Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

COVID-19 და იბუპროფენი - უნდა გვეშინოდეს, თუ არა?


ადამიანებმა, რომლებიც ეჭვობენ, რომ ახალი კორონავირუსის სიმპტომები აქვთ, თავი უნდა შეიკავონ იბუპროფენის მიღებისგან - განაცხადა 18 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა კრისტიან ლინდმაიერმა. ჯანმოს გაფრთხილება, იბუპროფენის გარდა, შეეხება ყველა სახის არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებას.

იბუპროფენი პოპულარული სიცხის დამწევი, ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატია. ის აფთიაქებში სხვადასხვა ბრენდული სახელწოდებებით გვხვდება - მათ შორის „ნუროფენის“ და „ადვილის“ სახელებით.

ჯანმომდე მსგავსი გაფრთხილება დაწერა „ტვიტერზე“ საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა ოლივიე ვერანმაც.

რას ამბობს ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაში ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ

1 - გაფრთხილება შეეხება COVID-19-ის თვითმკურნალობას და არა ზოგადად იბუპროფენის მიღებას

2 - საბოლოო სიტყვა მაინც მკურნალ ექიმს ეკუთვნის და

3 - კვლევები ჯერაც მიმდინარეობს და გადაჭრით დღეს ვერავინ ვერაფერს ამბობს.

იბუპროფენი აქტუალური გავლენიან სამედიცინო ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ გახდა, რომლის ავტორებიც ვარაუდობენ, რომ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო ნებისმიერმა საშუალებამ (მათ შორის იბუპროფენმა), შეიძლება COVID-19-ის ინფექციის გაუარესება გამოიწვიოს.

სტატიის ავტორების დასკვნები ყურად იღო ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნულმა სამსახურმაც (NHS), რომელიც მანამდე რეკომენდაციას უწევდა პარაცეტამოლსაც და იბუპროფენსაც, თუმცა შემდეგ საიტზე ასეთი რამ დაწერა: „მართალია, დღეს არ არსებობს ძლიერი მტკიცებულება, რომ იბუპროფენს შეუძლია კორონავირუსის გაუარესება, მეტი ინფორმაციის მიღებამდე კორონავირუსის სიმპტომების სამკურნალოდ პარაცეტამოლს გირჩევთ - გარდა იმ შემთხვევისა, თუ ექიმმა პარაცეტამოლი თქვენთვის შეუფერებლად არ მიიჩნია“.

იბუპროფენი და ყალბი ახალი ამბები

BBC-ის ცნობით, ბოლო დღეებში სოციალურ ქსლებში არაერთი ყალბი ინფორმაცია ვრცელდებოდა იბუპროფენთან დაკავშირებით. „ინსტაგრამსა“ და „უოთსაფზე“ იგზავნებდა ყალბი ცნობები, სადაც ნათქვამი იყო, რომ იტალიასა და საფრანგეთში კორონავირუსით დაავადებული ახალგაზრდების მდგომარეობა უარესდებოდა, რადგან მათ მანამდე იბუპროფენი მიიღესო.

ყველა ეს ცნობა ყალბია - ამბობს BBC-ის ფაქტების გადამმოწმებელი გუნდი. „არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება, რომ სხვა მხრივ ჯანსაღი 25 წლის ადამიანი კორონავირუსის მკურნალობისას იბუპროფენის მიღებით თავს დამატებით საფრთხეში იგდებდესო“ - უთხრა გამოცემას რედინგის უნივერსიტეტის პროფესორმა პარასტუ დონიაიმ.

რას ამბობს კვლევები

არც არაფერს.

კავშირი იბუპროფენსა და კორონავირუსის სიმპტომების გაუარესებას შორის არავის გამოუკვლევია და ნებისმიერი განცხადება ამასთან დაკავშირებით მხოლოდ დაუსაბუთებელ ვარაუდებს ეყრდნობაო - წერს „ნიუ იორკ ტაიმსი“.

„ეგ სულ დაუსაბუთებელი ამბებია და ამ ამბების შედეგად გავრცელებული ყალბი ამბები. აი, ეგეთ სამყაროში ვცხოვრობთ ახლა“ - უთხრა გამოცემას პენსილვანიის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, დოქტორმა გარეტ ფიცჯერალდმა.

თუმცა, წერს BBC, მართალია კორონავირუსთან დაკავშირებით კვლევა არ ჩატარებულა, მაგრამ არსებობს მანამდე, სხვა დაავადებებთან დაკავშრებითჩატარებული არაერთი კვლევა, რომლის მიხედვითაც იბუპროფენის გამოყენებამ სასუნთქი გზების ინფექციისას შესაძლოა ავადმყოფობის გაუარესება ან სხვა სახის გართულება გამოიწვიოს

აბა, რა ვქნათ?

პირველ რიგში, ჯანმოს რეკომენდაციაც და ექიმების სკეპსისიც შეეხება კორონავირუსის მკურნალობას იბუპროფენით.

ვინც COVID-19-ს არ თვითმკურნალობს, მან ზოგადი გვერდითი ეფექტები უნდა გაითვალისწინოს იბუპროფენისაც და პარაცეტამოლისაც და რჩევა თავის ექიმს ჰკითხოს.

რადგან, როგორც „ნიუ იორკ ტაიმსი“ წერს, სპეციალისტების უმეტესობა შედარებით დაბალი სიცხის დაგდებას არც იბუპროფენით და არც პარაცეტამოლით გირჩევთ. სიცხის დაწევამ შეიძლება პაციენტს თავი უფრო კომფორტულად აგრძნობინოს, მაგრამ ამით შეასუსტოს სხეულის მთავარი დამცავი მექანიზმი ინფექციის წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG