Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მხარი არ დაუჭიროთ ირაკლი შოთაძის კანდიდატურას" - "ადამიანის უფლებათა ცენტრის" აქცია პროკურატურასთან


საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ აქცია-პერფორმანსი გამართა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მოითხოვს, საპროკურორო საბჭომ მხარი არ დაუჭიროს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარდგენილ ირაკლი შოთაძის კანდიდატურას.

„ამ ადამიანს არ აქვს უფლება, უხელმძღვანელოს სწორედ იმ პროკურატურას, რომელშიც მისი ხელმძღვანელობის დროს გამოვლინდა არაერთი მანკიერი მხარე და ჩვენ ეს ვიხილეთ ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით. არც ჩვენ და არც საზოგადოებას არა აქვს შესაძლებლობა, დავუსვათ შეკითხვა და ამიტომ მინდა საჯაროდ გავახმაუროთ ის კითხვა, რაც გვაქვს შოთაძესთან. იმ შემთხვევაში თუ პროკურატურას მოუწევს სამოხელეო დანაშაულზე მუშაობა, საინტერესოა, რა პოზიცია ექნება ირაკლი შოთაძეს ამასთან დაკავშირებით, რომელიც მთავარ ფიგურად წარმოგვიდგება სწორედ ამ სამოხელეო საქმეში“, - განაცხადა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტმა ნესტან ლონდარიძემ.

გენერალურ პროკურატურაში საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატთან, ირაკლი შოთაძესთან გასაუბრებას მართვას.

საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე იმ 16 კანდიდატს შორისაა, რომლებიც საპროკურორო საბჭოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე განსახილველად წარუდგინეს.

ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის კანდიდატად დარეგისტრირების განაცხადით საბჭოს „საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“ მიმართა.

ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორის თანამდებობიდან 2018 წლის 31 მაისს გადადგა. ამ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხთვიანი პროცესის შემდეგ ხორავას ქუჩის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილებით უცნობი დარჩა, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე. განაჩენის გამოცხადების შემდეგ, თბილისში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ხალხმრავალი საპორტესტო აქციები დაიწყო.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საპროკურორო საბჭო შერჩეულ კანდიდატს საქართველოს პარლამენტს წარუდგენს, პარლამენტი კი უმრავლესობით ირჩევს საქართველოს გენერალურ პროკურორს.

საქართველოს გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადაა 6 წელი. ერთი და იგივე პირი გენერალურ პროკურორად არ შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ ორჯერ.

გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პარლამენტმა შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩია.

XS
SM
MD
LG