Accessibility links

პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანება საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გაგრძელების შესახებ


სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მხარი დაუჭირა საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გაგრძელებას. მან გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმად, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადის გაგრძელებასთან ერთად, გაგრძელდება შესაბამისი დეკრეტის მოქმედებაც, რომელიც დამატებით შეზღუდვებს არ ითვალისწინებს.

პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის ერთი თვით გაგრძელების გადაწყვეტილება ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების კარნახით ახსნა. მის შეფასებით, არსებული ვითარება არ იძლევა ყურადღების მოდუნებისა და შეზღუდვების ნაადრევად მოხსნის საშუალებას.

„ერთი თვის წინ, გაცნობეთ საგანგებო მდგომარეობის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადების შესახებ. ასევე, წარმოგიდგინეთ დეკრეტი, რომლითაც დაწესდა კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებების გარკვეული შეზღუდვები. მიღებულმა ზომებმა განაპირობა ის, რომ ამ ერთი თვის განმავლობაში შევძელით და კონტროლის ქვეშ მოვაქციეთ დაავადების გავრცელების ტემპი და მასშტაბი, თუმცა, ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევა არ გვაძლევს უფლებას, მოვადუნოთ ყურადღება და შეზღუდვები ნაადრევად მოვხსნათ. ყველა არსებული გათვლა და პროგნოზი მიუთითებს მომავალ 2-3 კვირაში ეპიდემიის შიდა გავრცელების ზრდის დიდ საფრთხეზე. იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ პირველ ეტაპზე მიღწეული სამაგალითო შედეგები, არსებული რეჟიმი გარკვეული ხნით კიდევ უნდა დავიცვათ.

ახალი კორონავირუსის მასობრივი გავრცელების პრევენციის, მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე და კონსტიტუციის 71-ე მუხლის თანახმად, გამოვცემ ბრძანებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. ბრძანების თანახმად, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა გაგრძელდება 2020 წლის 22 მაისის ჩათვლით.

ამავე ვადით გაგრძელდება არსებული დეკრეტის მოქმედება, რომელიც არ ითვალისწინებს დამატებით შეზღუდვებს. ამ გადაწყვეტილებით საშუალება გვეძლევა, მოვემზადოთ შეზღუდვების მოხსნისთვის. რეალურად, ამ ახალი ეტაპის დაძლევით ჩვენ შევქმნით წარმატებული და ეტაპობრივი გახსნის წინაპირობას”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხზე პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებს. რიგგარეშე სხდომა 22-23 აპრილს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG