კორონავირუსის COVID-19 გავრცელების გამო, 27 მარტს, დღის ბოლოს დაიკეტება უკრაინის სახელმწიფო საზღვარი. შეწყდება უცხოეთის ქვეყნებთან სამგზავრო მიმოსვლა.
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის მოქალაქეებზე, რომლებიც სამშობლოში დაბრუნებას ვერ მოასწრებენ, საელჩოები და დიასპორები იზრუნებენ.
„ჩვენ აღმოვჩნდით რთული არჩევანის წინაშე საზღვარგარეთ მყოფ უკრაინელებსა და ქვეყნის 40 მილიონი მოქალაქის უსაფრთხოებას შორის. ჩვენი, როგორც სახელმწიფოს ვალდებულებაა, ვიზრუნოთ თითოეულ უკრაინელზე“, - განაცხადა ზელენსკიმ 26 მარტს, მოსახლეობისადმი ტელემიმართვისას.
პრეზიდენტის თქმით, მან უკრაინელებს სამშობლოში სწრაფად დაბრუნებისკენ ჯერ კიდევ ორი კვირის წინ მოუწოდა, უმრავლესობა დამოუკიდებლად დაბრუნდა, 80 ათასზე მეტი მოქალაქე კი, სახელმწიფოს დახმარებით დააბრუნეს. ზელენსკის განცხადებით, უცხოეთში დარჩენილ მოქალაქეებს ეტაპობრივად დააბრუნებენ, სხვადასხვა ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის და უკრაინის ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნის გათვალისწინებით.
27 მარტის 8:30 საათის მდგომარეობით, უკრაინაში COVID-19-ით დაავადდა სულ 196 ადამიანი, 5 გარდაიცვალა. ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია მხოლოდ ერთი.