Accessibility links

ზელენსკი: სააკაშვილს მრჩევლობა შევთავაზე, მითხრა, რომ ეს მისი დონე არ არის


უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ის განიხილავდა რეფორმების საკითხებში ვიცე-პრემიერად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის შესაძლებლობას, მაგრამ პარტია „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციამ ამას მხარი არ დაუჭირა. ზელენსკის თქმით, ფრაქციაში სხვადასხვაგვარი და მკვეთრი დამოკიდებულება იყო.

„მას სურს რეფორმებით დაკავდეს? აი, რეალობა, რომელშიც ამის გაკეთება შეუძლია და სხვა თანამდებობა შევთავაზე“, - უთხრა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „უკრაინსკა პრავდას“.

უკრაინის პრეზიდენტმა გამოცემას უამბო, რომ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისას მან უთხრა, რომ დახმარების სურვილი აქვს. შემდეგ იყო რამდენიმე შეხვედრა და სააკაშვილი მასთან სხვადასხვა „ადეკვატური რჩევებით“ მიდიოდა.

ზელენსკის ინფორმაციით, თავდაპირველად სააკაშვილს შესთავაზა რეფორმების საკითხებში მრჩევლობა, მაგრამ მან უპასუხა, რომ ეს მისი დონე არ არის და უთხრა, რომ შეუძლია მთავრობაში იმუშაოს რეფორმებზე და იყოს ვიცე-პრემიერი რეფორმების საკითხებში. ზელენსკის თქმით, მან უპასუხა, რომ საკითხს პრემიერ-მინისტრთნ განიხილავდა, მაგრამ შემდეგ სააკაშვილის დანიშვნას მხარი არ დაუჭირა საპარლამენტო ფრაქციამ.

„უკრაინსკა პრავდასთნ“ ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამართლიანი უწოდა მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებას. შეკითხვას, მაშინ როცა პოროშენკოს პრეზიდენტობის დროს ის და სააკაშვილი ერთმანეთს მეგობრებს უწოდებდნენ, ხომ არ ეშინია, რომ რეიტინგის ვარდნის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი მის წინააღმდეგ ბრძოლასაც დაიწყებს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უპასუხა, რომ მისთვის უფრო იოლია, რადგან სააკაშვილი მისი მეგობარი არასდროს ყოფილა: „მას სურს რეფორმები - შესანიშნავია. მართლაც წარმატებას ვუსურვებ მასაც და ყველას ჩვენ. თუმცა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს“.

22 აპრილს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა შესთავაზა რეფორმების საკითხებში ვიცე-პრემიერის თანამდებობა. საბოლოოდ, სააკაშვილის დანიშვნის საკითხი უკრაინის პარლამენტის დღის წესრიგში არ დადგა.

7 მაისს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილი დანიშნა რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ. ამის გამო, საქართველომ კიევიდან ელჩი კონსულტაციისთვის გაიწვია.

საქართველოს მთავრობაში განაცხადეს, რომ უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობის საკითხი გადახედვას არ ექვემდებარება, თუმცა საქართველოში მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნამ შეკითხვები გააჩინა. საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რომ უკრაინაში ელჩის დაბრუნებამდე დააკვირდებიან საქართველოს შესახებ სააკაშვილის განცხადებებს.

11 ივნისს, როცა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს მშვიდად უყუროს საქართველოს განადგურებას, ამ ბრძოლაშია და გამარჯვებას აპირებენ, საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩი დაიბარეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG