Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა მილიონს გადააჭარბა - რა არ უნდა გამოგრჩეს 3 აპრილს


საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 17-ით გაიზარდა

დადასტურებული შემთხვევა - 134

კარანტინში - 5550

სტაციონარში - 281

გამოჯანმრთელებული - 26

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ერთ დღეში 17-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

საქართველოს ეროვნული ბანკი იტყობინება, რომ ჩატარებული კვლევების შედეგად ახალი კორონავირუსი მის 7 თანამშრომელს დაუდასტურდა.

COVID-19 ის დამახასიათებელი სიმპტომები ერთი კვირის წინ ბანკის ერთ-ერთ თანამშრომელს გამოუვლინდა, რის შემდეგაც მოხდა მისი და მასთან შემხებლობაში მყოფი პირების თვითიზოლაცია. ახლა ინფიცირებულები სტაციონარში მკურნალობენ.

ვირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებოდან დღემდე კი ინფიცირებულთა რაოდენობა ასე იცვლებოდა:

მსოფლიოში კი ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ უკვე მილიონს გადააჭარბა. კორონავირუსით გარდაიცვალა 51 00-ზე მეტი პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 210 200. ახლა ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ ადგილზეა აშშ, შემდეგ იტალია და ესპანეთი.

კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულია თითქმის ყველა სფერო, მათ შორის, ინფორმაციული ტექნოლოგიები. საქართველო კი შესაძლოა მალე იმ ქვეყნებს შორის აღმიჩნდეს, სადაც კორონავირუსთან ბრძოლაში ქვეყნის მოქალაქეების ციფრული თვალყურის დევნების გზასაც გამოიყენებენ.

ეს ნიშნავს, რომ მობილური ტელეფონებისთვის შეიქმნება სპეციალური აპლიკაცია, რომელიც მოქალაქეებს იმ შემთხვევაში გააფრთხილებს, თუ ისინი დაინფიცირებულ პირთან ახლოს აღმოჩნდებიან.

წაიკითხე მეტი.

ნატოს მინისტერიალმა მხარი დაუჭირა საქართველოსა და უკრაინისათვის დახმარების ახალ პაკეტს

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა 2 აპრილს მხარი დაუჭირეს საქართველოსა და უკრაინისათვის დახმარების ახალ პაკეტს, რომელმაც უნდა გააძლიეროს ამ ქვეყნების თავდაცვითუნარიანობა და ალიანსთან თავსებადობა. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა 2 აპრილს განაცხადა, ალიანსის ისტორიაში პირველად ვიდოეკონფერენციის ფორმატში გამართული მინისტერიალის დასრულების შემდეგ.

დახმარება, იენს სტოლტენბერგის თქმით, გულისხმობს წვრთნების ჩატარებას შავი ზღვის რეგიონში, რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ნატოსთვის. ასევე უფრო მეტ საგანმანათლებლო და პრაქტიკულ ვარჯიშებს უკვე არსებული პროგრამების ფარგლებში.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, უფრო გავაღრმაოთ საქართველოსა და უკრაინასთან ჩვენი პარტნიორობა, მათ შორის, შავი ზღვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში წვრთნების საშუალებით, შემდეგ კიდევ ერთობლივი საქმიანობით კიბერსაფრთხეების წინააღმდეგ და, ასევე, საჰაერო სივრცეში მომხდარ გადაადგილებებზე, რადიოლოკაციურ მონაცემთა გაცვლით, რათა ცა გავხადოთ ყველასათვის უსაფრთხო“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამართულ ვირტუალურ პრესკონფერენციაზე, რომელზეც კრონავირუსის გამო თვითიზოლაციაში მყოფი ჟურნალისტები სხვადასხვა ქვეყნიდან ინტერნეტით უსვამდნენ შეკითხვებს ნატოს გენერალურ მდივანს.

წაიკითხე მეტი.

დღეს ვარშავიდან და ბერლინიდან თბილისში საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდებიან

დღეს საქართველოში ჩამოვლენ მოქალაქეები ვარშავიდან და ბერლინიდან. ვარშავიდან რეისს პოლონეთის ავიახაზები შეასრულებს, ხოლო ბერლინიდან Georgian Airways.

საკოორდინაციო საბჭომ კიდევ ორი ახალი მიმართულება დაამატა მომდევნო დღეების განრიგს. 12 აპრილს ისევ ბერლინი-თბილისის რეისი შესრულდება, ხოლო 14 აპრილს - ამსტერდამი-თბილისი.

ყველა მგზავრი, რომელიც საქართველოში ჩამოვა, 14 დღეს კარანტინში გაატარებს, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული ფრენების გრაფიკი სრულად ასე გამოიყურება:

გიორგი გახარია და მისი მოადგილეები ამბობენ, რომ რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუციათ

სახალხო დამცველი ყოველწლიურ, საპარლამენტო ანგარიშთან ერთად აქვეყნებს სპეციალურ ანგარიშს, რომელიც სრულად ეძღვნება 20-21 ივნისის აქციის დარბევას და გამოძიებას, რომელიც სამართალდამცველთა მხრიდან ძალის გადამეტების შესაძლო შემთხვევებს ეხება. ამ გამოძიების ფარგლებში ბრალი წარუდგინეს 3 სამართალდამცველს.

სპეციალური ანგარიშის მიხედვით, გამოძიების ფარგლებში დაკითხვისას, მაშინდელი შს მინისტრი, გიორგი გახარია და მისი მოადგილეები ადასტურებენ იმას, რომ გასცეს ცრემლსადენი გაზის ჭურვებისა და წყლის ჭავლის გამოყენების ბრძანება, თუმცა ამბობენ, რომ რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება მათ არ გაუციათ. იმას, რომ რეზინის ტყვიები შესაბამისი ბრძანების გარეშე გამოიყენეს, ჩვენებებში აღნიშნავენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეთოფეებიც.

სახალხო დამცველი სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის მიმართ, ვინაიდან, როგორც ანგარიშშია ნათქვამი, მისი სამართლებრივი ვალდებულება იყო, აღეკვეთა უშუალოდ მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების კანონსაწინააღმდეგო ქმედებები (სპეციალური საშუალების არაპროპორციული გამოყენება) და, როგორც საქმის მასალებიდან გამოიკვეთა, მას ჰქონდა ამგვარი მოქმედების შესაძლებლობა. ასევე, საქმეში ამ ეტაპისთვის მოპოვებული მასალებით დასტურდება, რომ მას რამდენჯერმე ჰქონდა მიღებული პირდაპირი ბრძანება, არ გამოეყენებინა რეზინის ტყვიები.

წაიკითხე მეტი.

ტიტები, რომლებმაც მომხმარებლამდე ვერ მიაღწია, ნაკვეთში ჭკნება

გურჯაანში, სოფელ კოლაგში მცხოვრები 63 წლის კაკო ჯეირანაშვილი ახლა, წესით, თბილისში, ნავთლუღის ბაზარში უნდა იყოს და საკუთარი ხელით მოყვანილ ტიტებს ყიდდეს, თუმცა, COVID-19-ის პანდემიის გამო საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის, კარანტინისა და სხვა შეზღუდვების მიზეზით, ნავთლუღის ყვავილების განყოფილება არ მუშაობს. შესაბამისად, კაკოც კახეთშია და ყოველდღე უყურებს, თუ როგორ ჭკნება მის ეზოში 5 000-ზე მეტი წითელი ტიტა.

როგორც გურჯაანელი მეყვავილე გვეუბნება, ადრეულ გაზაფხულზე შემოსავლები განსაკუთრებით ჭირს, რადგან ამ დროს სოფლებში მცხოვრებ ოჯახებს გასაყიდი თითქმის არაფერი აქვთ. სწორედ ამიტომ დაიწყო რამდენიმე წლის წინ ტიტების მოყვანა და რეალიზაცია, რათა წელიწადის ამ დროს მცირე შემოსავლი მაინც მიეღო. 63 წლის მეყვავილეს ამ სეზონზე არც ერთი ტიტა არ გაუყიდია და, დაახლოებით, 2 000 ლარი დაკარგა. ტიტების ბაღში ახლა მხოლოდ მეზობლები მიდიან და ფოტოებს იღებენ.

„ყოველი წლის ამ დროს თბილისში, ნავთლუღის ბაზარში, ყვავილების განყოფილებაში მიმქონდა ჩემი ტიტები და იქ გადამყიდველებს ვაბარებდი, შემდეგ ისინი ყიდიდნენ. ახლა, ყვავილები რომ შემოვიდა, წინასწარ დავურეკე ჩემს ნაცნობ რეალიზატორებს, თუმცა მითხრეს, რომ აღარ მუშაობენ, რადგან ბაზარი დაუკეტეს. შესაბამისად, მე წელს ერთი ცალი ყვავილიც კი არ გამიყიდია. ასე ფუჭდება ჩემი ყვავილები და არ ვიცი, რა ვქნა, ვის მივმართო. ჩემი ყვავილებით ყოველ წელს, მარტის ბოლოსა და აპრილის თვეებში, პურის ფულს, ერთი-ორ კაპიკს ვშოულობდი, ახლა კი დავრჩი ცარიელი“, - უთხრა კაკო ჯეირანაშვილმა რადიო თავისუფლებას. დამჭკნარი ტიტების ამბავი კახეთიდან წაიკითხე გიორგი ალადაშვილის სტატიაში.

  • 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღეა.
  • დაჩი ახლა მეორეკლასელია, 150-ე საჯარო სკოლაში დადის. ძალიან მაგარი კლასი ჰყავსო, გვითხრა ბარბარემ. თუმცა ახლა მასაც სხვა ბევრი თანატოლივით დისტანციური ონლაინგაკვეთილები უტარდება.
  • 3 წლის წინ დაჩი საბავშვო ბაღში დადიოდა. მაშინ პირველი ნაბიჯები იდგმებოდა ინკლუზიურ სწავლაში. იქ ისწავლა ბავშვების გარემოში ყოფნა. დაჩის აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG