Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის ელჩი: იმედია, საქართველო მალე გააუქმებს დროებით შეზღუდვებს


ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ლი იენი იმედოვნებს, რომ პნევმონიის გამომწვევი ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, ქვეყნების მიერ დაწესებული შეზღუდვები, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების ჩარჩოში მოექცევა.

დღეს საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე ელჩი საქართველოს მიერ დაწესებულ შეზღუდვებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ იმედია, საქართველო მათ მალე გააუქმებს.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს მხრიდან არ არის საჭირო ზედმეტი ნერვიულობა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ცხადყო, რომ ჩინეთზე სამოგზაურო და სავაჭრო შეზღუდვები არ არის რეკომენდებული. ვიმედოვნებთ, რომ საქართველო გააუქმებს ამ დროებით ზომებს რაც შეიძლება მალე, ჩინეთსა და საქართველოს შორის ჩვეული მიმოსვლის და მიმდინარე პროექტების შეუფერხებელი წინსვლის უზრუნველსაყოფად, რათა ერთობლივად შევუწყოთ ხელი ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების უწყვეტ და ჯანსაღ განვითარებას და სხვადასხვა სფეროში პრაქტიკულ თანამშრომლობას“, - განაცხადა ელჩმა ლი იენმა.

საქართველომ ახალი კორონავირუსის თავიდან არიდების მიზნით, ჩინეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა დროებით შეაჩერა. ასევე, აიკრძალა ჩინეთიდან საქართველოში ცოცხალი ცხოველების, კერძოდ, დეკორატიული კუებისა და თევზების იმპორტი.

ჩინეთის ოფიციალური მონაცემებით, 10 თებერვალს ქვეყანაში 908-ს მიაღწია პნევმონიის გამომწვევი კორონავირუსით 2019-nCoV გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა. დღემდე ერთი ადამიანია გარდაცვლილი ჰონკონგში, რომელსაც ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული რაიონის სტატუსი აქვს და ერთი - ფილიპინებზე.

ახალი სახეობის ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა გადააჭარბა 2002-2003 წლებში, კორონავირუსით SARS გარდაცვლილთა რაოდენობას. ამ ვირუსმა 800-მდე ადამიანი იმსხვერპლა.

ოფიციალური ინფორმაციით, ჩინეთის ტერიტორიაზე 2019-nCoV-ით დაავადებულია 40171 ადამიანი. საავადმყოფოებში მკურნალობს დაახლოებით 36 ათასი. მათგან 6 500-ის მდგომარეობა მძიმეა. კლინიკებიდან გაწერეს 3 300 ადამიანი.

ჩინეთის საზღვრებს გარეთ კორონავირუსით დაავადების შემთხვევებია 25-მდე ქვეყანაში.

პნევმონიის გამომწვევი კორონავირუსის 2019-nCoV გავრცელება დეკემბრიდან დაიწყო ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანიდან. გარდაცვალების შემთხვევების უმრავლესობა ამ პროვინციაში დაფიქსირდა.

ახალი სახეობის კორონავირუსის გავრცელების გამო, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას საგანგებო მდგომარეობა აქვს გამოცხადებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG