„სოციალ-დემოკრატების“ლიდერის, გია ჟორჟოლიანის განცხადებით, 2020 წლის არჩევნებზე საზოგადოებამ უარი უნდა უთხრას, როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“, ისე „ქართულ ოცნებას“. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წელს შეცვალა „ნაციონალური მოძრაობის“ რეპრესიული რეჟიმი, მაგრამ ქვეყანა წინ ვერ წაიყვანა. ამიტომ, გია ჟორჟოლიანის თანახმად, მან თავისი მისია ამოწურა და უნდა დათმოს ხელისუფლება:
„ოცნება“ არ იყო მოწოდებული და ვერ მოახერხა წაეყვანა ქვეყანა განვითარების გზით. ეს იყო საპროტესტო მოძრაობა და საპროტესტო მოძრაობადვე დარჩა. დღეს, ხელისუფლებიდან მოსვლიდან თითქმის 8 წლის შემდეგაც, ამ პარტიის ლეგიტიმაცია ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ პროტესტზე დგას.
მხილება, კინკლაობა და დაპირისპირება, სამწუხაროდ, ესაა დღევანდელი პოლიტიკის შინაარსი. თუ გვინდა, ქვეყანა წინ წავიდეს და განვითარების გზას დაადგეს, ეს პროტესტის ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. პოლიტიკური ელიტა უნდა შეიცვალოს, პარტია „ქართული ოცნება“ თავის თავს ვეღარ შეცვლის. ამის რესურსი მას არ გააჩნია“, - აღნიშნა გია ჟორჟოლიანმა.
გია ჟორჟოლიანის შეფასებით, დღეს „ქართული ოცნების“ მისიაა, არ ჩაებღაუჭოს ხელისუფლებას, არ შეუშალოს ხელი ახალ კონსტრუქციულ ჯანსაღ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ინიციატივებს, ძალებს და ჯგუფებს, რომლთაც შეუძლიათ შეცვალონ ქვეყანაში 30 წლის განმავლობაში არსებული მანკიერი წესრიგი.
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება-სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარემ გია ჟორჟოლიანმა და ფრაქციის წევრებმა საპარლამენტო უმრავლესობა გასული წლის თებერვალში დატოვეს.
„სოციალ-დემოკრატების“ გადაწყვეტილება უკავშირდებოდა სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებსა და საგადასახადო პოლიტიკას, რაზე მომზადებული მათი ინიციატივებიც პარლამენტმა არ გაიზიარა.
„სოციალ-დემოკრატების“ წევრთა ნაწილი, მათ შორის, გია ჟორჟოლიანი ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსში“ გადავიდა. შეიქმნა ახალი ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი - სოციალ-დემოკრატები“.