Accessibility links

გიორგი გახარია პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს საგანგებო მდგომარეობისას ქვეყნის მართვის შესახებ


საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს, თუ როგორ მართავდა მთავრობა ქვეყანას კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში.

გიორგი გახარია პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე მივა მთავრობის და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან ერთად. სხდომა 12 საათზეა დანიშნული. პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენის შემდეგ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმით გაგრძელდება.

საქართველოში 21 მარტს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა 22 მაისს გაუქმდა. თუმცა, რამდენიმე საათით ადრე, პარლამენტმა „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მხარდაჭერით და „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში“ ცვლილებების შეტანით, მთავრობას 15 ივლისამდე მისცა სხვადასხვა შეზღუდვის უფლება. ოპოზიციამ ეს საკანონმდებლო ცვლილებები შეაფასა კონსტიტუციის და საერთაშორისო კონვენციების დარღვევად. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" კანონში შეტანილი ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.

საგანგებო მდგომარეობის და ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმების მიუხედავად, საქართველოში ისევ არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია დიდი სავაჭრო ცენტრები, კაფეები, რესტორნები, გასართობი და სპორტული დაწესებულებები. ისევ აკრძალულია ერთ სივრცეში ათზე მეტი პირის შეკრება. მკაცრი კარანტინის ზონად რჩება თეთრიწყარო და ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლები მუშევანი და გეტა.

27 მაისის 8:00 საათის მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის სულ 732 შემთხვევა. მათგან 537 უკვე გამოჯანმრთელდა. COVID-19-ით გარდაცვლილია 12 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG