Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვანო მერაბიშვილი: „ორი გვამის ამბავი", რა თქმა უნდა, არის კონტექსტიდან ამოგდებული


ციხიდან გამოსვლის შემდეგ „მთავარი არხის“ ეთერში ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განმარტა, საკუთარი სიტყვები, რომელიც ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში ისმის („ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, პრემია დიდი“.

„ორი გვამის ამბავი, რა თქმა უნდა, არის კონტექსტიდან ამოგდებული. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც იყო ამბოხება მუხროვანში. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ გენშტაბის ორი რუსი წარმომადგენელი ხელმძღვანელობდა ამ ამბოხებას, ქართველ ოფიცრებთან ერთად. მეამბოხეებმა გაქცევის წინ მტკიცებულება მოიცილეს. სადღაც ჩაკეტილ კაბინეტში ხო არ ვსაუბრობდით, ღიად, სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლებს დავუტოვე... ეპოვათ ეს მტკიცებულება. ეს [ვიდეო] არის ამოღებული კონტექსტიდან. მე საკანში ვიყავი, პასუხის გაცემის საშუალება არ მქონდა და ისინი ამას იმეორებდნენ“, - განმარტავს მერაბიშვილი.

„ორი გვამის“ თემაზე ვანო მერაბიშვილმა სასამართლო პროცესის მსვლელობისას 2014 წლის 30 იანვარსაც ილაპარაკა. მან თქვა, რომ „ორ გვამში” ის რუს აგენტებს გულისხმობდა: „მუხროვანის აჯანყებაში მონაწილეობდა, გარდა ჩვენთვის საკმაოდ კარგად ცნობილი ადამიანებისა, რომლებიც, ჩემი ინფორმაციით, სწორედ რუსეთის დავალებით მოქმედებდნენ, ჩვენი ინფორმაციით, მონაწილეობდა კიდევ ორი რუსი მრჩეველი და, ჩვენი ინფორმაციით, კვალის დაფარვის მიზნით, შეთქმულების ორგანიზატორებმა მოახდინეს მათი ლიკვიდაცია. ამ ჩანაწერში ჩანს, რომ მე ვიძლევი ბრძანებას ამ ორი ადამიანის გვამის პოვნის შესახებ. ეს იყო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა დაგვემტკიცებინა კავშირი ამ აჯანყებასა და რუსეთს შორის”.

ვანო მერაბიშვილმა 20 თებერვალს დატოვა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მეცხრე დაწესებულება (ე.წ. მატროსოვის ციხე), სადაც 6 წელი და 9 თვე გაატარა.

მერაბიშვილი 2013 წლის 21 მაისს დააკავეს საბიუჯეტო სახსრების მითვისება-გაფლანგვისა (უმუშევართა აღრიცხვის და დასაქმების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების დროს 5,2 მლნ ლარის გაფლანგვა; კვარიათში საცხოვრებელი სახლის მითვისება) და ამომრჩევლის მოსყიდვის (2012 წელს დასაქმების სახელმწიფო პროგრამა) ბრალდებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG