Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაბუნიას საქმე: გამოძიება და განცხადებები - რა არ უნდა გამოგრჩეს 18 ივნისს


სუს-ი გაბუნიას საქმის გარემოებების საჯარო განხილვის წინააღმდეგია

გიორგი გაბუნიას საქმე: დღე მეორე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქმის გარემოებებზე საჯარო განხილვის წინააღმდეგია. რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, ვასამბეკ ბოკოვის ბრალდების საქმის შესახებ სუს-ის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ დავით ქუთათელაძემ ისაუბრა.

მისი თქმით მედიაში თემის განხილვის დროს, რიგ შემთხვევებში, „კეთდება ისეთი სახის უპასუხისმგებლო განცხადებები, რომლებიც არც ფაქტობრივ გარემოებებზეა დაფუძნებული და რაც ყველაზე შემაშფოთებელია, აზიანებს გამოძიების ინტერესებს“.

სუს-ის განცხადებით, ამ პროცესში ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალსაც შეიძლება ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რის გამოც ის კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ სისხლის სამართლის საქმის გარემოებების საჯარო განხილვისაგან.

გამოძიება კი გრძელდება. გუშინ სუს-ში „მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია დაიბარეს. ის გამოკითხვაზე არ მივიდა. როგორც მისმა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, გვარამიას სურს, რომ ის სასამართლოში გამოკითხონ.

საძაგლიშვილი ამბობს, რომ მათ სუს-ში გამოკითხვის შესახებ ჩანიშნულ დროზე 20 წუთით ადრე აცნობეს, უწყებაში კი 16 საათზე უნდა გამოცხადებულიყო. მისი თქმით, საგამოძიებო უწყებიდან საქმის დეტალების შესახებ არ უცნობებიათ, თუმცა ვარაუდობს, რომ გაუთქმელობაზე მოაწერინებენ ხელს.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას ინფორმაციით, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის შეკვეთით იყო დაგეგმილი.

საქართველოში დაწყებულ გამოძიებას კადიროვიც გამოეხმაურა. მან „სისულელე“ უწოდა მისი შეკვეთით ქართველ ჟურნალისტზე თავდასხმის გეგმას.

„ამჯერად ამბობენ, რომ დაიჭირეს ქილერი, რომელიც კადიროვის დავალებით ქართველ ვაი ჟურნალისტზე თავდასხმას გეგმავდა. ბატონებო, დამიჯერეთ, როდესაც ვინმე ჩემი მითითებით მოქმედებს, ის ამას შეასრულებს. ხოლო თუ დავალება უხმაუროდ უნდა შესრულდეს, მაშინ ვერავინ ამის შესახებ ვერაფერს გაიგებს, მით უფრო, ღრმა უძრაობაში მყოფ თქვენს ქვეყანაში“, - დაწერა თავის „ტელეგრამის“ არხზე ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერმა.

გუშინ კადიროვის განცხადებაზე კომენტარისთვის მედიამ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიმართა. მან თქვა, რომ ამ განცხადებას არ შეაფასებს.

წაიკითხე მეტი.

ასევე, უყურე რადიო თავისუფლების ჟურნალისტის, თორნიკე მანდარიას ინტერვიუს გიორგი გაბუნიასთან.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში

დადასტურებული შემთხვევა - 888

გარდაცვლილი - 14

გამოჯანმრთელებული - 731

კარანტინში - 2710

სტაციონარში - 267

დღეს, 17 ივნისს დილით განახლებული ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში 888-ს მიაღწია კორონავირუსის შემთხვევების საერთო რიცხვმა.

16 ივნისის დილიდან 17 ივნისის დილამდე სამთავრობო საიტზე, stopcov.ge-ზე აღრიცხული იყო 879 შემთხვევა. შესაბამისად, დადასტურებულია ინფიცირების 9 ახალი შემთხვევა.

განახლებული მონაცემებით, კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 7 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 731-ია.

კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევიდან 6 სხვა ქვეყნებიდან შემოტანილია. ამის შესახებ მედიას აცნობა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

ექვსიდან სამი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. ექვსივე კარანტინის ზონაში იმყოფებოდა.

კიდევ ორ ახალ პაციენტს კონტაქტი ჰქონდა ადრე დაინფიცირებულ პირებთან. მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, მხოლოდ ერთი შემთხვევაა, რომლის წყაროს მოძიება გრძელდება.

წაიკითხე მეტი.

დღეს ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერების ვიდეოკონფერენცია გაიმართება.

დღეს, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერების ვიდეოკონფერენცია გაიმართება, სადაც, სომხეთთან, აზერბაიჯანთან, მოლდოვასთან, ბელორუსთან და უკრაინასთან ერთად საქართველოც მონაწილეობს.

ვიდეოკონფერენციაზე რამდენიმე საკითხი განიხილება: COVID-19-ის პანდემია და ქვეყნების დახმარების გზები, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის სამომავლო პერსპექტივები. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთეს.

მათივე ინფორმაციით, ლიდერები განიხილავენ პანდემიის დროს დეზინფორმაციის გავრცელების საკითხს, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონსაც შეეხო.

შეხვედრის შემდეგ გაიმართება ლაივ პრეს კონფერენციაც.

ჟურნალისტების სარჩელი სტრასბურგში

ბესლან კმუზოვი და ლევან ცაავა საქართველოს წინააღმდეგ - 20 ივნისის ღამეს დაზარალებული ორი ჟურნალისტის საქმეს სტრასბურგის სასამართლომ ნომერი მიანიჭა.

„გურია ნიუსის“ ჟურნალისტი მერაბ ცაავა ჰყვება, რომ 20 ივნისის ღამეს დაბრმავებისგან მხოლოდ სახეზე აფარებულმა ხელმა იხსნა. რეზინის ტყვია ხელში მაშინ მოხვდა, როცა კამერა თვალთან ჰქონდა მიტანილი და დარბევას იღებდა. ჟურნალისტები ამბობენ, რომ მათ მიზანმიმართულად ესროდნენ.

„Кавказский Узел“-ის ჟურნალისტს, ბესლან კმუზოვს, ექვსამდე ტყვია ესროლეს, მათ შორის თავშიც, რის გამოც ნაკერების დადება დასჭირდა.

აქციას ვიღებდი. თავიდან სამართალდამცავები არაფერს მერჩოდნენ, თითქოს დაცულადაც კი ვგრძნობდი მათთან თავს. უკვე 21 ივნისი იყო, როცა ჩემ წინ კაცი დაეცა, მუცელი გადახსნილი ჰქონდა, ნაწლავი -გადმოვარდნილი. გაგონილი მაქვს, რომ ეს სასიკვდილო ჭრილობაა. ხალხს მივეხმარე, რომ სამშვიდობოს გაგვეყვანა. უკან დაბრუნებული სამართალდამცავებისკენ ხელებაწეული წავედი, თან ვიძახდი: „თქვენ კაცი მოკალით“. მინდოდა სცოდნოდათ, რომ მათი ტყვიები ლეტალურია. დარწმუნებული ვარ, არ იცოდნენ ამის შესახებ. მეხუთედ რომ დავიყვირე, ყველამ ერთად მესროლა“, - ამბობს ბესლან კმუზოვი.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ინფორმაციით, 20 ივნისს, აქციის დაშლისას, მედიის 39 წარმომადგენელი დაშავდა. ამასთან, აქციის დაშლამდე სამართალდამცავებს ისინი არ გაუფრთხილებიათ. მედიის წარმომადგენლების ნაწილი ხაზგასმით აცხადებს, რომ სამართალდამცავები დამიზნებით ესროდნენ რეზინის ტყვიებს და თან ლანძღავდნენ კიდეც.

წაიკითხე მეტი.

„დექსამეტაზონი“ - შეამცირებს თუ არა კრიტიკული კოვიდ-პაციენტების სიკვდილიანობას?

"ეს არის პირველი სამკურნალო პრეპარატი, რომელმაც აჩვენა, რომ შეუძლია შეამციროს სიკვდილიანობა იმ პაციენტებში, რომლებსაც ჟანგბადი ან ფილტვების ვენტილაცია ესაჭიროება. ეს არის არაჩვეულებრივი ამბავი".

ასე გამოეხმაურა 16 ივნისს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი, ტედროს ადჰანო ღებრეისუსი ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულ კლინიკურ გამოკვლევას, რომელმაც აჩვენა, რომ დაბალფასიანი პრეპარატი „დექსამეტაზონი“, COVID19-ით ინფიცირებულ, კრიტიკულ პაციენტებში ერთი მესამედით ამცირებს სიკვდილიანობის მაჩვენებელს.

დიდმა ბრიტანეთმა ჯერ კიდევ მარტში დაიწყო კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატების ყველაზე დიდი კლინიკური კვლევა, RECOVERY, რომელშიც 11 500 პაციენტი ჩაერთო 175 კლინიკიდან. საკვლევ პრეპარატებად კი გამოყენებულ იქნა ლოპინავირ/რიტონავირი (შიდსის საწინააღმდეგო მედიკამენტი), დექსამეტაზონის მცირე დოზა, ჰიდროქსიქლოროქინი, აზიტრომიცინი (ანტიბიოტიკი), ტოცილიზუმაბი (იმუნოდეპრესიული საშუალება) და COVID-19-სგან გამოჯანმრთელებული ადამიანის პლაზმა.

Recovery-ის გამოკვლევის მიხედვით, 10 დღის განმავლობაში, 2104 პაციენტი, დღეში ერთხელ იღებდა 6 მგ "დექსამეტაზონს". მათი მონაცემები მკვლევრებმა შეადარეს იმ 4321 პაციენტის მონაცემებს, რომლებსაც დექსამეტაზონი არ მიუღიათ, შედეგად კი აღმოჩნდა, რომ სასუნთქ აპარატზე დამოკიდებულ პაციენტებში, რომლებიც დექსამეტაზონს იღებდნენ, სიკვდილიანობის რისკი 40%-დან 28%-მდე შემცირდა. ხოლო იმ პაციენტებში, რომლებსაც ჟანგბადის თერაპია სჭირდებოდათ, ეს მაჩვენებელი 25%-დან 20%-მდე დავიდა.

როგორც გამოკვლევის ავტორები წერენ, ეს შედეგი ნიშნავს, რომ ვენტილაციაზე დამოკიდებული ყოველი რვა პაციენტიდან, ამ მკურნალობის შედეგად, ერთის სიცოცხლის გადარჩენა იქნება შესაძლებელი. ხოლო ჟანგბადზე დამოკიდებული პაციენტებისთვის, მედიკამენტი ყოველ მეოცე-ოცდამეხუთე ინფიცირებულს შეუნარჩუნებს სიცოცხლეს.

იყენებენ თუ არა დექსამეტაზონს კოვიდინფიცირებულების გამოსაჯანმრთელებლად საქართველოში და როგორია ექიმების რეკომენდაცია, წაკითხე ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

  • დავითი ერთ-ერთია 20 ივნისის აქციაზე დაშავებულთაგან, რომელიც პროტესტისას მიღებული ტრავმის გამო დღეების განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
  • მკურნალობის პროცესი ახლაც გრძელდება - ისტორია, რომელსაც რადიო თავისუფლებას უყვება, ხანგრძლივი მკურნალობის და შიშით ცხოვრების გარდა, იზოლაციის ამბავიცაა. დავითს კლინიკაში დაცვა ჰყავდა დანიშნული - ოჯახის წევრების გარდა ვინმე სხვას რომ ვერ ენახა.
  • 20 ივნისის შემდეგ ეს მისი პირველი ვრცელი ინტერვიუა. აქციიდან 1 წლის შემდეგ არ აქვს დაზარალებულის სტატუსი, არ ჰყავს ადვოკატი და შიშობს, მისი “ზედმეტი” აქტიურობის გამო სახელმწიფომ უარი არ თქვას მკურნალობის დაფინანსებაზე. დავითის, ისე როგორც სხვა დაშავებულების მკურნალობას სახელმწიფოს ნაცვლად "ფონდი ქართუ" უზრუნველყოფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG