Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ევროპის სახალხო პარტიას" გიორგი რურუას პატიმრობა აშფოთებს


დონალდ ტუსკი
დონალდ ტუსკი

„ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) თავმჯდომარე დონალდ ტუსკი პარტიის სახელით, საქართველოს მთავრობას მოუწოდებს 8 მარტის შეთანხმების ბოლომდე შესრულების და გიორგი რურუას გათავისუფლებისკენ.

ტუსკი ტვიტერზე წერს, რომ „ევროპის სახალხო პარტია“ საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს მიღწეულ შეთანხმებას მიესალმა როგორც გადამწყვეტ ნაბიჯს დაძაბულობის შესამცირებლად. EPP შეშფოთებულია, რომ რურუა ისევ საპატიმროშია.

დონალდ ტუსკი წერს საქართველოში მოახლოებული არჩევნების შესახებაც. კერძოდ, „ევროპის სახალხო პარტია“ მოელის, რომ საარჩევნო კამპანია თავისუფალი იქნება ამომრჩეველთა მოსყიდვის, დაშინების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და ძალადობის დაუსჯელობისგან, რის შესახებაც წინა არჩევნების დროს იუწყებოდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები.

„მთავარი არხის“ წილის მფლობელს, 2019 წლის ნოემბერში დაკავებულ გიორგი რურუას ბრალად ედება იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება. მის საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ გიორგი რურუა ყალბი ბრალდებით დაკავებული პოლიტპატიმარია და მისი, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილი გათავისუფლება იყო 8 მარტის შეთანხმების ნაწილი. ამას უარყოფენ "ქართულ ოცნებაში". უგულავა და ოქრუაშვილი პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა 15 მაისს შეიწყალა.

ევროპელი და ამერიკელი დიპლომატების მონაწილეობით, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმებით, 2020 წელს საქართველოს მოქალაქეებმა პარლამენტის 150 წევრიდან 120 პროპორციული, ხოლო 30 მაჟორიტარული სისტემით უნდა აირჩიონ.

საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები რურუას გათავისუფლების გარეშე არ აპირებენ შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილების მხარდაჭერას.

XS
SM
MD
LG