Accessibility links

მკვლელობის მუქარა 15 წლის გოგოს და 12 დღის თავზე დაპატიმრებული ბრალდებული


„გოგოებო, დახმარება მჭირდება... დიდი ხანია ეს ადამიანი აკიდებული მყავს, ვბლოკავ და თავიდან მწერს...ჩემი ძალიან ახლო მეგობრისთვის აქვს მიწერილი, ოჯახს ამოვუხოცავო...გუშინ მთელი დღე ჩემს კორპუსთან იდგა... თუ არის საშუალება ისე ვუჩივლო, რომ მშობლებამდე არ მივიდეს ხმა? არასრულწლოვანი ვარ, ის 21 წლისაა“.

ეს გზავნილი „ფეისბუქის“ დახურულ ჯგუფში, სადაც 100 ათასამდე ქალია გაერთიანებული, 15 წლის გოგომ ივნისის დასაწყისში დაწერა. გოგო ჯგუფის წევრებს რჩევას სთხოვდა.

ჯგუფის მომხმარებლების უმრავლესობამ, არასრულწლოვანს ურჩია, მუქარისა და ადევნების ამბავი მშობლებისთვის გაემხილა და პოლიციაში ერთად წასულიყვნენ:

„შენს სიცოცხლეს როცა ემუქრებიან, აუცილებლად უნდა გაიგონ მშობლებმა. არასრულწლოვანი ხარ და პოლიციაც სერიოზულად მოეკიდება ამ საკითხს, უჩივლებთ, გამოძიება დაიწყება, წარადგენ ყველა შენახულ მტკიცებულებას“...

„დედასაც უნდა უთხრა და მამასაც. მსგავს სიტუაციაში სწორედ ისინი დაგეხმარებიან და მოგისმენენ. არ შეიძლება ასე ჩაიაროს ამ ამბავმა“...

რამდენიმე ხანში გოგომ ჯგუფში ისევ დაწერა: „მამაჩემს ვუთხარი, ვუჩივლეთ“.

18 ივნისს, შუადღისას, სოციალურ ქსელში კიდევ ერთი პოსტი გაჩნდა, ოღონდ ამჯერად უკვე საჯაროდ:

„გამარჯობა, მე ვარ ვახო, თინის მამა“...

არასრულწლოვანი გოგოს მამა „ფეისბუკის“ ვრცელ პოსტში აღწერს იმ პერიპეტიებს, რომლებიც შვილის მიმართ განხორციელებული მუქარის ამბის გაგებას და შემდეგ უკვე პოლიციაში მიმართვას მოჰყვა:

„12 დღეა დავდივართ პოლიციის განყოფილებაში, ვაღამებთ, ვათენებთ, გვართმევენ ჩვენებებს, თინის დაუნიშნეს სამხარაულის ფსიქიატრიული ექსპერტიზა - ეგეც გავაკეთეთ არის საშინელი ბიუროკრატია. ამ დროს რა ხდება, ეს ტიპი დადის გარეთ არხეინად. ხან მე დამიკომენტარებს რამეს-წაშლის ხან სხვას მიახტება. თინის კიდევ მიწერა ამ პერიოდში. შედეგი არის - 0. გადავინაცვლეთ პროკურატურაში მე-11 დღეს. პროკურორმაც დაჭერას, სავარაუდოდ, ვერ შევძლებთო, მაგრამ აკრძალვას გავუკეთებთო, ამ შუამდგომლობით შევალთო“...

არასრულწლოვანი გოგოს მამის პოსტის გამოქვეყნებიდან დაახლოებით 7 საათში, 18 ივნისსვე, პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს არასრულწლოვნის მიმართ ადევნების და მუქარის ფაქტზე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა.

18 ივნისსვე, გვიან, თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა შედგა. ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა.

გამოძიება გრძელდება. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 151-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა აღძრული, რაც არასრულწლოვნის მიმართ მუქარასა და განმეორებით ადევნებას გულისხმობს და რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რატომ დასჭირდა გამოძიებას სავარაუდო დამნაშავის დასაპატიმრებლად 12 დღე?

გამოძიება საქმეზე 7 ივნისს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მეორე განყოფილებაში დაიწყო. არასრულწლოვანი გამოძიებამ დაზარალებულად გამოძიების დაწყებიდან მეთერთმეტე დღეს, 17 ივნისს სცნო.

რატომ დასჭირდა გამოძიებას 11 დღე იმისათვის, რომ არასრულწლოვანი დაზარალებულად ეღიარებინათ? ან რატომ არ გამოუწერა პოლიციამ ადევნებასა და მუქარაში ბრალდებულ პირს შემაკავებელი ორდერი? მით უმეტეს, რომ როგორც არასრულწლოვნის მამა სოციალურ ქსელში წერს, ამ პერიოდში, ბრალდებული კვლავ სწერდა მის შვილს.

კითხვაზე, თუ რატომ არ გამოწერა პოლიციამ შემაკავებელი ორდერი, შსს-გან პასუხი ვერ მივიღეთ. რაც შეეხება 11-დღიან საგამოძიებო პერიოდს, როგორც შსს-ში განუმარტავენ რადიო თავისუფლებას, "მთელი ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები".

ამავეს აცხადებენ პროკურატურაში და ამბობენ, რომ საქმის სირთულიდან გამომდინარე, პროკურატურას შესაბამისი დრო დასჭირდა იმისათვის, რომ სასამართლოსთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიემართა.

სხვა დამატებით დეტალებზე არც შსს-ში და არც პროკურატურაში, არ ლაპარაკობენ.

გამოძიების პროცედურებთან დაკავშირებით კითხვები დაუგროვდა „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ იურისტს, ანა თავხელიძეს. როგორც ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, როდესაც საქმე ეხება ბავშვის მიმართ ძალადობას და არსებობს მომეტებული საფრთხე მის მიმართ ძალადობის განმეორებისა, არაადეკვატურია ის ვადა, რაც გამოძიებას არასრულწლოვნის დაზარალებულად ცნობისა და ბრალდებულის დასაპატიმრებლად დასჭირდა:

„პოლიციას უნდა მოეხდინა მყისიერი რეაგირება. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა გამოწერილიყო შემაკავებელი ორდერი. საქმე გვაქვს გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულთან, ამიტომ პოლიციას უნდა გამოეწერა შემაკავებელი ორდერი, რაც სულ ნახევარი საათის საქმეა და ამით აეკრძალათ მისთვის ბავშვთან ნებისმიერი ფორმით კომუნიკაცია. ეს იქნებოდა პირველადი რეაგირება. ამის პარალელურად, ძალიან შემჭიდროებულ ვადებში უნდა ჩაეტარებინათ ყველა საგამოძიებო მოქმედება იმისათვის, რომ დანაშაულის დასაბუთებული ვარაუდი შეექმნათ და რა თქმა უნდა, დროულად უნდა მიეღოთ პირის დაკავების გადაწყვეტილება, იქიდან გამომდინარე, რომ იკვეთებოდა განგრძობითი ქმედება, მომეტებული საფრთხე და ამ ქმედებას ახასიათებდა განმეორებითობა. ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში პირის დაკავების სამართლებრივი საფუძველი არსებობდა და ამ კატეგორიის საქმეს 12 დღე ნამდვილად არ სჭირდება“.

ანა თავხელიძისთვის ნიშანდობლივია ისიც, რომ გამოძიებამ სავარაუდო დანაშაულზე რეაგირების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც ინფორმაცია სოციალურ ქსელში არასრულწლოვნის მამამ გაავრცელა:

„პროკურატურაც და შსს-ც აცხადებენ, რომ ზოგადად, ბავშვის მიმართ ჩადენილი დანაშაულების მიმართ მკაცრი პოლიტიკა აქვთ, მაგრამ ამ საქმის გარდა, სხვა ბევრ საქმეზეც ვხედავთ, რომ სანამ საზოგადოებაში არ გაჩნდება კრიტიკული აზრი და მას არ მოჰყვება ვნებათაღელვა, მანამდე გამოძიება ეფექტურად არ რეაგირებს. სამწუხაროდ, საქმის გახმაურება პირდაპირ კავშირშია ხოლმე სწრაფ რეაგირებასთან. ეს ეხება როგორც პოლიციას, ისე პროკურატურასა და სასამართლოს. არც პროკურატურაზე, არც პოლიციასა და არც სასამართლოზე, საზოგადოებრივი აზრი გავლენას არ უნდა ახდენდეს. ეს უწყებები ისედაც უნდა ხვდებოდნენ, რა ტიპის დანაშაულის შემთხვევაში, რა ტიპის აღკვეთის ღონისძიების საკითხი უნდა დადგეს და რაზე მოითხოვონ მყისიერი და მკაცრი რეაგირება“.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხარვეზი, რომლის შესახებაც ანა თავხელიძე რადიო თავისუფლებასთან ლაპარაკობს, ეს არის გამოძიების გადაწყვეტილება, რომ არასრულწლოვნისათვის ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაეტარებინათ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ფსიქიატრიულ დეპარტამენტში. ანა თავხელიძე, როგორც ადვოკატი, კატეგორიული წინააღმდეგია, რომ მსგავსი ტიპის ექსპერტიზა არასრულწლოვნებს სამხარაულის ბიუროში უტარდებოდეთ:

„იქ არანაირად არ არის ბავშვზე მორგებული გარემო. როგორც წესი, იქ ჰყავთ უმძიმესი პაციენტები და ბავშვებს სწორედ ამ პაციენტებთან ერთად, საერთო დერეფანში უწევთ ლოდინი. ჩათვალეთ, რომ შედიხართ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ისეთი გარემოა შექმნილი, თავი რომ დავანებოთ თანამედროვე მიდგომებსა და ბავშვზე მორგებულ სიტუაციას. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა და სახელმწიფომ დროულად უნდა შეცვალოს ეს მიდგომა, რომ ბავშვებს არ უწევდეთ იმ სივრცეში მოხვედრა, სადაც მათთან ერთად მსჯავრდებულებსა და მძიმე პაციენტებს უტარდებათ ექსპერტიზა“.

მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში არასრულწლოვნის მამამ სავარაუდო დანაშაულის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, საქმის მოკვლევა დაიწყო ომბუდსმენის ოფისმაც.

როგორც სახალხო დამცველის მოადგილე, ეკა სხილაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, არასრულწლოვნის მამა სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში მიუთითებს შესაძლო არასათანადო რეაგირებაზე სამართალდამცავების მხრიდან და შესაბამისად, სახალხო დამცველის აპარატმა გადაწყვიტა საკუთარი ინიციატივით დაიწყოს საქმის შესწავლა:

„ჩვენ უკვე დავუკავშირდით გენერალურ პროკურატურას და შსს-ს. მოვიკითხეთ დეტალები საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. მათ შორის, ოფიციალურად მივმართეთ ყველა შესაბამის უწყებას. ჩვენი ინტერესია, რომ ერთი მხრივ, შევაფასოთ რამდენად იყო ეფექტური ამ დრომდე გატარებული საგამოძიებო მოქმედებები, რამდენად პასუხობდა საქმეში არსებულ გარემოებებს და იმ შესაძლო გამოწვევებს, რის წინაშეც არასრულწლოვანი იდგა. მეორე მხრივ კი ჩვენ მონიტორინგს გავუწევთ პროცესის შემდგომ მიმდინარეობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ შემთხვევებზე ყოველთვის განხორციელდეს დროული და ეფექტური რეაგირება, რადგან საკითხი ეხება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესს და იმ ზიანს, რაც შესაძლოა ამ პროცესს მოჰყვეს, მათ შორის, მეორადი ვიქტიმიზაციის სახით. აუცილებლად მივყვებით ამ პროცესს ბოლომდე“.

იქნებ შენი შვილი ძალადობის მსხვერპლია?

ემოციური ძალადობა, სექსუალური ძალადობა, დაშინება, მუქარა - ეს ის დანაშაულებია, რომლებსაც შესაძლოა მოზარდები ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან და მარტოებს უწევთ ამ შიშებთან გამკლავება. 21-ე საუკუნეში, როდესაც ინტერნეტი ხელმისაწვდომია როგორც მოზარდთა დიდი ნაწილისათვის, ისე მოძალადეებისათვის, ეს სივრცე გაცილებით სახიფათო გახდა. როგორ დავიცვათ მოზარდები ძალადობისგან? რა უნდა იცოდნენ, რომ საფრთხე თავიდან აიცილონ? რამდენად მნიშვნელოვანია ამ სიტუაციაში მშობლების მიმართ ნდობა? და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თუკი გაჩნდა ეჭვი, რომ მისი შვილი შესაძლოა ძალადობის მსხვერპლია?

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი, ანა აბაშიძე, რადიო თავისუფლებასთან იმ რეკომენდაციებს ჩამოთვლის, რომლებიც მშობლებსა და მოზარდებს მსგავს სიტუაციაში დაეხმარება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG