Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტმა მასობრივი არეულობების გამო შესაძლოა, არმია გამოიყენოს


აშშ-ის პრეზიდენტმა შიდა ტერორიზმი უწოდა მასობრივ არეულობებს, რომელიც ქვეყნის სხვადასხვა შტატში დაიწყო აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ.

1 ივნისს, თეთრი სახლის ბაღში გამოსვლისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ წესრიგის აღსადგენად სამხედროების დახმარებას გამოიყენებს. როგორც პრეზიდენტმა თქვა, თუ ესა, თუ ის ქალაქი, ან შტატი თავს არიდებს მოქალაქეთა სიცოცხლის და საკუთრების დასაცავად აუცილებელი ზომების მიღებას, შეიარაღებულ ძალებს გამოიყენებს და პრობლემას სწრაფად მოაგვარებს. 1807 წლის კანონი აშშ-ის პრეზიდენტს სამოქალაქო არეულობების დროს არმიის გამოყენების უფლებას აძლევს.

თეთრი სახლის ვარდების ბაღში გამოსვლისას დონალდ ტრამპმა ისიც თქვა, რომ ყველა მშვიდობიანი დემონსტრანტის მოკავშირეა. პრეზიდენტის გამოსვლამდე პოლიციამ თეთრ სახლთან ცრემლსადენი გაზით და რეზინის ტყვიებით დაშალა საპროტესტო აქციის მონაწილეები. გამოსვლის შემდეგ, დონალდ ტრამპი გაემართა თეთრი სახლის მოპირდაპირე მხარეს მდებარე წმინდა იოანეს ტაძრისკენ, სადაც ბიბლიით ხელში ფოტო გადაიღო.

აშშ-ში ერთი კვირაა გრძელდება საპროტესტო გამოსვლები პოლიციის მიერ დაკავებული აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის გამო. ანტირასისტულ დემონსტრაციებს ხშირად თან ახლავს ძალადობა, ძარცვა და ვანდალიზმი. მასობრივი არეულობების გამო 60-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოაცხადეს. პოლიციელების დასახმარებლად მობილიზებულია ეროვნული გვარდია.

პოლიციელების მიერ ქალაქ მინეაპოლისში დაკავებული, ყალბი ფულის გამოყენებაში ეჭვმიტანილი 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს გარდაიცვალა. გავრცელებული ვიდეოკადრების თანახმად, მიწაზე დაგდებულ ფლოიდს პოლიციელი რამდენიმე წუთის განმავლობაში კისერზე მუხლს აჭერს და ამას განაგრძობს მას შემდეგაც, რაც ფლოიდი ამბობს, რომ ვეღარ სუნთქავს.

ოჯახის მიერ მიწვეულმა ექსპერტმა ფლოიდის გარდაცვალების მიზეზად ასფიქსია დაასახელა. ეს დასკვნა განსხვავდება ოფიციალური ექსპერტიზის შედეგისგან, რომლის თანახმად, ასფიქსიის დიაგნოზს არაფერი ამყარებდა.

პოლიციის ოფიცერი დერეკ ჩოვინი დაკავებულია ჯორჯ ფლოიდის გაუფრთხილებლობით მკვლელობის ბრალდებით. ოჯახი და მისი ადვოკატები მოითხოვენ, რომ პოლიციელი ყველაზე მძიმე, პირველი ხარისხის მკვლელობის მუხლით გასამართლდეს და პასუხი აგოს საქმეში მონაწილე კიდევ სამმა ოფიცერმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG