„თავდაპირველი დარღვევები იყო ის, რომ დამკვირვებლებს საარჩევნო უბნების მონახულების პრობლემა ჰქონდათ. ისინი ძლიერი წნეხის ქვეშ არიან. მათ არ აძლევდნენ უფლებას, ესაუბრათ და დაესვათ კითხვები. იძულებულნი არიან ისხდნენ თავიანთ ადგილებზე და არ იმოძრაონ“, - ამბობს აკიფ გურბანოვი, დემოკრატიული ინიციატივების ინსტიტუტის ხელმძღვანელი (IIT)
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოებს საარჩევნო პროცესის დარღვევების შესახებ რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახური ავრცელებს.
ვრცელდება ვიდეოც, სადაც საარჩევნო ბიულეტენი მმართველი პარტია „ახალი აზერბაიჯანის“ სასარგებლოდ იყო წინასწარ მონიშნული.
გარკვეულ უბნებზე დარღვევების შესახებ დასმულ კითხვებზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელმა შაჰინ ასადლიმ თქვა, რომ თითოეული შემთხვევა იქნება გამოძიებული და შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული.
შეგახსენებთ, რომ 125-ადგილიან პარლამენტში მოსახვედრად 1300-ზე მეტი კანდიდატი იბრძვის.
აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 39,23% შეადგინა.
აზერბაიჯანში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე დაიწყო. არჩევნები 5573 საარჩევნო უბანზე ტარდება. ქვეყანაში დარეგისტრირებულია 5.3 მილიონი ამომრჩეველი. საკუთარი არჩევანი დააფიქსირა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა. არჩევნებს აკვირდება 77 ათასი ადგილობრივი და 850-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი.
წინასწარი შედეგები 10 თებერვლისთვისაა მოსალოდნელი.