საქართველოს ამომრჩევლების მონაცემების ე.წ. ჰაკერულად გავრცელების ფაქტზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამოქვეყნებული მონაცემები რადიკალურად განსხვავდება საარჩევნო ადმინისტრაციის პორტალზე განთავსებული ამომრჩეველთა სიის მონაცემებისგან. მათ შორის, ჰაკერულ საიტზე განთავსებული პირადი ნომრები და მისამართები არ ემთხვევა ცესკოს ამომრჩეველთა ბაზის მონაცემებს. ამას გარდა, ცენტრალური საარჩევნო კომისია მიუთითებს, რომ ამ ეტაპისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არ გამოვლენილა კიბერინციდენტი.
„მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით - ჰაკერების მიერ 4,9 მილიონზე მეტი ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების თაობაზე, ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ გამოქვეყნებული მონაცემები, რადიკალურად განსხვავდება საარჩევნო ადმინისტრაციის პორტალზე განთავსებული ამომრჩეველთა სიის მონაცემებისგან.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პორტალზე დაახლოებით 3,5 მილიონი ამომრჩევლის შესახებ არის ინფორმაცია მოცემული, რომელშიც ცხადია არ შედის ინფორმაცია გარდაცვლილთა შესახებ; ამასთან, ცესკოს, ამომრჩეველთა სიის ფორმირების მიზნებისთვის, არ გადმოეცემა და შესაბამისად ამომრჩეველთა მონაცემების ბაზაში არც ფლობს ინფორმაციას ამომრჩევლის მამის სახელის, ტელეფონის ნომრისა თუ პირადობის მოწმობის ნომრის შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვაცხადებთ, რომ ჰაკერულ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომელსაც ცესკო არ ამუშავებს და ამასთან, მონაცემთა ბაზა, როგორც მონაცემებით ისე ფორმატით და ბაზის სტრუქტურით განსხვავდება საარჩევნო ადმინისტრაციის ხელთ არსებული ინფორმაციისგან”, - აღნიშნულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაში
მონაცემთა დაცულობაზე მონიტორინგის ჯგუფმა Under the Breach, რომელიც კიბერდანაშაულის საკითხებს იკვლევს, გაავრცელა ინფორმაცია საქართველოს ამომრჩეველთა სიის მონაცემების ინტერნეტში გაჟონვის შესახებ.
Under the Breach-ზე დაყრდნობით, ZDNet წერს, რომ „გასულ შაბათს ჰაკერულ ფორუმზე გამოქვეყნდა 4,9 მილიონი ამომრჩევლის (გარდაცვლილების ჩათვლით) შესახებ მონაცემები. ინტერნეტში გაზიარდა 1,04 გიგაბაიტი მაიკროსოფტის მონაცემთა ბაზის (MDB) ფაილი.
მონაცემთა ბაზა შეიცავს 4934863 ჩანაწერს, მაგრამ არ არის განახლებული, რადგან მასში არის მილიონობით გარდაცვლილ პირთა შესახებ მონაცემები“.
ZDNet-ის თანახმად, გაურკვეველია, ჰაკერული ფორუმის მომხმარებელმა მხოლოდ გააზიარა ინფორმაცია, თუ მანვე მოიპოვა. მომხმარებლისავე განცხადებით, ეს მონაცემები საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ეკუთვნის.
საქართველოს შსს აცხადებს: რომ „ინფორმაცია, რომელიც უცხოურ პრესაში გავრცელდა, ცნობილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. მიმდინარეობს საკითხის დეტალური შესწავლა და უახლოეს პერიოდში გაკეთდება დამატებითი განმარტებები“.