Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ტენეტის“ ტესტი - ჰოლივუდის მომავალს ნოლანის ფილმი განსაზღვრავს


კრისტოფერ ნოლანი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რეჟისორია, რომელსაც არაერთი საკულტო ფილმი გადაუღია. ამიტომაც მის მორიგ კინოსურათს - როგორც ტრეილერიდან ჩანს, ჯაშუშურ თრილერს ფანტასტიკის ელემენტებით - თავიდანვე უამრავი ადამიანი ელოდა. თუმცა, ახალი კორონავირუსის პანდემიასა და მის თანხმლებ საგანგებო ზომებთან ერთად, ამ ფილმმა ერთგვარი ლაკმუსის ტესტის როლი შეიძინა. Tenet-ს შესცქერიან, როგორც ჰოლივუდის მომავლის განმსაზღვრელს. ბევრის აზრით, სწორედ ამ ფილმის წარმატებაზეა დამოკიდებული, როგორი იქნება ინდუსტრიის სახე მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში.

კინო- და ტელეინდუსტრია არასდროს ყოფილა ასეთ გაურკვევლობაში. პანდემიამ ამ და მომავალი წლისათვის დაგეგმილი არაერთი ფილმისა თუ სერიალის ბედი გახადა ბუნდოვანი. უკვე ვიცით, რომ ბევრისთვის საყვარელი სერიალები - The Witcher, The Mandalorian, Fargo და კიდევ ბევრი სხვა კიდევ კარგა ხანს ვეღარ ნახავს დღის შუქს.

თავდაპირველი გეგმის თანახმად, ამ ორშაბათს, 22 მაისს უნდა ყოფილიყო Fast and the Furious-ის მეცხრე სერიის პრემიერა, რომლის ნაწილსაც თბილისში იღებდნენ და, შესაბამისად, მის გამოსვლას საქართველოშიც განსაკუთრებით ელოდნენ. პრემიერა, სულ მცირე, ერთი წლით გადავადდა.

Furious 9-ის გადაღებები თბილისში
Furious 9-ის გადაღებები თბილისში

სრულიად აირია „მარველის“ ფილმების გამოშვების განრიგიც. სკარლეტ იოჰანსონიანი „შავი ქვრივი“, წესით, ეკრანებზე 1 მაისს უნდა გამოჩენილიყო. ამ ფილმის გადადებამ კი, დომინოს ეფექტით, სულ მცირე, 6 დიდბიუჯეტიანი ფილმის გადაადგილება გამოიწვია - „მარველის კინოსამყაროს“ ფილმების კალენდარი რამდენიმე წლით ადრეა ხოლმე განსაზღვრული და სტუდია დიდ ყურადღებას აქცევს, რომ მათი პრემიერები გარკვეული პერიოდით იყოს დაშორებული. „შავი ქვრივის“ გადადებასთან ერთად გადაიწია თორის ახალი ფილმის, „შავი პანტერის“, „ექიმი სტრეინჯის“ და „კაპიტანი მარველის“ პრემიერებმაც.

თან, ბოლო დროს ესოდენ წარმატებული და შემოსავლიანი ფილმები სუპერგმირების შესახებ შეიძლება მაყურებლისთვის სრულიად შეუსაბამო აღმოჩნდეს COVID-19-ის პანდემიის შედეგად შექმნილ ვითარებასთან - სუპერგმირები ხომ ვერაფერს გახდებიან თანამედროვე სუპერსაფრთხესთან. თვალით უხილავ ვირუსს ყოვლისშემძლე ჰალკიც ვერაფერს დააკლებს.

მაყურებლისთვის დისკომფორტია. ჰოლივუდისთვის კი ამან შეიძლება მილიარდობით დოლარის ზარალი და ასობით ათასი დაკარგული სამუშაო ადგილი მოიტანოს.

მთავარი კითხვა კი მაინც ესაა: შეძლებს თუ არა მაყურებელი წელს კინოში წასვლას და, რომც შეძლოს - მოუნდება თუ არა დახურულ დარბაზში უცხო ადამიანებთან ერთად დროის გატარება?

ამ კითხვაზე პასუხს კი ჰოლივუდი Tenet-ისგან ელის. კრისტოფერ ნოლანის ფილმის შესახებ, როგორც ყოველთვის, ბევრი არაფერია ცნობილი. სათაურის თარგმნაც კი რთულია - წესით, ქართულად „დოგმა“ უნდა ერქვას. თუმცა, გააჩნია, რა დატვირთვა ექნება ამ სიტყვას ფილმის შინაარსისთვის. ტრეილერი ჯერ კიდევ დეკემბრის დასაწყისში გამოჩნდა, თუმცა, როგორც ნოლანს სჩვევია ხოლმე, სიუჟეტის შესახებ ბევრს არაფერს გვეუბნება - როგორც ჩანს, მძაფრსიუჟეტიანი ფილმია დროში მოგზაურობასა და შპიონაჟზე. სწორედ ისეთი რამაა, რაც მაყურებელს რაღაც ხანს მოწყვეტს რეალობიდან.

ფილმის პრემიერა თავიდანვე 17 ივლისისთვის იყო დაგეგმილი. ამ დროისთვის, როგორც ჩანს, ამერიკის შტატების უმეტესობაში საგანგებო ზომები შემსუბუქებული იქნება და კინოთეატრებიც გაიხსნება - ალბათ, გარკვეული შეზღუდვებით.

ნორმალურ ვითარებაში „ტენეტის“ წარმატება გარანტირებული იქნებოდა. ნოლანი პოპულარული რეჟისორია, რომლის არცერთი ფილმი აქამდე არ ჩავარდნილა. წესით, ოსტატის მიერ გადაღებული მძაფრსიუჟეტიანი ფანტასტიკა პანდემიის პირობებშიც მიიზიდავს მაყურებელს.

თუმცა, საკითხავია, რამდენს? „ტენეტის“ მხოლოდ გადაღება 200 მილიონი დოლარი დაჯდა. ამას ემატება რეკლამასა და მარკეტინგზე დახარჯული ათობით ან ასობით მილიონი დოლარი...

თუ „ტენეტის“ სანახავად საკმარისი მაყურებელი მივა, ჰოლივუდი ჩათვლის, რომ შეიძლება ნორმალური საქმიანობა აღადგინოს.

აი, თუ ეს ფილმი ჩავარდა, მაშინ რთული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს „დისნეის“, რომლის „მულანიც“ „ტენეტიდან“ რამდენიმე კვირის შემდეგ უნდა გავიდეს, წესით, ეკრანებზე. თუ „დისნეის“ მოუწია უკან დახევა, რისი იმედი შეიძლება ჰქონდეთ უფრო პატარა სტუდიებს?

უამრავი ადამიანის საყვარელი ფილმების და სერიალების ბედი და ასობით ათასი სამუშაო ადგილი „ტენეტის“ წარმატებაზეა დამოკიდებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG