Accessibility links

site logo site logo

CRRC: საბჭოთა კავშირის დაშლა 42%-ს არ მოსწონს


„CRRC-საქართველოს“ კვლევის თანახმად, საბჭოთა კავშირის დაშლასთან დამოკიდებულების მიმართ მოსახლეობის აზრი თანაბრადაა გაყოფილი - 41% მიიჩნევს, რომ ეს კარგი მოვლენა იყო, 42% კი პირიქით ფიქრობს. ამასთან, ახალგაზრდები უფრო მეტად აფასებენ ამ მოვლენას დადებითად, ვიდრე - ხნიერი რესპონდენტები.

საბჭოთა კავშირის დაშლისადმი დადებით დამოკიდებულებას რესპონდენტები დამოუკიდებლობის მოპოვებითა და ეროვნული კულტურის განვითარების შესაძლებლობით ხსნიან. დამოუკიდებლობას, როგორც სსრკ-ის დაშლის მთავარ მიღწევას გამოკითხულთა 82% ასახელებს.

რაც შეეხება უარყოფით დამოკიდებულებას, გამოკითხულთა 64%-ის აზრით, ეს ცუდი იყო, რადგან ამ პროცესს თან ეკონომიკური პრობლემები მოჰყვა, 64% კი სამხედრო კონფლიქტებზე მიუთითებს.

„კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი-საქართველომ“ (CRRC – საქართველო), წარმოადგინა საქართველოს მოსახლეობის შეხედულებათა ტენდენციების კვლევის შედეგები. პრეზენტაცია სახელწოდებით „ცვლილებათა ათწლეული: მოსაზრებები და ღირებულებები საქართველოში, 2009-2019“ ორგანიზაციის მიერ ამ პერიოდში ჩატარებული „კავკასიის ბარომეტრის“ რვა ტალღის მონაცემების საფუძველზეა მომზადებული.

კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 19 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდა. ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. გამოკითხვის საშუალო ცდომილება 2,2 – 2,8%-ის ფარგლებში მერყეობს. გამოიკითხა 2 100 რესპონდენტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG