Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალისა და სოხუმის ახალი მოსკოველი კურატორ(ებ)ი


მარატ ხუსნულინი
მარატ ხუსნულინი

გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის საკითხებს რუსეთის მთავრობაში ეყოლება ახალი კურატორი, ვიცე-პრემიერ მარატ ხუსნულინის სახით, რომელიც ასევე კოორდინირებას გაუწევს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმისა და კალინინგრადის ოლქების ეკონომიკური განვითარების სამუშაოებს.

„რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, მარატ ხუსნულინი, კოორდინირებას უწევს აღმასრულებელი ხელისუფლების ფედერალური ორგანოების მუშაობას და დავალებებს აძლევს მათ შემდეგ საკითხებში: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება“, - ნათქვამია რუსეთის ფედერაციის მთავრობის საიტზე გამოქვეყნებულ ვალდებულებათა ვრცელ ჩამონათვალში.

ოკუპირებულ ტერიტორიებთან ურთიერთობის პოლიტიკური ნაწილი, მათ შორის, „აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მოგვარება“, მანამდე შედიოდა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, ვლადისლავ სურკოვის მოვალეობაში.

იცვლება, თუ არა კრემლის დამოკიდებულება უკრაინისადმი?

მას შემდეგ, რაც იანვრის შუა რიცხვებში რუსეთის მთავრობა მთელი შემადგენლობით გადადგა, გავრცელდა ცნობა ვლადისლავ სურკოვის მიერ თანამდებობის დატოვების და სახელმწიფო სამსახურიდან წასვლის შესახებ, რასაც არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა.

ვლადიმირ პუტინის გავლენიანი თანაშემწის გადადგომის შესახებ ცნობა გაავრცელა ალექსეი ჩესნაკოვმა. სურკოვის მრჩეველმა და მოსკოვის პოლიტიკური კვლევების ცენტრის დირექტორმა 25 იანვარს ტვიტერზე დაწერა, რომ სურკოვი გადადგება "უკრაინასთან დაკავშირებით კურსის ცვლილების" გამოო.

მაგრამ კრემლმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა. "სურკოვის თანამდებობიდან გათავისუფლების განკარგულება არ არსებობს, ამიტომ დე-ფაქტო ის რჩება პრეზიდენტის თანაშემწედ", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა და დასძინა, რომ უკრაინასთან მიმართებითაც არაფერი იცვლებაო.

"რაც ეხება თითქოს პოლიტიკის შეცვლას უკრაინაში არსებულ ვითარებასთან მიმართებით, ამას კავშირი არ აქვს რეალობასთან და მხოლოდ იმ პირის პირადი აზრია, რომელიც ამას ამბობს", - აღნიშნა პესკოვმა.

ამ მხრივ ნიშანდობლივია კიდევ ერთი მაღალჩინოსნის დანიშვნა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში: 24 იანვარს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავისი ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ დანიშნა ყოფილი ვიცე-პრემიერი, დმიტრი კოზაკი, სწორედ მას უწინასწარმეტყველებენ კრემლთან დაახლოებული წყაროები სურკოვის მოვალეობათა ნაწილის შეთავსებას.

დიდი პრობლემა და ცოტა ფული

რაც შეეხება თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კურირებას, თეორიულად თანამშრომლობის ეკონომიკური ბლოკის გაძღოლა მანამდეც ევალებოდა რუსეთის მთავრობას, კერძოდ მის ერთ-ერთ ვიცე-პრემიერს. დმიტრი მედვედევის მთავრობაში ასეთი მოხელე იყო ვიტალი მუტკო, ვიცე-პრემიერი მშენებლობისა და რეგიონული განვითარების საკითხებში.

მაგრამ სინამდვილეში რუსეთის მთავრობის ამ ფუნქციასაც სწორედ პრეზიდენტ პუტინის გავლენიანი თანაშემწე, ვლადისლავ სურკოვი, ასრულებდა. ამის ნათელი დადასტურებაა რუსეთის პრეზიდენტის დე-ფაქტო მოქმედი თანაშემწის ერთ-ერთი ბოლო ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც სურკოვი სწორედ რუსეთის ფინანსური დახმარებით მიმდინარე ობიექტების მშენებლობას გაეცნო.



ამგვარ საკადრო გადაწყვეტილებას ეკონომიკური თვალსაზრისით გაუგებარს უწოდებს რუსი ეკონომისტი ალექსანდ კარაევი, რომელიც მიიჩნევს, რომ გაუგებარია, თუ სინამდვილეში ვინ გააკონტროლებს კონფლიქტური ტერიტორიების ეკონომიკური განვითარებისათვის განკუთვნილ ფინანსურ ნაკადებს.

„ლოგიკურად გასაგები იქნებოდა, დმიტრი კოზაკი რომ ღებულობდეს ყველა იმ ფუნქციას, რაც სურკოვს ეკისრებოდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, არის ადამიანი, რომლის კარიერული ზრდა ორი ათწლეულის განმავლობაში უკავშირდებოდა სადავო, კონფლიქტურ ტერიტორიებს, პოლიტიკურად და ეკონომიკურად რთულად სამართავ რეგიონებს, სადაც ფული ცოტაა, პრობლემები კი - ბევრი. დიახ ასეთ საქმეებში კოზაკი გამოცდილია. მაგრამ აქ ხომ კოზაკზე არ არის საუბარი!“, - ამბობს რუსი ეკონომისტი.

აღსანიშნავია, რომ ვლადისლავ სურკოვს, რომელსაც დასავლეთი მიიჩნევდა რუსეთის მიერ „ყირიმის ანექსიის“ ერთ-ერთ მთავარ არქიტექტორად, აკრძალული აქვს აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა.

სანქციების მიუხედავად, სურკოვი სხვა რუს მოხელეებთან ერთად რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ახლდა „ნორმანდიის ოთხეულის“ ბოლო სამიტზე პარიზში, სადაც, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ, არსენ ავაქოვის თქმით, სურკოვს ნერვებმა უმტყუნეს, როდესაც წამოიჭრა საკითხი უკრაინის მიერ რუსეთთან დამაკავშირებელი საზღვარზე კონტროლის აღდგენის თაობაზე.

რაც შეეხება რუსეთის მთავრობის ყოფილ ვიცე-პრემიერ დმიტრი კოზაკს, ოკუპირებულ დონბასში 2018 წელს ჩატარებული ფსევდოარჩევნების შემდეგ, მან სურკოვთან ერთად რეალური კონტროლი მოიპოვა სეპარატისტული დონეცკის ტერიტორიებზე.

ხსენებული უკანონო არჩევნების კონტექსტში იმხანად გაიჟღერა რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის სახელმაც.

რუსული და უკრაინული გამოცემები წერდნენ, რომ სეპარატისტულ დონეცკში ყველა „საიმპორტო და საექსპორტო ოპერაციას" განახორციელებდა კომპანია „ვნეშტორგსერვისი“, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში აღმოჩნდა დარეგისტრირებული.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG