Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარია: ყველა შეეცდება ამ საკითხის გამოყენებას თავისი ვიწრო კორპორაციული ინტერესებიდან


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „პირველ არხთან“ ინტერვიუში ილაპარაკა ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმის ფარგლებში რუსეთის მოქალაქის დაკავების ფაქტზე.

„სამწუხაროდ, ისე გამოდის, რომ ბევრი მარჩიელობა ხდება ამ თემასთან დაკავშირებით. მე შემიძლია, გითხრათ, რომ ფაქტი, რაც გვაქვს, აღკვეთილია ქვეყანაში მძიმე დანაშაული, უმძიმესი დანაშაული. რა თქმა უნდა, ჩვენი, მთავრობის წევრის, პირველ რიგში სამართალდამცავი სისტემის უპირველესი მოვალეობაა ჩვენი მოქალაქის, განსაკუთრებით, ცნობილი ჟურნალისტის ჩადენილი მსგავსი დანაშაულები იყოს მაქსიმალურად შესაძლებელ სწრაფ დროში გამოძიებული და შესაბამისად, ეს ინფორმაცია ღიად, აბსოლუტურად ტრანსპარანტულად​ მიეწოდოს ჩვენს მოქალაქეებს. ეს უკიდურესი მნიშვნელობის საკითხია. განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ასეთ მძიმე დანაშაულის აღკვეთას, ასეთ შემთხვევებს კი არა ბევრ, უფრო მარტივ შემთხვევას ჩვენთან მოჰყვება უამრავი პოლიტიკური სპეკულირება და პოლიტიკური შლეიფი.

გასაგებია, რომ ჩვენ ახლა საარჩევნო პროცესში ვართ, პოლიტიკური ტემპერატურა იწევს, ყველა შეეცდება ამ საკითხის გამოყენებას თავისი ვიწრო კორპორაციული ინტერესებიდან. სამწუხაროდ, ეს ფაქტია და ეს ასე ხდება“, - ამბობს გიორგი გახარია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, კონტრტერორისტულმა ცენტრმა ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დააკავა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.

სუს-ის 15 ივნისის განცხადების თანახმად, ბრალდებული ვ.ბ.-ს დაკავებულია შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი, შესაბამისი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებდა.

15 ივნისს, „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ილაპარაკა ტელეარხის ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის გეგმაზე.

არხის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ხდებოდა გიორგი გაბუნიას დაგეგმილი ლიკვიდაციის კოორდინირება, რაც რუსეთის ტერიტორიიდან, კერძოდ, ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან იმართებოდა. გვარამიას ინფორმაციით, უშუალო მოქმედებები კი საქართველოში მიმდინარეობდა.

2019 წლის 7 ივლისს გიორგი გაბუნიამ ჯერ კიდევ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმში“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს რუსულად აგინა. „ვოვაჩკა შენ ხარ ორღობის მეძავი“, - ამ სიტყვებით დაიწყო მიმართვა საავტორო გადაცემის წამყვანმა და დაამთავრა დედის შეგინებით.

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა გიორგი გაბუნიას რუსეთის პრეზიდენტის გინების შემდეგ დამალვა ურჩია, რადგან „არსებობს მილიონობით ახალგაზრდა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს პატივს სცემს”.

XS
SM
MD
LG