დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე სკოლებს სწავლის შეწყვეტის ნაცვლად ონლაინგაკვეთილების ჩატარებას ურჩევს. მისი თქმით, მსგავსი გამოცდილება მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს აქვთ.
"სწავლა და განათლება არის ჩვენთვის მთავარი. ნუ შევწყვეტთ ამას და გადავიდეთ, თუ შესაძლებელია, ონლაინ, ვირტუალურ გაკვეთილებზე", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
2 მარტის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული კორონავირუსით ინფიცირების სამი შემთხვევაა. საქართველოში კარანტინში 97 ადამიანია, (ჯანდაცვის მინისტრი 120-ს ასახელებს ) მათგან 40 სამედიცინო დაწესებულებებშია. გარდა ამისა, ლუგარის ლაბორატორიაში თბილისიდან, გორიდან და ქუთაისიდან გადასამოწმებლად სულ 14 სინჯია გადაგზავნილი.
საქართველოში კორონავირუსის სამივე შემთხვევა ბოლო რამდენიმე დღის წინ გამოვლინდა. სამივე საქართველოს მოქალაქეა. პირველი 50 წლამდე მამაკაცია, რომელიც ქვეყანაში ირანიდან შემოვიდა. მეორე 31 წლის ქალია, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრინდა. მესამე ინფიცირებული კი მამაკაცია, რომელიც მანამდე ირანში იმყოფებოდა.