზავნილით ევროსაბჭოს რეგიონული და უმცირესობათა ენების ევროპული ქარტიის ექსპერტთა კომიტეტს სურს, რომ სახელმწიფოებმა, მიმდინარე კრიზისთან გამკლავების პოლიტიკასა და მითითებებზე მუშაობისას, მხედველობაში მიიღონ უმცირესობათა ენებთან დაკავშირებული საკითხები.

მარნეულის მერი: დახმარება ყველასთვის არ არის გათვალისწინებული

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი ამბობს, რომ მერიისა და ადგილობრივი ბიზნესის მიერ გამოყოფილი დახმარება მუნიციპალიტეტში მცხოვრები 4 კატეგორიის მოსახლეობაზე ნაწილდება და ყველასთვის არ არის განკუთვნილი:

მერის თანახმად, დახმარება ეკუთვნით:

  • მარტოხელა მოხუცებს, ვინც შექმნილი ვითარების გამო სახლებიდან ვერ გადის
  • მოქალაქეებს, რომლებსაც გარკვეული მიზეზებით გაუუქმდათ სოციალური დახმარება
  • მოქალაქეებს, რომელთაც საგანგებო მდგომარეობის გამო დაკარგეს სამსახურები და აღარ აქვთ ყოველდღიური შემოსავალი
  • მოქალაქეებს, რომლებიც იძულებით კარანტინსა და თვითიზოლაციაში არიან.

მუნიციპალიტეტის მერის, ზაურ დარგალის თანახმად, დღემდე დახმარება უკვე მიიღო ამ კატეგორიებში მოქცეულმა 1345-მა ოჯახმა. მერის თქმით, პროცესი გაგრძელდება.

მარნეულში გამოცხადებული კარანტინის და საჯარო სივრცეში 10 ადამიანზე მეტის შეკრების აკრძალვის მიუხედავად, დღეს, 30 მარტს მუნიციპალიტეტის მერიასთან მივიდა რამდენიმე ათეული მოქალაქე, რომლებიც ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვდნენ და უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ დახმარების უსამართლოდ განაწილების გამო.

მარნეულის მერის, ზაურ დარგალის შეფასებით, პროცესი ცალკეული პოლიტიკური პარტიებისგან იყო მართული.

მერმა მოქალაქეებს კარანტინის რეჟიმის დაცვისაკენ მოუწოდა.

მარნეულსა და ბოლნისში კარანტინის რეჟიმი 23 მარტიდან მოქმედებს.

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ბლოკის ლიდერებს, წინ აღუდგნენ რუსეთ-ჩინეთის დეზინფორმაციას

ევროპარლამენტართა ჯგუფი მოუწოდებს კავშირის ლიდერებს, რათა საპასუხო ზომები დაუპირისპირონ რუსეთიდან და ჩინეთიდან დაძრულ დეზინფორმაციას, რაც კორონავირუსის პანდემიის შესაჩერებელად ევროკავშირის მიერ განხორციელებული ქმედებების ძირის გამოთხრას ისახავს მიზნად.

„სასწრაფოდ საჭიროა კონცენტრირებული ძალისხმევა მტრული გეოპოლიტიკური ამბიციების მქონე იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც არსებული კრიზისის ინსტრუმენტალიზაციას ახდენენ“, - ნათქვამია 39 ევროპარლამენტარის მიერ ხელმოწერილ მიმართვაში, რომლის ადრესატები არიან ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი, ჟოზეპ ბორელი.

წერილში, რომელიც 27 მარტითაა დათარიღებული, კერძოდ, ნახსენებია „ჩინეთიდან და რუსეთიდან მომავალი პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული ძალიხმევა“, საუბარია მცდელობებზე, ძირი გამოუთხარონ ევროკავშირს, „დათესონ უიმედობა კავშირის ქვეყნებსა და მის სამეზობლოში ევროკავშირის, მისი დემოკრატიული ფასეულობებისა და ინსტიტუტების მიმართ“.

ამ წერილის ფონია ევროკავშირის საგარეო სამსახურის დანაყოფის, პროექტ EuvsDisinfo-ის მიერ, ჯერ კიდევ 22 იანვარს აღმოჩენილი პირველი დეზინფორმაცია კორონავირუსის შესახებ, რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ მედიასაშუალება „სპუტნიკზე“.

კორონავირუსის პანდემიის ფონზე კრემლის მომხრე სადეზინფორმაციო მედიასაშუალებები, ერთი მხრივ, აცხადებენ, რომ პანდემია ტყუილია; მეორე მხრივ კი, ავითარებენ აპოკალიპტურ სცენარებს - რომ, მაგალითად, პანდემიის გამო კოლაფსი განიცადა შენგენის სისტემამ, რომ ნატო დაიშლება, ხოლო ევროკავშირი პარალიზებულია.

ჰაკერულმა ფორუმმა გაავრცელა საქართველოს ამომრჩეველთა შესახებ მონაცემთა ბაზა

მონაცემთა დაცულობაზე მონიტორინგის ჯგუფმა Under the Breach, რომელიც კიბერდანაშაულის საკითხებს იკვლევს, გაავრცელა ინფორმაცია საქართველოს ამომრჩეველთა სიის მონაცემების ინტერნეტში გაჟონვის შესახებ.

Under the Breach-ზე დაყრდნობით, ZDNet წერს, რომ „გასულ შაბათს ჰაკერულ ფორუმზე გამოქვეყნდა 4,9 მილიონი ამომრჩევლის (გარდაცვლილების ჩათვლით) შესახებ მონაცემები. ინტერნეტში გაზიარდა 1,04 გიგაბაიტი მაიკროსოფტის მონაცემთა ბაზის (MDB) ფაილი.

მონაცემთა ბაზა შეიცავს 4934863 ჩანაწერს, მაგრამ არ არის განახლებული, რადგან მასში არის მილიონობით გარდაცვლილ პირთა შესახებ მონაცემები“.

ZDNet-ის თანახმად, გაურკვეველია, ჰაკერული ფორუმის მომხმარებელმა მხოლოდ გააზიარა ინფორმაცია, თუ მანვე მოიპოვა. მომხმარებლისავე განცხადებით, ეს მონაცემები საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ეკუთვნის.​

ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში საქართველოს ბაზარზე მოღვაწე კომპანია, CyberHouse თავის ფეისბუკის გვერდზე წერს: „გაურკვეველია, ბოროტმოქმედებმა აღნიშნული ბაზა voters.cec.gov.ge-ს ე.წ. სკრეიპინგის შედეგად წამოიღეს, თავად საიტი გატეხეს თუ ცესკოს ოფიციალური აპლიკაციიდან მოახერხეს მონაცემთა ბაზის ამოღება. შევნიშნავთ, რომ ეს საქართველოს მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების გაჟონვის ყველაზე ფართომასშტაბიანი შემთხვევაა“.

საქართველოს შსს აცხადებს:

„ინფორმაცია, რომელიც უცხოურ პრესაში გავრცელდა, ცნობილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. მიმდინარეობს საკითხის დეტალური შესწავლა და უახლოეს პერიოდში გაკეთდება დამატებითი განმარტებები“.

კახეთში ფეხბურთის თამაშისთვის თერთმეტი ადამიანი დააჯარიმეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მდებარე მინისტადიონზე, ფეხბურთის თამაშისთვის თერთმეტი ადამიანი დააჯარიმეს. საგანგებო მდგომარეობის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის პოლიციამ ახალგაზრდებს ფინანსური ჯარიმები დააკისრა, თითოეულს სამ-სამი ათასი ლარის ოდენობით.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ოცდაოთხ საათში, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 131 ფაქტი გამოვლინდა.

სახელმწიფოს მიერ საგანგებო რეჟიმის დადგენილი წესის დარღვევა ფიზიკური პირის სამი ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის თხუთმეტი ათასი ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს. ქმედების განმეორების შემთხვევაში კი დამრღვევ პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.

მარნეულის ცენტრში უკმაყოფილო მოქალაქეები შეიკრიბნენ

მარნეული

მარნეულში გამოცხადებული კარანტინის და საჯარო სივრცეში 10 ადამიანზე მეტის შეკრების აკრძალვის მიუხედავად, მუნიციპალიტეტის მერიასთან მივიდა რამდენიმე ათეული მოქალაქე, რომლებიც ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვდნენ.

მარნეულის სათემო რადიოს ინფორმაციით, სოფლად მცხოვრებთა ნაწილი აცხადებს, რომ რწმუნებულები დახმარებას უსამართლოდ ანაწილებენ. ერთ-ერთმა ქალმა მარნეულის რადიოს უთხრა, რომ სოციალურად დაუცველი, მარტოხელა დედაა და მერიასთან დახმარების მისაღებად მივიდა: „ვირუსი კი არ მოგვკლავს ჩვენ, შიმშილი მოგვკლავს“.

მარნეულის მერიის თანამშრომლებმა შეკრებილი მოქალაქეების მონაცემები ჩაიწერეს და დახმარებას დაჰპირდნენ. ამასთან, სოფლების მცხოვრებთ მოუწოდეს, რომ ქალაქში ჩასვლისგან თავი შეიკავონ, რწმუნებულებს მიმართონ და დახმარებას ადგილზე მიიღებენ.

მარნეულის მერიასთან იმყოფებოდა ქვემო ქართლის რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, რომელმაც მუნიციპალურ ხელისუფლებას მიმართა, უზრუნველყოს მოსახლეობის სრულყოფილად ინფორმირება. სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ მოჰყავს რეხვიაშვილის სიტყვები, რომ სახელმწიფო 1000-მდე ოჯახს უკვე დაეხმარა: „ხაზგასმით ვამბობ, 1000-მდე ოჯახთან მივედით, სადაც იყო მოწყვლადი ჯგუფები სხვადასხვა საჭიროებებიდან გამომდინარე და ჩვენ ამ დახმარებებს ვაგრძელებთ, მაგრამ მთლიან მოსახლეობას ეს ყველაფერი არ ეკუთვნის და, ბუნებრივია, ამას ვერც გავწვდებით“.

მარნეულის მერის მოადგილის, ლაშა ლობჟანიძის განცხადებით, მუნიციპალიტეტში კარდაკარ არიგებენ საინფორმაციო მასალებს დაწესებული აკრძალვებისა და რეკომენდაციების შესახებ. რაც შეეხება დახმარებას, ლობჟანიძის თქმით, შესაბამისი სამსახურები ყველაფერს აღწერენ და მერია გადაწყვეტილებას მიიღებს მოთხოვნიდან გამომდინარე.

მარნეულის მერიასთან იმყოფებოდნენ სამართალდამცავები, რომლებიც შეკრებილებს დისტანციის და კარანტინის რეჟიმის დაცვისკენ მოუწოდებდნენ.

მარნეულსა და ბოლნისში კარანტინის რეჟიმი 23 მარტიდან მოქმედებს.

სერბეთის მთავრობა გეგმავს 5 მილიარდი ევროს დახმარებას ეკონომიკის სტიმულირებისათვის

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება გეგმავს გამოყოს 5 მილიარდი ევროს ($ 5,54 მილიარდი) სესხი ეკონომიკური პრობლემების წინაშე მდგარი ბიზნესის სტიმულირებისათვის.

ამ პაკეტის ფარგლებში, სერბეთის მთავრობისგან 100 ევროს მოცულობის ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებს 18 წელზე მეტი ასაკის, ჯამში, 5,5 მილიონი მოქალაქე.

კორონავირუსის ეპიდემიის შესაჩერებლად სერბეთში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი.

ქვეყანაში კორონავირუსიით დაავადებულია 741 ადამიანი, 13 გარდაიცვალა.

30 მარტს უნგრეთის პარლამენტი კენჭის უყრის პრემიერ-მინისტრისთვის უფლებამოსილების გაზრდის საკითხს

ვიქტორ ორბანი

30 მარტს უნგრეთის პარლამენტში გაიმართება სესია, რომელზეც მოელიან, რომ უმრავლესობა მხარს დაუჭერს პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანისათვის დამატებითი უფლებამოსილების მინიჭებას კორონავირუსის შესაჩერებლად შემოღებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში.

საკანონმდებლო ცვლილება მთავრობას უფლებას აძლევს, დეკრეტის საფუძველზე, პარლამენტის თანხმობის გარეშე, განუსაზღვრელი ვადით გააგრძელოს 11 მარტს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედება.

კანონპროექტს დიდი კრიტიკა მოჰყვა როგორც ქვეყნის შიგნით, პოლიტიკური ოპოზიციისა და უფლებადამცველების, ისე საერთაშორისო საზოგადოების - ევროკავშირისა და გაეროს ინსტიტუტების მხრიდან.

მიუხედავად ამისა, მოელიან, რომ სადავო კანონპროექტს მხარს დაუჭერს უნგრეთის პარლამენტი, სადაც ვიქტორ ორბანის „ფიდესის“ პარტია მანდატების ორ მესამედს ფლობს.

საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო 100-ზე მეტი მოქალაქე დააჯარიმეს

საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო, ბოლო 24 საათში პოლიციამ 3000-3000 ლარით დააჯარიმა 104 მოქალაქე. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, გამოვლენილია საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 131 ფაქტი.

ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვის დარღვევისთვის დაჯარიმდა 13 ფიზიკური და 6 იურიდიული პირი.

შსს-ს ინფორმაციით, გამოვლენილია თვითიზოლაციის წესების დარღვევის 3 ახალი ფაქტიც.

გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო პოლიციამ დააჯარიმა 5 პირი, რომლებსაც აკრძალვის მიუხედავად მიკროავტობუსით მგზავრები გადაჰყავდათ.

კორონავირუსის COVID-19-ის მასობრივად გავრცელების შესაჩერებლად 21 აპრილამდე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის ფიზიკური პირი 3 000 ლარით ჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი - 15 000 ლარით.

განმეორებით დარღვევა უკვე სისხლის სამართლის დანაშაულად ფასდება და 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კახეთში შესაძლოა მგზავრებზე ზედამხედველობა გამკაცრდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონული განყოფილების ხელმძღვანელის ნელი ხიზანიშვილის თქმით, კახეთში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შესაძლოა, მგზავრებზე ზედამხედველობის გამკაცრება გახდეს საჭირო. როგორც მან ჟურნალისტებთან კომენტარში განაცხადა, ამ მიზნით შესაძლოა კახეთში შემსვლელი და რეგიონიდან გამომსვლელი მგზავრების თერმოსკრინინგი დაიწყოს:

„რეგიონში საეჭვო პაცინტი არ გვყავს, თუმცა პრევენციული ზომების გამკაცრებას და რეგიონში ბლოკპოსტის განთავსებას ვფიქრობთ, რადგან ქვეყანაში არის საგანგებო მდგომარეობა, საჭიროა მგზავრებზე ზედამხედველობის გამკაცრება, თუმცა ჯერ ეს საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის“, - უთხრა ნელი ხიზანიშვილმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ეპიდსიტუაცია კახეთში სტაბილურია, არ ყოფილა ახალი კორონავირუსის არც ერთი დადასტურებული შემთხვევა. ამ ეტაპზე რეგიონში თვითიზოლაციაში 227, კარანტინში კი 603 პირი იმყოფება.

29 მარტიდან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულება სამეგრელოს რეგიონში გამკაცრდა. საკონტროლო-გამშვები პუნქტები ზუგდიდისა და ფოთის შესასვლელებში მოეწყო. შეიზღუდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება, ხორციელდება მანქანით გადაადგილების კონტროლიც-ნებადართულია მანქანაში მხოლოდ 3 პირის განთავსება.

30 მარტის 12 საათის მონაცემებით, საქართველოში ლაბორატორიულად COVID-19-ით დაავადების 98 შემთხვევაა აღრიცხული. გამოჯანმრთელებულია - 18.

საქართველოში ამ დრომდე დადასტურებული 98-დან 2 შემთხვევაში ინფიცირებულნი იყვნენ ავსტრიის მოქალაქეები. ორივე მათგანი სამშობლოში დაახლოებით ერთი კვირის წინ გაამგზავრეს.

შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოს კლინიკებში რჩება 78 ინფიცირებული პაციენტი.

მოსკოვში დღეიდან ძალაში შედის "საყოველთაო თვითიზოლაციის" რეჟიმი

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში 30 მარტიდან ამოქმედდა თვითიზოლაციის საყოველთაო რეჟიმი.

ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის დედაქალაქის მცხოვრებლებს უფლება აქვთ, სახლებიდან გამოვიდნენ მხოლოდ პროდუქტებისა და წამლების შესაძენად, ნაგვის გასატანად, ძაღლების სასეირნოდ, აუცილებელი სამედიციონი დახმარების მისაღებად და ასევე, განსაკუთრებულ შემთხვევებში, სამსახურში სიარულისათვის.

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა, მოუწოდა სხვა ქალაქებს და ოლქებს, რომ მიბაძონ მოსკოვს და გადავიდნენ საყოველთაო თვითიზოლაციაზე.

რუსეთში კორონავირუსით დაავადებულია 1500 ადამიანი, აქედან 1014 შემთხვევა გამოვლენილია მოსკოვში. 8 პაციენტი გარდაიცვალა.

რუსეთის ხელისუფლებამ 30 მარტიდან დროებით ჩაკეტა საზღვრები კორონავირუსის გავრცლების შესაკავებლად. აკრძალვა არ გავრცელდება რუსეთის დიპლომატებსა და სატვირთო ავტომობილების მძღოლებზე

ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდისკენ ერთი პაციენტი არ გაატარეს

ოკუპირებულ აფხაზეთთან დამაკავშირებელი ენგურის ხიდი

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ დანარჩენი საქართველოს მიმართულებით არ გაატარა ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ქალთან ერთად მყოფი მეორე პაციენტი და ის სოხუმის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას ადასტურებს ზუგდიდის კლინიკის ექიმი ლალი დარახველიძეც.

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოდან ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 29 მარტს, ღამით გადაიყვანეს აფხაზეთში რუსეთიდან ჩასული, COVID-19-ის სიმპტომების მქონე 50 წლის ქალი, რომელსაც დე ფაქტო ხელისუფლებამ მდინარე ენგურთან დაკეტილი ე.წ. საზღვარი გაუხსნა.

ექიმმა ლალი დარახველიძემ დღეს, 30 მარტს მედიას აცნობა, რომ პაციენტს აღენიშნება ხველა და ცხელება. მისი საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პაციენტის ბიოლოგიური მასალა გაგზავნილია „ლუგარის ლაბორატორიაში“. პასუხი, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი.

„ის აფხაზეთში ჩამოვიდა მოსკოვიდან და შემდეგ პირდაპირ ჩვენთან. პაციენტი არ აღნიშნავს ვინმესთან კონტაქტს ადგილზე. სულ ორი მოდიოდა. ერთი გადმოიყვანეს ჩვენთან, ერთი კი - სოხუმში“, - განაცხადა ლალი დარახველიძემ.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ქალი რუსეთიდან აფხაზეთში 29 მარტს ჩავიდა და მალევე მიმართა ამბულატორიას სოფელ საბერიოში, საიდანაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს. პაციენტს სოფელ ფახულანთან დახვდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა.

COVID-19-ის გავრცელების გამო, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ მდინარე ენგურთან ე.წ. საზღვარი 14 მარტს დაკეტა.

ჩეხეთის მთავრობა განიხილავს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას ერთი თვით

ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა, განაცხადა, რომ მთავრობა კიდევ ერთი თვით აპირებს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას, თუ მას საკანონმდებლო ორგანო მხარს დაუჭერს. მიმდინარე საგანგებო მდგომარეობის ვადა 11 აპრილს იწურება.

ჩეხეთში კორონავირუსით დაახლოებით 2837 კაცია დაავადებული. 17 პაციენტი გარდაიცვალა. 11 ავადმყოფი განიკურნა. ტესტირებულია 43 500-მდე ადამიანი.

საგანგებო მდგომარეობის კანონით ჩეხეთის ტერიტორიაზე აკრძალულია ყოველგვარი მასობრივი თავყრილობა, ქუჩაში გამოსვლა ნებარდართულია მხოლოდ პირბადეებით, ჩაკეტილია საზღვარი მეზობელ ქვეყნებთან და შეწყვეტილია საჰაერო მიმოსვლა, გარდა ჩარტერული რეისებისა, რომლითაც ქვეყანაში შემოდის სამედიცინო აჭურვილობა და პრეპარატები კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად.

საქართველოში COVID-19-ის 98-ე შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსით COVID-19-ით დაავადების კიდევ ერთი შემთხვევა და საერთო რიცხვი 98-მდე გაიზარდა.

30 მარტის 11:30 საათის მდგომარეობით, გამოჯანმრთელებულია 18 ადამიანი.

საქართველოში ამ დრომდე დადასტურებული 98-დან 2 შემთხვევაში ინფიცირებულნი იყვნენ ავსტრიის მოქალაქეები. ორივე მათგანი სამშობლოში დაახლოებით ერთი კვირის წინ გაამგზავრეს.

შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოს კლინიკებში რჩება 78 ინფიცირებული პაციენტი.

საზოგადოებრივ მაუწყებელზე მოსწავლეთათვის ტელესკოლა დაიწყო

საზოგადოებრივ მაუწყებელზე დღეიდან, 30 მარტიდან, უკვე ეთერშია პროექტი ტელესკოლა, რომელიც ითვალისწინებს მოსწავლეებისთვის ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული სატელევიზიო გაკვეთილების ჩატარებას.

ტელესკოლის პროექტში გაკვეთილები პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით ჩატარდება. პროექტი განკუთვნილია როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლების მოსწავლეებისთვის.

გაკვეთილები მოიცავს როგორც ქართულ, ასევე არაქართულენოვან სექტორს (სომხური, აზერბაიჯანული). ტელეგაკვეთილები უზრუნველყოფილი იქნება სურდოთარგმანით.

„პირველი არხი – განათლების“ ეთერში ასევე დაგეგმილია „აბიტურიენტის საათის“ ამოქმედებაც.

საგანმანათლებლო პლატფორმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე ჩამოყალიბდა.

COVID-19-ის მასობრივად გავრცელების შესაჩერებლად 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. დროებით შეწყვეტილია საგანმანათლებლო პროცესი სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში.

30 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 98 შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 18 გამოჯანმრთელებულია.

ლევან დავითაშვილი: მოსახლეობას პურის მიწოდების პრობლემა არ ექნება

საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ წარმოების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს და მოსახლეობას პურის მიწოდების პრობლემა არ ექნება.

სამინისტროს ინფორმაციით, ლევან დავითაშვილი იმყოფებოდა პურის მწარმოებელ მსხვილ კომპანიებში, ,,პური“ და „იფქლი“ და ადგილზე გაეცნო საწარმოო სიმძლავრეებს და ინფორმაციას არსებული მარაგის შესახებ.

მინისტრის განცხადებით, COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეულ რთულ ვითარებაში მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია პურის ინდუსტრიის შეუფერხებელი ფუნქციონირება და ფასის შენარჩუნება.

დავითაშვილის თქმით, სამინისტრო უწყვეტ მონიტორინგს ახორციელებს და აქტიური შეხვედრები აქვას მწარმოებლებთან და ფქვილისა და სხვა ინგრედიენტების იმპორტიორებთან, რათა წარმოებას პრობლემები არ შეექმნას: „დღეისათვის მარაგები საკმარისზე მეტია, წარმოების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. მოსახლეობას პურის მიწოდების კუთხით პრობლემები არ ექნება“.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პურის საწარმოები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ და მათი პროდუქციის რეალიზაცია საქართველოს მასშტაბით ხორციელდება.

მარინა ეზუგბაია: 6 ახალი პაციენტის ინფიცირების წყარო დადგენილია

მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ცნობილია ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული 6 ახალი შემთხვევის წყაროები. მარინა ეზუგბაიას თანახმად, ამ 6 ადამიანს ვირუსი ბოლო 2 ინფიცირებულისგან გადაედო:

„ჩვენ გუშინ 1 შემოგვემატა, წყაროა ინგლისი. დანარჩენი, დამატებული 6 პაციენტის წყარო ცნობილია. ის ბოლო ორი შემთხვევა, რომელიც ჩვენ ვიცით, აი, იმ ბოლო 2 შემთხვევის კონტაქტებია ესენი”, - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

ახალი კორონავირუსით იფიცირებული 6 ახალი პაციენტიდან 4 გორის ჰოსპიტალში განთავსდა, 2 კი საუნივერსიტეტო კლინიკაში.

საქართველოში 91-დან 97 -მდე გაიზარდა კორონავირუსით COVID-19-ით დაავადებულთა საერთო რიცხვი. მათგან 18 გამოჯანმრთელებულია.

შაქრის, ზეთისა და მაკარონის მარაგის გასაკეთებლად ბიუჯეტიდან 16 მლნ ლარი იხარჯება

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოში შაქარის, ზეთისა და მაკარონის მარაგის გასაკეთებლად ბიუჯეტიდან 16 მილიონი ლარს დახარჯავს. ამ თანხაში გათვალისწინებულია პროდუქტის შენახვაც.

ამ თანხით 5 000 ტონა შაქრის, 500 ტონა მაკარონისა და 1,5 ტონა ლიტრი მზესუმზირის ზეთის შეძენა იგეგმება.

"ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ბერკეტს არსებულ სიტუაციაში, ქვეყანაში სტაბილური ფონის შენარჩუნების მიზნით წარმოადგენს პირველადი მოხმარების საკვებ პროდუქტებზე, როგორიცაა: მაკარონის ნაწარმის, შაქარისა და მზესუმზირის ზეთის შესყიდვა და მათი დასაწყობება/შენახვა ქვეყანაში სასურსათო მარაგების შექმნის მიზნით", - აღნიშნავს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო შესყიდვების სააგენტოსთვის მიწოდებულ ინფორმაციაში.

ამ პროდუქტის შესაძენად მთავრობამ განკარგულება მიმდინარე წლის 26 მარტს გამოსცა.

გარდა ამისა, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში სახელმწიფო ცხრა პროდუქტზე ფასის შესანარჩუნებლად ბიუჯეტიდან 10 მლნ ლარს გამოყო. ამ თანხით ბრინჯის, მაკარონის, წიწიბურის, მზესუმზირის ზეთის, შაქრის, ხორბლის, ხორბლის ფქვილის, რძის ფხვნილისა და ლობიოს ფასი არ უნდა გაიზარდოს.

მარინა ეზუგბაია: ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 6 პაციენტის მდგომარეობაა მძიმე

მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 97 შემთხვევიდან 6-ის მდგომარეობა არის მძიმე და შეიძლება კრიტიკულადაც ჩაითვალოს. ინფექციურ საავადმყოფოში მათგან 4 პაციენტია განთავსებული. მარინა ეზუგბაიას თანახმად, აღნიშნული 4 -დან 2-ის მდგომარეობა კრიტიკულია, თუმცა სტაბილური.

"დღეს ჯერ კიდევ თავს ვიკავებთ ვთქვათ, რომ მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია იმიტომ, რომ დღეს იქნება მეორე დღე მათი მდგომარეობის შეფასების, როგორც სუბიექტური, ობიექტური, ისე ლაბორატორიული მონაცემებით. და თუ დღევანდელ დღესაც მათი მდგომარეობა ასეთი სტაბილური იქნება, შეიძლება ვთქვათ, რომ ალბათ უკვე უნდა ველოდეთ მათი მდგომარეობის გაუმჯობესებას და გამოჯანმრთელების პროგნოზიერება შესაძლებელი იქნება", - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში 91-დან 97 -მდე გაიზარდა კორონავირუსით COVID-19-ით დაავადებულთა საერთო რიცხვი. მათგან 18 გამოჯანმრთელებულია.​

საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა COVID-19-ის კიდევ 6 შემთხვევა

საქართველოში 91-დან 97 -მდე გაიზარდა კორონავირუსით COVID-19-ით დაავადებულთა საერთო რიცხვი. მათგან 18 გამოჯანმრთელებულია.

განახლებული მონაცემები 30 მარტს, 10:30 საათისთვის გამოქვეყნდა სამთავრობო საიტზე stopcov.ge. ამ დროისთვის საქართველოში კარანტინის რეჟიმშია 4876 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 264.

დე ფაქტო მთავრობის ცნობით, გუდაუთის საავადმყოფოში მოთავსებულ პაციენტს COVID-19 არ დაუდგინდა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ შექმნილი ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, კორონავირუსი COVID-19 არ აღმოაჩნდა პაციენტს, რომელიც დაავადების სიმპტომებით 28 მარტს გადაიყვანეს სოხუმის ინფექციური საავადმყოფოდან გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში.

დე ფაქტო მთავრობაში აცხადებენ, რომ კვლევას რუსეთიდან მიღებული ტესტებით ატარებენ. კორონავირუსის სიმპტომებიანი ყველა პაციენტი გუდაუთის საავადმყოფოში გადაჰყავთ.

29 მარტს, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ მდინარე ენგურზე დაკეტილი ე.წ. საზღვარი გახსნა და გალის რაიონიდან დანარჩენი საქართველოსკენ გაატარა ქალი, რომელსაც კორონავირუსის სიმპტომები აქვს. პაციენტი ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს. ინფიცირებულია, თუ არა გალელი პაციენტი COVID-19-ით, თბილისის „ლუგარის ლაბორატორია“ დაადგენს.

ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა და კარანტინია გამოცხადებული.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG