Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი: პანდემია აშშ-ისთვის პერლ-ჰარბორსა და 11 სექტემბრის ტერაქტებზე უფრო დიდი დარტყმაა


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ეპიდემიამ აშშ-ს უფრო დიდი დარტყმა მიაყენა, ვიდრე 1941 წელს იაპონიის თავდასხმამ პერლ-ჰარბორზე ან 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებმა.

„ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე საშინელი თავდასხმა განვიცადეთ. ეს მართლაც ყველაზე სერიოზული თავდასხმაა, რომელიც კი განგვიცდია“, განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში. „უარესი, ვიდრე პერლ-ჰარბორი. უარესი, ვიდრე ვაჭრობის მსოფლიო ცენტრი“, თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ჰავაის კუნძულებზე მდებარე პერლ-ჰარბორზე 1941 წლის დეკემბერში იაპონიის თავდასხმის შემდეგ აშშ მეორე მსოფლიო ომში ჩაება. 11 სექტემბრის ტერაქტებს სამი ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა, ძირითადად ნიუ-იორკში, ვაჭრობის მსოფლიო ცენტრის ცათამბჯენების ჩამონგრევის შედეგად. ამ ტერაქტების შემდეგ აშშ-მა დაიწყო „ტერორიზმთან ომი“, რომლის ნაწილი იყო აშშ-ის ჯარების შეყვანა ავღანეთში, სადაც ისინი დღემდე რჩებიან.

დღეის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის პანდემიას 75 ათასი ადამიანი ემსხვერპლა. ეს მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვმა მილიონ 250 ათასს გადააჭარბა, რაც ასევე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოს მასშტაბით და დიდად უსწრებს სხვა ქვეყნებს.

პანდემიისა და მისი შეკავებისკენ მიმართული ზომების გამო აშშ სერიოზულ ეკონომიკურ დანაკარგებს განიცდის.

ტრამპი პანდემიისთვის პასუხისმგებლობას, ნაწილობრივ მაინც, აკისრებს ჩინეთს, საიდანაც დაიწყო ინფექციის გავრცელება. როგორც პრეზიდენტმა, ისე სახელმწიფო მდივანმა, არ გამორიცხეს, რომ შესაძლოა მოხდა ვირუსის გაჟონვა ქალაქ უჰანის ლაბორატორიიდან.

აშშ-ის სპეცსამსახურების თანახმად, არ მოიპოვება იმის მტკიცებულება, რომ ახალი კორონავირუსი ადამიანის მიერაა შექმნილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG