ადვოკატი ირმა ჭკადუა ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახის სახელით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ძალადობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლე არ არის.
"ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ნელი დოროყაშვილი, ნიკოლოზის ყოფილი მეუღლე ცდილობს ნიკოლოზს და მის ოჯახს მორალური, ფინანსური თუ რეპუტაციული ზიანი მიაყენოს. ნიკოლოზ ბასილაშვილი და ნელი დოროყაშვილი განქორწინებაში იმყოფებიან. ნელი დოროყაშვილი, განქორწინებაზე უარს აცხადებდა, შესაბამისად განქორწინება სასამართლოს გზით, გარიგების საფუძველზე მოხდა. ნიკოლოზს ყოფილ მეუღლესთან არანაირი კონტაქტი სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ არ ჰქონია გარდა ბავშვის მეურვეობისა", - აღნიშნულია განცხადებაში.
აქვე ვკითხულობთ, რომ დოროყაშვილმა განქორწინების შემდეგ ბასილაშვილის დედასაც უჩივლა ბავშვზე ძალადობის ბრალდებით, თუმცა სასამართლომ გაამართლა.
ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ ცოლზე მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ძალადობის ბრალდებით 22 მაისს დააკავეს. მას დღეს, 24 მაისს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 100-ათასლარიანი გირაო შეუფარდა. ადვოკატის ინფორმაციით, მან ეს თანხა გადაიხადა და საპატიმრო დატოვა.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ამ მუხლით ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბასილაშვილს სამ წლამდე პატიმრობა ან გამოსასწორებელი სამუშაოს შეფარდება ემუქრება.