Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსმა ევროპის რეგიონში „კუდი მოიქნია“


უკრაინა
უკრაინა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში (WHO) აცხადებენ, რომ „რეალობად იქცა“ კორონავირუსის ახალი ძალით მობრუნების საშიშროება, რომლის საფრთხეზე ორგანიზაციის ექსპერტები შეშფოთებით საუბრობდნენ მას შემდეგ, რაც მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ ერთიმეორის მიყოლებით დაიწყო მკაცრი საკარანტინო ზომების გაუქმება.

ჯანმოს ევროპული რეგიონის დირექტორის, ჰანს ჰენრი კლუგეს, 25 ივნისის ანგარიშის თანახმად, ბოლო კვირაში რეგიონის რამდენიმე ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყანაში გამოიკვეთა COVID 19-ის ზრდის ტენდენცია.

განსაკუთრებით საგანგაშოდ შეფასდა ეპიდემიოლოგიური ვითარება ევროპის ქვეყნებსა და პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებში: აზერბაიჯანში, ალბანეთში, ბოსნია-ჰერცეგოვინაში, მოლდოვაში, სომხეთში, შვედეთში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, ყირგიზეთში, ყაზახეთში, უკრაინასა და კოსოვოში.

სომხეთი. 27 მაისი
სომხეთი. 27 მაისი

რეალობად ქცეული საფრთხე

„მსოფლიოში, სადაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ანგარიშით, დადასტურებულია 9 მილიონზე მეტი COVID 19-ით ინფიცრებული და 400 000-ზე მეტი გარდაცვლილი, პანდემია გრძელდება და კვირას დარეგისტრირდა ახალი კორონავირუსით ინფიცირების ახალი რეკორდი. ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლინდა დაავადების 183 020 ახალი შემთხვევა“, - განაცხადა 25 ივნისს კოპენჰაგენში ორგანიზაციის ევროპული რეგიონის დირექტორმა, ჰანს ჰენრი კლუგემ.

კიდევ ერთი ავტორიტეტიანი საერთაშორისო ინსტიტუტის, „ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის“, ბოლო, 26 ივნისის, ანგარიშის თანახმად, კორონავირუსის გავრცელების გლობალური სტატისტიკით, დაავადებულთა რაოდენობა 9,6 მილიონ ადამიანზე მეტია, გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა კი 500 ათასს მიუახლოვდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპულ რეგიონში, რომელიც მოიცავს ცენტრალური აზიისა და დასავლეთ ევროპის შვიდ ტერიტორიას და 54 ქვეყანას, გლობალური მასშტაბით, უფრო ნაკლებად არის გავრცელებული კორონავირუსი, ვიდრე ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში.

პანდემიის განმავლობაში ევროპის რეგიონში დარეგისტრირებულია COVID 19-ით ინფიცირებული 2,6 მილიონი ადამიანი - დაავადების თვალსაზრისით, გლობალური მაჩვენებლის ერთი მეოთხედი.

კორონავირუსით გარდაიცვალა 195 000 პაციენტი, ანუ ევროპის რეგიონზე მოდის გარდაცვალების მსოფლიო სტატისტიკის 40 %.

მაგრამ წინა კვირის სტატისტიკის თანახმად, გასულ თვეებში, პირველად ევროპაში, კვლავ იმატა ინფიცირების შემთხვევებმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ევროპის რეგიონში ყოველდღიურად თავს იჩენს ახალი კორონავირუსის 20 ათასი შემთხვევა, გარდაცვალების ყოველდღიური საშუალო მაჩვენებელი 700-ს უდრის.

ამ საფრთხეზე საუბარი ჯანმოს ექსპერტებმა დაიწყეს მას შემდეგ, რაც ევროპის რეგიონში, გაერთიანებული ევროპისა და აზიის ქვეყნებში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის დროს შემოღებული მკაცრი ზომების შერბილება დაიწყეს.

„ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ეს რისკი ახლა უკვე რეალობად იქცა - ბოლო ორი კვირის განმავლობაში 30 ქვეყანასა და ტერიტორიაზე თავი იჩინა დაავადების ჯამურად მატების ახალმა შემთხვევებმა. თერთმეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზე ინფექციის დაჩქარებულმა გავრცელებამ გამოიწვია ეპიდემიის კვლავ გაძლიერება, რაც, თუ ის არ შევაჩერეთ, კვლავ მიიყვანს უფსკრულის ზღვარზე ევროპის ჯანდაცვის სისტემას“, - თქვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული რეგიონის დირექტორმა, ჰანს ჰენრი კლუგემ.

რატომ დაიმსახურა ჯანმოს ქება საქართველომ

ამ არასახარბიელო ვითარების ფონზე, ჯანმომ ქების სიტყვებით მოიხსენია რამდენიმე ქვეყანა: გერმანია, ესპანეთი, ისრაელი და პოლონეთი, რომლებმაც ბოლო კვირებში „სწრაფი და მიზანმიმართული მოქმედებით“ შეძლეს COVID 19-ის ახალი შემთხვევების კონტროლზე აყვანა.

მოსახლეობის დონეზე ჰანს ჰენრი კლუგემ „სასიხარულო ნოტა“ უწოდა ცნობას იმის თაობაზე, რომ ადამიანებმა კვლავ დაიწყეს ფიზიკური დისტანციის დაცვა და ნიღბების ტარება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია კი მოუწოდებს ქვეყნებს, რომ ეფექტურად გამოიყენონ ეპიდემიური COVID 19-ის თვალთვალის სისტემა (COVID 19 surveillance systems), რათა გამოავლინონ ინფიცირებულთა კონტაქტები და უზრუნველყონ თითოეული დაავადებულის დროული იზოლირება.

კორონავირუსის ინფექციის შესახებ ინფორმაციების მოპოვების მიმართულებით წამყვანი როლი ეკისრებათ ციფრულ ტექნოლოგიებს. „ავსტრია, საქართველო და ჩრდილოეთი მაკედონია შედიან იმ 27 ქვეყანაში, რომლებმაც ეროვნულ დონეზე მიიღეს გადაწყვეტილება ევროპაში კორონავირუსის შემთხვევების ციფრული მეთოდით (სატელეფონო აპლიკაციით) თვალყურის მიდევნების შესახებ. კიდევ ოთხი ქვეყანა (ანდორა, ფინეთი, ირლანდია და პორტუგალია) გადაწყვეტილების მიღების სტადიაში იმყოფება“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული რეგიონის დირექტორმა, ჰანს ჰენრი კლუგემ.

ამასთან, ჯანმო აფრთხილებს ყველა ქვეყანას, რომ ეს „ციფრული ჯანდაცვის“ ტექნოლოგია „ბრძნულად და ფრთხილად“ გამოიყენონ და დაიცვან ინდივიდის „უსაფრთხოება და კონფიდენციალობა“.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG