Accessibility links

„შავი არქეოლოგია“ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. როგორ ძარცვავდა რუსული ფირმის გენერალური დირექტორი სამარხებს


საოკუპაციო ხაზი

რუსეთის ფედერაციიდან ცხინვალში ჩასული ცოლ-ქმარი დილით ადრე ჯავის გზას დაადგა. მანქანაში მეტალოდეტექტორი, ნიჩბები და სხვა ტექნიკური მოწყობილობები უკვე ჩალაგებული ჰქონდათ.

წინასწარ მოლაპარაკებულ რამდენიმე მუშას გზად გაუარეს და ტრანსკავკასიურ მაგისტრალზე გავიდნენ. გუფთის ხიდიდან ხელმარცხნივ კვაისა-ონის გზაზე გადაუხვიეს და სოფელ სარიტათის მიადგნენ. სოფლის ძველ ეკლესიასთან გაჩერდნენ.

ქმარმა მანქანიდან ნიჩბები გადმოიღო და მუშებს დაურიგა, თვითონ კი ცოლთან ერთად მეტალოდეტექტორით ეკლესიის მიმდებარე ტარიტორიაზე ძველ საფლავებთან ნელა დაიწყო მოძრაობა. დეტექტორის სიგნალის შესაბამისად ტერიტორიას ნიშნავდა და მუშებს ავალებდა, რომ მონიშნული ადგილები გაეთხარათ.

„განძის მაძიებლები“ დიდხანს მუშაობდნენ. ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია სულ გადათხარეს. ეს ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა დაინახა, საეჭვოდ მიიჩნია და პროკურატურაში დარეკა.

„შავი არქეოლოგები” მილიციელებმა დააკავეს, ნივთმტკიცებები ამოიღეს. მუშები წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, რუსეთის მოქალაქე ცოლ-ქმარი კი დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის საელჩოში ელჩ მარატ კულახმეტოვთან გასაუბრებაზე მიიწვიეს. ახსნა-განმარტების შემდეგ ისინი გაუშვეს.

ვინ არის რომან კოვრიგა?

მუშების დაკავებამ და რუსეთის მოქალაქე ცოლ-ქმრის გაშვებამ ცხინვალში დიდი მღელვარება გამოიწვია. ცოლ-ქმრის ვინაობას სამართალდამცავები მალავდნენ და ადგილობრივ მედიაშიც მხოლოდ მოკლე ცნობები გადიოდა უკანონო არქეოლოგიური გათხრების შესახებ. ჩვენი წყარო ცხინვალიდან, სამოქალაქო აქტივისტი, გვატყობინებს, რომ განძის მაძიებლების ვინაობა საბოლოოდ მაინც გაირკვა.

„რომან კოვრიგა ცხინვალში მობილური კომპანია „მეგაფონის“ (რუსეთის მსხვილი სატელეკომუნიკაციო კომპანია, რომელიც დე ფაქტო რესპუბლიკაში "მეგაფონ-სამხრეთ ოსეთის" სახელით მუშაობს) გენერალური დირექტორია. ის კომპანიის გენდირექტორად მოსკოვიდან დაინიშნა და აქ, ცხინვალში, ცოლთან ერთად ცხოვრობს. სარიტათის ეკლესია სამხრეთ ოსეთის კულტურული მემკვიდრეობის რეესტრშია შეტანილი და ეს კაცი ამ ეკლესიასთან უკანონო არქეოლოგიით იყო დაკავებული. მთელმა ცხინვალმა იცის ეს ფაქტი. ეს არის ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობის უპატივცემულობა და ის უნდა დაისაჯოს. აუცილებელია გაიჩხრიკოს მისი სახლი მოსკოვში, დარწმუნებული ვართ, რომ სამხრეთ ოსეთიდან გატანილი არაერთი ისტორიული არტეფაქტი აღმოჩნდება მის ბინაში. როგორც ჩანს, მას კომპანიაში დანიშნული ძალიან მაღალი ხელფასი არ ჰყოფნიდა და ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობის გაყიდვითაც დაიწყო ხელის მოთბობა. გავლენიანი კაცია, ბიბილოვთან დაახლოებული, და, აბა, მის დაკავებას ვინ გაბედავდა“, - ამბობს იგი.

რომან ვასილის ძე კოვრიგა კრასნოდარის მხარეში დაიბადა. იქვე დაამთავრა სკოლა და რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს უნივერსიტეტის კრასნოდარის ფილიალი. ახლა ის წარმოადგენს იმ კომპანიას, რომელიც არღვევს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და უკანონო ბიზნესსაქმიანობას ეწევა ცხინვალის რეგიონში.

დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალდამცავები არ ამბობენ, ეს კოვრიგას შავი არქეოლოგიით დაინტერესების პირველი შემთხვევა იყო, თუ ეს საქმე დიდი ხნის წინ წამოიწყო.

სოციალურ ქსელში სულ უფრო მეტი ადამიანი წერს იმის შესახებ, რომ ეკლესია-მონასტრებთან გადათხრილი ტერიტორიები უნახავთ. იქვე არაერთი კომენტატორი მოითხოვს, რომ კოვრიგა და მისი ცოლი ე.წ. რესპუბლიკის ტერიტორიიდან გააძევონ მაინც, თუ მათ დაკავებას არ აპირებენ.

ამ რეზონანსულ საქმეს დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტში საკომიტეტო მოსმენა მოჰყვა, სადაც ეროვნული პოლიტიკის, კულტურის, რელიგიისა და მედიის კომიტეტის სხდომაზე დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურორი ურუზმაგ ჯაგაევი და კულტურის მინისტრი ჟანა ზასეევა მიიწვიეს. პროკურორმა თქვა, რომ საქმე ძიებაშია და რუსეთის მოქალაქეები სამხრეთ ოსეთიდან გაუსვლელობის ხელწერილით არიან გათავისუფლებულები.

კოვრიგასა და მისი მეუღლის მიმართ სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საკითხი საგამოძიებო ორგანოების პრეროგატივაა. ყველაზე სერიოზული მუხლი, რაც მათ შეიძლება წაუყენონ, არქეოლოგიური ნივთების უკანონო მოპოვებაა. დანაშაული ითვალისწინებს სასჯელს – 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ან ჯარიმას 1 მილიონ რუბლამდე (დაახლოებით, 50 ათასი ლარი).

„დიდი ხანია, ვითხოვ, რომ რელიგიურ და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან სახელმწიფო დაცვის წარმომადგენლები დავაყენოთ არა მარტო ძეგლების დასაცავად, არამედ იქ წესრიგის დასამყარებლად, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არ გამოდის, ამიტომ ისღა დაგვრჩენია, რომ სოფლებში ადმინსტრაციების წარმომადგენლებს ვთხოვოთ, ყურადღებით იყვნენ და თითოეული ინციდენტის შესახებ შეგვატყობინონ“, - დე ფაქტო კულტურის მინისტრი ჟანა ზასეევა ასე გამოეხმაურა მომხდარს ადგილობრივი ტელევიზიით.

შავი თუ პოლიტიკური არქეოლოგია?

ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ძეგლები საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობაა, მაგრამ ქართველი ძეგლთა დამცველები ვერც აფხაზეთში შედიან და ვერც ცხინვალის რეგიონში, თუმცა იქ არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ფლობენ და საერთაშორისო ბერკეტებსაც იყენებენ.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე დავით ლომიტაშვილი ამბობს, რომ რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ძეგლებთან მიმართებით ხდება, ვანდალიზმია.

„ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსულ-ოსური პოლიტიკური ტანდემი, ვითომ ძეგლების რეაბილიტაციის მოტივით, ფულს რეცხავს. ამის მაგალითია ახალგორის მუზეუმის გასაკეთებლად გამოყოფილი 4 მილიონი, რომელიც ისე გაქრა, რომ კაციშვილმა არაფერი იცის. იმ მუზეუმში არანაირი სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებულა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სრულიად უკანონოდ მიიჩნევს იმ სამუშაოებს, რომლებიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე მიმდინარეობს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ჩართულობა ნულია და, შესაბამისად, არცერთი პროექტი ჩვენთან შეთანხმებული არ არის. ერთადერთი ბერკეტი ის გვაქვს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით მოვახდინოთ ზეწოლა ჩვენთვის, სხვა სიტყვა არ ჰქვია ამას, ვანდალურ აქტებზე, როგორი კეთილი განზრახვაც არ უნდა არსებობდეს იქითა მხრიდან, თუმცა არ მგონია, ფრესკების შეთეთრებაში კეთილი განზრახვა იყოს“.

დავით ლომიტაშვილი
დავით ლომიტაშვილი

დავით ლომიტაშვილი ფიქრობს, რომ დროთა განმავლობაში „შავ არქეოლოგიაზე უფრო საშიშად შესაძლოა პოლიტიკური არქეოლოგია იქცეს“ - რუსეთის ფედერაცია ყველა ბერკეტს იყენებს ისტორიული ფაქტების გასაყალბებლად.

შავი არქეოლოგიის დროს უკანონოდ მოპოვებული ნივთები და არტეფაქტები შავ ბაზარზე ხვდება და ამით რამდენიმე პირი სარგებლობს. ხოლო პოლიტიკური არქეოლოგიის მიზანია კულტურის თვალსაზრისით გეოპოლიტიკური არეალების გამიჯვნა, რაც რუსეთმა 90-იანი წლებიდან აფხაზეთის მიმართულებით ინტენსიურად დაიწყო. ლომიტაშვილს ახლა ყველაზე მეტად ეს უკონტროლო ვითარება აშფოთებს:

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სამაროვნებიდან ამოაქვთ უნიკალური ქართული კულტურული მემკვიდრეობის მასალა, გადააქვთ ჩრდილოეთ კავკასიაში, იქ ფლავენ ნეიტრალურ ადგილებზე. შემდეგ რუსეთი უკვე აფინანსებს საერთაშორისო ექსპედიციებს, ჩამოჰყავთ ხალხი, ათხრევინებენ, მათ არ იციან, ამის ბეგრაუნდი რა არის, ხდება ამის ვითომ აღმოჩენები და ის საერთაშორისო ექსპედიციის წევრებიც ხელს აწერენ, რომ მათ კონკრეტულ ადგილზე აღმოაჩინეს კონკრეტული ნივთი. საბოლოო ჯამში, სტატისტიკა ჩვენს საზიანოდ კატასტროფულად იცვლება, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ამ მიმოქცევას და ამ ყველაფერს შავი არქეოლოგიით ნიღბავენ. ამ შემთხვევაში შავი არქეოლოგია ყველაზე მსუბუქი რამეა, აი, პოლიტიკური არქეოლოგია კი ბევრად უფრო მძიმეა ქვეყნის მომავლისთვის. საბოლოო ჯამში, ეს მასალა ისე დაგროვდება, რომ მერე იტყვიან: აი, თურმე ჩრდილოეთ ოსეთი და სამხრეთ ოსეთი ერთი პოლიტიკური ერთეული იყო და ქართველებმა როგორც აფხაზეთში, აქაც ოკუპაცია მოვახდინეთ სამხრეთ ოსეთის რეგიონისა. საერთაშორისო ორგანიზაციებმა ამას უნდა მიაქციონ ყურადღება. ეს რუსული დიპლომატიის გრძელვადიანი გეგმაა. ათი, ოცი, ოცდაათი წლის შემდეგ ვეღარავინ შეცვლის აღმოჩენის ტოპოგრაფიას და ყველა იტყვის, ეს ყველაფერი, აი, აქ ვიპოვეთ. ეს იქნება ყველაზე დამაზიანებელი ქართული მხარისათვის. გეოპოლიტიკური ერთეული ყველაზე მეტად იმ კულტურაზეა დაფუძნებული, რომელიც იმ რეგიონშია თავმოყრილი. არ მინდა ცუდი წინასწარმეტყველი ვიყო, მაგრამ ასეთი რაღაცები ხდებოდა აფხაზეთში და მსგავსი ხელწერაა ცხინვალის რეგიონშიც“.

შავი არქეოლოგია და გლობალური ტერორიზმის საფრთხე

მანანა ვარძელაშვილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში საერთაშორისო და იუნესკოსთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძღვანელობს. სწორედ ეს სამსახური გზავნის განგაშის სიგნალებს საერთაშორისო ორგანიზაციებში. ეს სიგნალი კი ძირითადად ორი მიმართულებისაა: დაგვეხმარეთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში და დავიცვათ ერთმანეთი გლობალური ტერორისტული საფრთხისგან:

„ნებისმიერ ინფორმაციას, რასაც კი მოვიპოვებთ ოკუპირებული რეგიონებიდან, ოპერატიულად ვამზადებთ კულტურისა და საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ამზადებენ განცხადებას. პირველ რიგში, ჩვენი მიზნობრივი ორგანიზაციაა იუნესკოს ოფისი, რომელსაც რამდენიმე კონვენცია აქვს, რომლებიც ამ საკითხებს ეხება და, პირველ რიგში, ეს არის ჰააგის კონვენცია საომარი მოქმედებების დროს კულტურული მემკვიდრეობის დაცულობასთან დაკავშირებით, რომლის წევრებიც ვართ ჩვენ და, სამწუხაროდ, ოკუპანტი ქვეყანა, რუსეთი, არ არის ამ კონვენციის წევრი. საერთაშორისო თანამეგობრობას ჩვენ ყოველთვის ვაყენებთ საქმის კურსში და ვაცნობებთ ხოლმე მათ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებული ძეგლების შესახებ. ევროსაბჭოს სხვადასხვა ფორმატებშიც აქტიურად მონაწილეობს საქართველო და ინფორმაცია მაქსიმალურად გაგვაქვს. სხვა ბერკეტები ჩვენ არ გვაქვს. ჩვენ იმაზეც ვაპელირებთ, რომ უკანონო, შავი არქეოლოგიით მოპოვებული კულტურული ფასეულობების უკანონო ტრაფიკი არის წყარო ტერორისტებისთვის. ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უკონტროლო ვითარება არა მხოლოდ ჩვენს ეროვნულ მემკვიდრეობას უქმნის საფრთხეს, ის გლობალური მშვიდობისთვისაც საფრთხეა, რადგან შავი ფული, რაც აქედან იშოვება, სავარაუდოდ და პოტენციურად, შესაძლოა იყოს გამოყენებული ტერორისტული მიზნებისთვის“.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა სავალალო მდგომარეობაშია, ამაზე აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან პერიოდულად გავრცელებული ცნობებიც საკმარისია. მაგალითად, 5 წლის წინ ცხინვალთან ახლოს ქართულ ისტორიულ ტაძარში, თირის მონასტერში, რუსული სამშენებლო კომპანიის მუშები შეუშვეს.

„მუშებმა ეკლესიის შიგნით ხარაჩოები აღმართეს და კედლებს ლესავენ. გადალესილია მე-15 საუკუნის ფრესკების ზედაპირიც. ერთი შეხედვით, ისინი არაფრით განსხვავდებოდნენ იმ ბრიგადების მშენებლებისგან, რომლებსაც სხვა ნებისმიერ სამშენებლო ობიექტებზე შეხვდებით“. - ეს სიტყვები მაშინ ცხინვალელმა ჟურნალისტმა დიანა კოზაევამ დაწერა. გაირკვა, რომ, საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, ეკლესია-მონასტრების შეკეთებაც ჩვეულებრივ სამშენებლო კომპანიებს დაავალეს. თირის მონასტერში კომპანია „უიუტი“ მუშაობდა. ჩვეულებრივმა მუშებმა კი კონსერვაციის ნაცვლად პირდაპირ ლესვა დაიწყეს. ამ ამბავს საერთაშორისო ხმაური მოჰყვა, სამუშაოები შეჩერდა, მაგრამ უნიკალური ფრესკები გადალესილი დარჩა.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის მქონე რუსეთის ფედერაცია ან შეგნებულად ანადგურებს საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას, ან მას საკუთარი სარგებლისთვის იყენებს. ცხინვალში კი ვარაუდობენ, რომ შავი არქეოლოგი, „მეგაფონის“ გავლენიანი გენერალური დირექტორი რომან კოვრიგა, მფარველების წყალობით არ დაისჯება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG