Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას სთავაზობენ საელჩოები გადადებული რეისების შედეგად უცხოეთში დარჩენილ ქართველებს?


COVID 19-ის პანდემიის გამო ჩაკეტილი საზღვრებისა და გაუქმებული საჰაერო რეისების შედეგად ევროპის არაერთ ქვეყანაში ჩარჩნენ საქართველოს მოქალაქეები, საიდანაც ისინი უკან დაბრუნებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.

მათი ნაწილი აცხადებს, რომ მათ არ შეუძლიათ საკუთარი სახსრებით იყიდონ ბილეთი და დახმარებას საქართველოს ხელისუფლებას სთხოვენ. უკვე მესამე დღეა ამ მდგომარეობაში არიან პოლონეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობენ, რომ საელჩო მათ კონკრეტულ დახმარებას ვერ სთავაზობს.

რა ევალებათ და რა რესურსი გააჩნიათ საქართველოს საელჩოებს სხვადასხვა ქვეყანაში და უნდა ჰქონდეთ თუ არა უცხო ქვეყნებში იძულებით დარჩენილ ქართველებს ფინანსური დახმარების ან ტრანსპორტირებით უზრუნველყოფის იმედი?

რა ელით პოლონეთში დარჩენილებს?

რადიო თავისუფლებამ ამ საკითხზე რამდენიმე შეკითხვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრის წარმომადგენელს, ვლადიმერ კონსტანტინიდს.

მან გვითხრა, რომ საელჩოებს ევალებათ და აქტიურად მუშაობენ სხვა ქვეყნებში წასული საქართველოს მოქალაქეების იდენტიფიცირებაზე. ასეთი ძალიან ბევრი ადამიანია, რომელთაგან ყველა საელჩოსთან კონტაქტზე არ გადის. მათ, როგორც წესი, მოუწოდებენ უცხო ქვეყანაში ჩასვლისთანავე დადგნენ აღიცხვაზე საელჩოში, რომ სწორედ ისეთ ვითარებაში, როგორიც ახლაა შექმნილი, მათი მოძებნა და დახმარება ადვილად შეძლონ.

რა იგულისხმება დახმარებაში?

ვლადიმერ კონსტანტინიდი განმარტავს, რომ საელჩოები საქართველოს მოაქალაქეებს უწყვეტ რეჟიმში უზიარებენ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ დაბრუნების რა გზები არსებობს დღეს. რომელი ქალაქებიდან, რა მარშრუტებით შესაძლებელია საქართველოში გამოფრენა.

მისი თქმით, ასე იყო პოლონეთის შემთხვევაშიც - იქაურობა უკვე დატოვა საქართველოს მოქალაქეების დიდმა ნაწილმა. დარჩნენ ისინი, ვისაც იმედი ჰქონდა, რომ საგანგებო მდგომარეობა შედარებით შერბილდებოდა და რეისებიც აღდგებოდა. თუმცა, როგორც ვლადიმერ კონსტანტინიდი გვეუბნება, მათ პირველივე დღეებიდან ურჩევდნენ, რომ დროულად მიეღოთ გადაწყვეტილება, დაბრუნდებოდნენ თუ არა სამშობლოში.

„ჩვენ მათ პირველივე დღიდან ვაძლევდით რჩევებს და ვაფრთხილებდით, რომ ამ ვითარებაში მოსალოდნელი იყო ფრენების შეჩერება. როგორც იცით, არათუ ფრენები შეიზღუდა, ქვეყნებმა საზღვრებიც ჩაკეტეს. პოლონეთში რაც ჩვენ შევძელით მოლაპარაკებებით, არის ის, რომ კომერციული რეისები ჯერ კიდევ დაფრინავს - დღეს საღამოსაც გამოფრინდება ერთი თვითმფრინავი, ხოლო ბილეთის ფასი, ასევე ჩვენი მოლაპარაკებების შედეგად, არის არა კომერციული, არამედ, ფაქტობრივად, თვითღირებულების ტოლფასი“.

საგარეო უწყების ცნობით, საელჩოებს არა აქვთ იმდენი რესურსი, რომ ყველას უყიდონ სამშობლოში დასაბრუნებელი ბილეთი. ამ ხარჯის გაწევა მათ თავად მოუწევთ.

არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, თუმცა მათ შესახებ საქართველოს მოქალაქეებმა უნდა აცნობონ საელჩოს ცხელ ხაზს. მასიური სახე ამ ტიპის ქმედებას ვერ ექნება - უთხრა რადიო თავისუფლებას ვლადიმერ კონსტანტინიდიმ:

"უკან დასაბრუნებელი ბილეთი საქართველოს მოქალაქეებმა თავად უნდა შეიძინონ. ჩვენ კი მათ გადაადგილების ალტერნატიულ მარშრუტებზე მივაწვდით ინფორმაციას"

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG