Accessibility links

კორონავირუსი, როგორც კონფლიქტის გადატვირთვის შესაძლებლობა? 


ენგურის ხიდი

20 მარტს, იმ დროს, როდესაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში პრეზიდენტის განმეორებითი არჩევნებისთვის ემზადებოდნენ და იქაური პოლიტიკოსები ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებდნენ კორონავირუსის პანდემიის მთელ საშიშროებას, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) სოხუმში უმნიშვნელოვანესი სამედიცინო საშუალებების პირველი პარტია ჩაიტანა საშიში ვირუსის წინააღმდეგ სამედიცინო პერსონალის მოსამზადებლად.

„ქართულ-აფხაზური კონფლიქტი საკმაოდ პაწიად და მოძველებულად გამოიყურება კორონავირუსის პანდემიის ფონზე. ორივე მხარემ უნდა ისარგებლოს მომენტით და დაიწყონ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა“,
ტომ დე ვაალი

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკისგან განსხვავებით, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მეორე - ცხინვალის - სეპარატისტული რეჟიმი კვლავ უარს ამბობს საერთაშორისო დახმარებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე მოქმედი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად დიდი რესურსი არ გააჩნია.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ახალი კორონავირუსის გავრცელების მთავარ საფრთხედ საქართველოს ტერიტორიას ასახელებენ. დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი ავრცელებს სპეციალურ განცხადებას, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის შემთხვევების მზარდი სტატისტიკის გამო ჩაკეტილია ე. წ. საზღვარი, მაგრამ საქართველოს მოქალაქეები მაინც ცდილობენ ამ „საზღვრის დარღვევას“.

ცხინვალისგან განსხვავებით, მიუხედავად იმისა, რომ ე. წ. საზღვარი 14 მარტიდან დაკეტილია, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ბოლო დღეებში რამდენჯერმე მისცა გალის რაიონში მცხოვრებ მოქალაქეებს შესაძლებლობა, რომ სამედიცინო მომსახურების მისაღებად სამეგრელოს რეგიონში გადასულიყვნენ.

1 აპრილის საღამოს მონაცემებით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში სულ 7 პაციენტი იყო და მათგან ექვსი გალის რაიონის სოფელ საბერიოდან.

ცნობილი კონფლიქტოლოგი, ტომ დე ვაალი, ფიქრობს, რომ კორონავირუსის პანდემიის საფრთხე, რომელიც არ ცნობს საზღვრებსა და ბლოკ-პოსტებს, სოხუმსა და თბილისს აძლევს შესაძლებლობას დაიწყონ აქამდე არსებული ურთიერთობის გადატვირთვა.

ტომ დე ვაალის არგუმენტები

„ქართულ-აფხაზური კონფლიქტი საკმაოდ პაწიად და მოძველებულად გამოიყურება კორონავირუსის პანდემიის ფონზე. ორივე მხარემ უნდა ისარგებლოს მომენტით და დაიწყონ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა“, - ასეთა „საერთაშორისო მშვიდობის კარნეგის ფონდის“ აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონის საკითხების უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის ზოგადი ნარატივი.

ამასთან, კორონავირუსის გარდა, გადატვირთვის ხელსაყრელ ერთ-ერთ ფაქტორად ცნობილი კონფლიქტოლოგი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტად ასლან ბჟანიას არჩევას ასახელებს.

გადატვირთვის შანსი, რომელიც წარმოიქმნა, ტომ დე ვაალის აზრით, „ფოკუსირებული უნდა იყოს სამ მოკლევადიან ელემენტზე“.

„თბილისი და დასავლეთის ქვეყნები უფრო ღიად უნდა ჩაერთონ აფხაზეთის დე ფაქტო ხელმძღვანელობასთან ურთიერთობაში ისეთ პრობლემებზე, როგორიც პანდემიაა. მიდგომა, რომ ჩვენ არ გვადარდებს, აფხაზეთში ახალ ლიდერს აირჩევენ თუ იქ სახელმწიფოებრივი ანარქია დაისადგურებს, ფარისევლურია. გარდა ამისა, მრავალი წლის მანძილზე არსებობს ფაქტობრივი კონტაქტები აფხაზეთის ლიდერებთან სხვადასხვა საკითხის გარშემო - უსაფრთხოებით დაწყებული და ელექტროენერგიის ერთობლივი გამოყენებით დამთავრებული“, - წერს ტომ დე ვაალი.

თბილისში მიაჩნიათ, რომ, ზოგადად, კორონავირუსი შეიძლება მართლაც გამოდგეს თანამშრომლობის ახალი ფორმატის ხელშემწყობი, მით უფრო, რომ საქართველოს გავლით სოხუმში ორჯერ ჩავიდა საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარება, რისთვისაც საქართველოს პრეზიდენტმა დონორებს საგანგებო მადლობა გადაუხადა.

გიორგი კანაშვილი
გიორგი კანაშვილი

„თბილისი, არსებითად, დგამს კიდეც რაღაც ნაბიჯებს. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, არსებობს რაღაც ტიპის თანამშრომლობა, მათ შორის აფხაზეთში გარკვეული ტვირთის შეგზავნა საქართველოს მხრიდან ხდება, ოღონდ ეს ყველაფერი ხდება საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით“, - უთხრა რადიო თავისუფლებას კონფლიქტოლოგმა გიორგი კანაშვილმა, პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ წევრმა.

მაგრამ ქართველი კონფლიქტოლოგი არასწორად მიიჩნევს ტომ დე ვაალის მიერ ერთგვარ „ალტერნატიულ მოდელად“ ჩრდილოეთ კვიპროსის მაგალითის მოყვანას.

თურქეთის მიერ აღიარებულ ჩრდილოეთ კვიპროსის ლიდერს, მუსტაფა აკინჯის, „ევროკომისიის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა, 2015 წელს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და ამასვე გაიმეორებს მისი მემკვიდრე“, - წერს ტომ დე ვაალი და დასძენს, „დასავლეთის სახელმწიფოებმა ხელიდან გაუშვეს ასეთი ბრწყინვალე შესაძლებლობა“, როდესაც არალეგიტიმური უწოდეს აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსო.

განსხვავებული „ისტორული გამოცდილებისა და განსხვავებული საერთაშორისო კონტექსტის“ გათვალისწინებით, ჩრდილოეთ კვიპროსის მოდელზე საუბარს, მით უფრო არჩევნებში გამარჯვების მილოცვაზე აქცენტის გაკეთებას და პარალელის გავლებას სოხუმთან, არაკორექტულად მიიჩნევს გიორგი კანაშვილი. თუმცა ქართველი კონფლიქტოლოგი სავსებით შესაძლებლად თვლის თანამშრომლობას არა მხოლოდ ჯანდაცვის, არამედ ასევე განათლებისა და გარემოს დაცვის სფეროში, რასაც მეორე ელემენტს უწოდებს ტომ დე ვაალი.

„მაგრამ რაღაც მიმართულებით, ვიმეორებ, ურთიერთობის გაღრმავება შესაძლებელია და განსაკუთრებით მაშინ, - და ტომ დე ვაალი ამაზე რატომღაც არ ლაპარაკობს ამ სტატიაში, - თუ აფხაზური მხარეც იქნება მზად, იმიტომ რომ ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც თბილისიდან მოდის, საკმაოდ რთულად აღიქმება ადგილობრივ დონეზე. მათ შორის შესაძლებელია იყოს საერთაშორისო ორგანიზაციების მეტი ყოფნა აფხაზეთში და სხვადასხვა მიმართულებით დახმარება, რომელიც პირდაპირ არ იქნება დაკავშირებული (აფხაზეთის) სახელმწიფოებრიობის მშენებლობასთან“, - ამბობს გიორგი კანაშვილი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

გადაულახავი დილემა „გადატვირთვის“ გზაზე

ამჟამად არსებული სტატუს კვო დიდი მანევრის საშუალებას რომ არ აძლევს სოხუმსა და თბილისს, ამას ტომ დე ვაალიც ხაზს უსვამს.

„ქართული ოცნება“ ამთავრებს თავის (მმართველობის) მეორე ეტაპს, არჩევნები ახლოვდება და, აქედან გამომდინარე, არა მგონია, რომ თბილისი მზად იყოს ძალიან სარისკო ნაბიჯების გადასადგმელად. თანაც, (კორონავირუსის) პრობლემაც იმდენად დიდია, რომ თბილისს შეიძლება ამისთვის არც ეცალოს, თუ აფხაზური მხარისგან არ დაინახავენ კონკრეტულ ნაბიჯებს და კონკრეტულ დათმობებსაც იმავე გალის მიმართულებით,“
გიორგი კანაშვილი

პირველ ყოვლისა, ესაა მეტროპოლიასა და სეპარატისტულ ანკლავს შორის პოლიტიკურ სტატუსთან დაკავშირებული კონფლიქტი, აფხაზეთის ეთნოკრატიული რეჟიმის მიერ „200 ათასზე მეტი დევნილი ქართველის“ დაბრუნებაზე უარის თქმა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე, „საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევით“, რუსეთის მრავალათასიანი სამხედრო ქვედანაყოფის ყოფნა.

როგორც ცნობილია, თბილისთან ურთიერთობის შესახებ ასლან ბჟანიამ, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, თავისი პოზიცია ჯერ კიდევ სატელევიზიო დებატების დროს ჩამოაყალიბა, როგორც გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა. დე ფაქტო რესპუბლიკის მომავალმა ლიდერმა თქვა, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი უნდა შენარჩუნდეს, თუმცა იქვე გაიხსენა ვლადისლავ არძინბას მიერ 1999 წელს ნათქვამი სიტყვები („საჭიროა ლაპარაკი და პრობლემების გადაჭრა... ჩვენ გამარჯვებული მხარე ვართ და ამ გარემოების შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ“) და განაცხადა:

„სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ქართულ მხარესთან არ განიხილება, მაგრამ საჭიროა საუბარი საბრძოლო მოქმედებების განუახლებლობის ვალდებულების აღებაზე, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებაზე... თუნდაც არა ჩვენთან, არამედ, მაგალითად, გაეროს წინაშე“.

ბევრი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ აღიარებულია, რომ გალის რაიონის მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას. გალელებს არ ეძლევათ მშობლიურ ენაზე სწავლების უფლებაც კი, ეზღუდებათ თავისუფლად გადაადგილების უფლება, გალელებზე არ გაიცემა საკუთრების დამადასტურებელი საბუთები და ა.შ.

მაგრამ კარნეგის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ტომ დე ვაალი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის პანდემია გადატვირთვის შანსს ამ პრობლემის მხრივაც იძლევა.

„მესამე ელემენტი შეიძლება გახდეს quid pro quo (სამახური სამსახურის წილ). თუ დასავლეთის ქვეყნები და საქართველო უფრო სერიოზულად ჩაებმებიან აფხაზეთთან ურთიერთობაში, მაშინ დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლებას ასევე მოუწევს უფრო სერიოზული თამაშის წარმოება. პირველ ყოვლისა, მათ უნდა დაიცვან და შესაბამისი უფლებები უნდა მიანიჭონ აღმოსავლეთ აფხაზეთის გალის რაიონში მცხოვრებ, დაახლოებით, 50 ათასს ქართველს, მათ შორის დასავლეთ საქართველოსთან მიმოსვლისა და მშობლიურ ენაზე განათლების უფლება. ეს ადამიანები ახლა კრიზისის გამო ყველაზე უფრო მეტად აღმოჩნდნენ წაგებული მას შემდეგ, რაც 14 მარტიდან ჩაიკეტა მდინარე ენგურზე გამავალი სასაზღვრო ზღუდე“, - წერს ტომ დე ვაალი.

ენგურის ხიდი
ენგურის ხიდი

ენგურის გავლით საერთაშორისო ორგანიზაციებმა ორჯერ განახორციელეს მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარება თვითგამოცხადებული აფხაზეთის სამედიცინო პერსონალისა და მოსახლეობის დასახმარებლად, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს დაეხმაროს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა ადამიანს, რომელიც საქართველოსთან დამაკავშირებელი ადმინისტრაციული საზღვრის ჩაკეტვის გამო მაინც ახერხებს თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას.

და მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარი 14 მარტს დაკეტა, სოხუმი ბოლო დღეებში პაციენტებისთვის გზას პერიოდულად ხსნის.

მაგრამ რამდენად შეიძლება გლობალური პანდემიის ფონზე თბილისიდან საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატანილმა ჰუმანიტარულმა დახმარებამ და ამ ფონზე აფხაზეთში დე ფაქტო ხელისუფლის შეცვლამ სასიკეთოდ იმოქმედოს თუნდაც გალში მყოფი ქართველების უფლებრივ მდგომარეობაზე?

ელიკო ბენდელიანი
ელიკო ბენდელიანი

„ვფიქრობ, უკეთესობისკენ უნდა შეიცვალოს გალელების მდგომარეობა, მაგრამ ერთბაშად რადიკალურ ცვლილებებს არ ველოდები, განსაკუთრებით განათლების მიმართულებით“, - ამბობს ელიკო ბენდელიანი, „ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის“ წარმომადგენელი.

კიდევ ერთი საკითხია, თუ რამდენად არის საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება მზად თანამშრომლობისა თუ „ურთიერთობის გადატვირთვისათვის“ დე ფაქტო აფხაზეთთან, რომლის მმართველობას თბილისი და მისი დასავლელი პარტნიორები „არალეგიტიმურად“, ხოლო ყოფილ ავტონომიურ რესპუბლიკას „რუსეთის მიერ ოკუპირებულად“ მიიჩნევენ.

„ვფიქრობ, შეიძლება, რომ კორონავირუსის პანდემიამ თანამშრომლობის ახალი მიმართულებები გააჩინოს, მაგრამ გადამეტებული ოპტიმიზმიც არ იქნებოდა სწორი, რადგან ძალიან სათუთი პროცესია. ამასთანავე, ასლან ბჟანია, მართალია, ხელისუფლებაში აირჩიეს და მას აქვს მაღალი მხარდაჭერა საზოგადოებისგან, მაგრამ საქართველოში „ქართული ოცნება“ ამთავრებს თავის (მმართველობის) მეორე ეტაპს, არჩევნები ახლოვდება და, აქედან გამომდინარე, არა მგონია, რომ თბილისი მზად იყოს ძალიან სარისკო ნაბიჯების გადასადგმელად. თანაც, (კორონავირუსის) პრობლემაც იმდენად დიდია, რომ თბილისს შეიძლება ამისთვის არც ეცალოს, თუ აფხაზური მხარისგან არ დაინახავენ კონკრეტულ ნაბიჯებს და კონკრეტულ დათმობებსაც იმავე გალის მიმართულებით,“ - ამბობს გიორგი კანაშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG