Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-საქართველოს ურთიერთობის 5 პრიორიტეტი - „ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის“ ანგარიში


ამერიკულმა კვლევითმა ორგანიზაცია „ჰერიტიჯ ფაუნდეიშენმა” გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც 2020 წლისათვის აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობის პრიორიტეტებზეა ლაპარაკი. ორგანიზაციის აზრით, ეს პრიორიტეტებია საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მხარდაჭერა, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების მიღწევა, ქვეყნის ნატოსკენ მისწრაფებების მხარდაჭერა, თავდაცვის სფეროში ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერება და ბიძგის მიცემა ანაკლიის პორტისთვის ახალი ინვესტორის მოსაზიდად.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველო აშშ-სთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, ის მტკიცედ ერთგულია ტრანსატლანტიკურ საზოგადოების მიმართ და სანდო მოკავშირეა ავღანეთსა და ერაყში. ანგარიშის ავტორი,რუსეთისა და ევრაზიის საკითხებში ასისტენტი მკვლევარი ალექსის მრაჩეკი წერს, საბედნიეროდ, საქართველოს ნატოში გაწევრიანების საქმე და აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება წინ მიიწევსო.

ავტორის აზრით, საქართველოს მხარდაჭერის შესანარჩუნებლად, ამერიკამ ყურადღება შემდეგ 5 პრიორიტეტზე უნდა გაამახვილოს.

1. საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მხარდაჭერა

ანგარიშში მოკლედაა მიმოხილული 2019 წლის ივნისიდან საქართველოში არსებული ვითარება, ლაპარაკია საპროტესტო აქციებზე და ნათქვამია, რომ 2020 წლის ოქტომბრის არჩევნების ჩატარებას თავისუფალ და სამართლიან გარემოში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო შეიძლება კიდევ უფრო არასტაბილური პოლიტიკური ვითარებაში აღმოჩნდეს. „საქართველო არის იმედის შუქურა ევრაზიის რეგიონში, რადგან მისი დემოკრატიული ძალისხმევა რადიკალურად განსხვავდება მეზობელ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არსებული ვითარებისგან - ნათქვამია ანგარიშში.

ავტორი წერს , საპროტესტო აქციები საქართველოს დემოკრატიული განვითარების შემადგენელი ნაწილია, თუმცა 2020 წლისთვის უფრო სტაბილური პოლიტიკური სისტემაც სასარგებლო იქნებოდა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ყველაფერი უნდა გააკეთოს საქართველოს დემოკრატიული გეზის და ქვეყანაში მომავალი არჩევნების ჩატარების მხარდასაჭერად თავისუფალ და სამართლიან გარემოშიო.

2. ბიძგის მიცემა საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისთვის.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ბოლო ათწლეულში საქართველომ მიაღწია უდიდეს პროგრესს დასავლეთთან ინტეგრაციისა და ეკონომიკის ლიბერალიზაციის კუთხით.

ავტორი წერს, უკვე წლებია, რაც აშშ განიხილავს საქართველოსთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ხელმოწერის შესაძლებლობას და წელს მისი გაფორმების დრო დადგაო. ეს იქნება ხელშესახები მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, რომელსაც წლების განმავლობაში წვლილი შეაქვს ამერიკულ მისიაში ავღანეთში - ნათქვამია ანგარიშში.

ორგანიზაციის აზრით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შემუშავებისკენ უკვე გადადგმულია ნაბიჯები. უკვე მიმდინარეობს მაღალი დონის სავაჭრო დიალოგი. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მხოლოდ გააღრმავებს ისედაც მტკიცე სავაჭრო ურთიერთობებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის. წელს ეს საკითხი უნდა იქცეს ტრამპის ადმინისტრაციის და კონგრესის პრიორიტეტადო - ნათქვამია ანგარიშში.

3. საქართველოს ნატოსკენ მისწრაფებების მხარდაჭერა.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ნატო-ს წევრი არ არის, ის ალიანსის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია.

ავტორის აზრით, რადგან რუსეთს დღემდე ოკუპირებული აქვს საქართველოს რეგიონები, ნატო-მ მოხერხებულობა უნდა გამოიჩინოს ალიანსში საქართველოს მისაღებად. სანამ რუსეთი ხელს არ აიღებს ოკუპირებული რეგიონების კონტროლზე, ნატო-ს უსაფრთხოების გარანტიები უნდა მიენიჭოს მხოლოდ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს.

საქართველო არის ნატო-ს დაფასებული პარტნიორი და აშშ-მა უნდა წაახალისოს საქართველო ნატო-ს წევრობისკენ მიმავალ გზაზე“, – ნათქვამია ანგარიშში.

4. თავდაცვის სფეროში ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცება.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები თავდაცვის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მტკიცეა ევრაზიის რეგიონში. ავტორი აღწერს საქართველოს მიერ ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში შეტანილ წვლილს და აღნიშნავს, რომ 2008 წლის შემდეგ ამერიკამ 750 მილიონ დოლარზე მეტი გამოუყო საქართველოს სამხედრო დახმარების სახით.

საქართველოსთან და მის შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობის კუთხით, აშშ სწორ გზაზე დგას და ახლა აუცილებელია თავდაცვის სფეროში ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განმტკიცება – ნათქვამია „ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის“ ანგარიშში.

5. ბიძგის მიცემა ანაკლიის პორტისთვის ახალი ინვესტორის მოსაზიდად

ანაკლიის პორტთან დაკავშირებული ვითარება ანგარიშში ასეა დახასიათებული: პორტი 2021 წლისთვის უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა 2019 წლის ბოლომდე ვერ შეძლო რამდენიმე ვალდებულების შესრულება. ამის გამო საქართველო მთავრობამ დროებით უარი თქვა პროექტზე, ვიდრე ახალ ინვესტორს არ იპოვისო.

აშშ უნდა დაეხმაროს საქართველოს ახალი ინვესტორის მოძებნაში - ნათქვამია ანგარიშში - საქართველოს სჭირდება ეს პორტი, რომელიც აითვისებს ქვეყნის გამოუყენებელი ლოგისტიკური პოტენციალის დიდ ნაწილს და კიდევ უფრო კარგად წარმოაჩენს საქართველოს მსოფლიო რუკაზე. ეს კი დიდად დაეხმარება ქვეყანას, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით.კონგრესმა და ადმინისტრაციამ უნდა წაახალისონ და მოუწოდონ საქართველოს, იპოვოს ახალი ინვესტორი ანაკლიის პორტისთვის, განაახლოს პროექტის განხორციელება და ბოლომდე მიიყვანოს ის - ნათქვამია „ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

XS
SM
MD
LG