პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტს, დერეკ მიტჩელს შეხვდა.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესცენტრის ცნობით, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს.
NDI-ის პრეზიდენტი დერეკ მიტჩელი საქართველოს 23 თებერვალს ესტუმრა და ოფიციალურ შეხვედრებს 3 დღის განმავლობაში გამართავს. 24 თებერვალს დილით იგი უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას. შეხვედრები გაიმართება ასევე პრეზიდენტთან, მმართველი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებთან, ელჩებთან, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და სხვებთან.
დერეკ მიტჩელი NDI-ის პრეზიდენტის მოვალეობას 2018 წლის 4 სექტემბრიდან შეუდგა. საქართველოში იგი პირველად იმყოფება. საქართველოდან დერეკ მიტჩელი სომხეთში გაემგზავრება.
ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოში საქმიანობას ხშირად აკრიტიკებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები. ავტორიტეტიანი ორგანიზაცია ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მწვავედ გააკრიტიკა პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმაც. ივანიშვილის პრეტენზიები NDI-ისა და IRI-ის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგებს უკავშირდებოდა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამავე ინტერვიუში არ გამორიცხავდა, რომ წერილი მიეწერა თავად პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის.