Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გაბუნია: მოვიდა ჩემამდე ხმები „ფრთხილად იყავი საზღვარგარეთ როდესაც მიდიხარ“


გიორგი გაბუნია
გიორგი გაბუნია

„მთავარი არხის“ ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ პირველად ილაპარაკა მისი შესაძლო ლიკვიდაციის გეგმის შესახებ. „მე თვითონ ინფორმაციას არ ვფლობდი, მაგრამ ჩემმა დაცვამ შეამჩნია, რომ თვალთვალი ჩემზე მიმდინარეობდა. მე სიმართლე გითხრათ, ესეც არ შემიმჩნევია, მაგრამ დაცვამ ყურადღება გაამახვილა და ამის გამო მოხდა კიდეც დაცვის გაძლიერება. მანამდე ორ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მყავდა დაცვა და ამის შემდეგ უფრო გაძლიერდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კადიროვს არც დაუმალავს და ჩემი გამოსვლის შემდეგ მალევე თქვა, რომ ვინმე, სადმე შემხვდებოდა და რამე დამემართებოდა. ამის გარეშეც საფრთხე ძალიან ნათელი იყო, რა თქმა უნდა, მე ყოველთვის დაცვით გადავადგილდებოდი“, - ამბობს გიორგი გაბუნია.

როგორც ტელეწამყვანი აღნიშნავს, არ ფლობდა ინფორმაციას, რომლის შესახებაც ნკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე ილაპარაკა, მაგრამ ამატებს, რომ ზოგადად ინფორმირებული იყო, რომ საფრთხე ემუქრებოდა. „მოვიდა ჩემამდე ხმები, რომ ფრთხილად იყავი, საზღვარგარეთ, როდესაც მიდიხარ და ა.შ. მაგრამ კონკრეტული ინფორმაცია დღემდე არ მქონდა“, - თქვა გაბუნიამ.

„მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ 15 ივნისს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ილაპარაკა ტელეარხის ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის გეგმაზე.

არხის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ხდებოდა გიორგი გაბუნიას დაგეგმილი ლიკვიდაციის კოორდინირება, რაც რუსეთის ტერიტორიიდან, კერძოდ, ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან იმართებოდა. გვარამიას ინფორმაციით, უშუალო მოქმედებები კი საქართველოში მიმდინარეობდა.

სუს-მა სპეცოპერაცია თბილისში 12 ივნისს ჩაატარა. რადიო თავისუფლება დაუკავშირდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესცენტრს, რომლის წარმომადგენელმაც გვითხრა, რომ ჯერჯერობით ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ.

2019 წლის 7 ივლისს გიორგი გაბუნიამ ჯერ კიდევ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმში“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს რუსულად აგინა. „ვოვაჩკა შენ ხარ ორღობის მეძავი“, - ამ სიტყვებით დაიწყო მიმართვა საავტორო გადაცემის წამყვანმა და დაამთავრა დედის შეგინებით.

მალევე გაბუნიას სიტყვები ტელეკომპანია „რუსთავი 2”-თან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გააპროტესტეს, სადაც არხიდან მისი წასვლა და მენეჯმენტის შეცვლა მოითხოვეს. „რუსთავი 2"-ის მაშინდელი წამყვანის გინება უარყოფითად შეაფასეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი საერთაშორისო საზოგადოებას და პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქციელისთვის სათანადო შეფასება მიეცა.

გაბუნიას გინებას გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. „დიდი პატივია“ მისთვის ასეთი სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. მომავალშიც გააშუქოს“, - აღნიშნა პუტინმა.

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა გიორგი გაბუნიას რუსეთის პრეზიდენტის გინების შემდეგ დამალვა ურჩია, რადგან „არსებობს მილიონობით ახალგაზრდა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს პატივს სცემს”.

XS
SM
MD
LG