Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალელების დიდმა ნაწილმა არ იცოდა, ხმას რას აძლევდა. ბიბილოვს გადასატანი ყუთი კარანტინში მიუტანეს


ცხინვალში ე.წ. სარეფერენდუმო კენჭისყრის უბნები ორ ადგილას იყო გახსნილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე - რუსეთის საელჩოს ეზოში  და მეოთხე რუსულ სამხედრო ბაზაზე.
ცხინვალში ე.წ. სარეფერენდუმო კენჭისყრის უბნები ორ ადგილას იყო გახსნილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე - რუსეთის საელჩოს ეზოში  და მეოთხე რუსულ სამხედრო ბაზაზე.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა მონაწილეობა მიიღო რუსეთის ფედერაციის საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის გამართულ რეფერენდუმში.

როგორც სააგენტო „რესი“ იუწყება, ბიბილოვს ჯავაში, ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო რეზიდენციაში, ხმის მისაცემად გადასატანი ყუთი ჩაუტანეს. მოსკოვიდან დაბრუნებული ბიბილოვი, რომელიც იქ, ვლადიმირ პუტინის მიწვევით, ნაციზმზე გამარჯვების აღლუმს ესწრებოდა, ჯავაში ორკვირიან კარანტინში გადავიდა და ცხინვალში ჯერ არ ჩასულა, გადასატანი ყუთი კი მას სპეციალურ კომბინიზონებში ჩაცმულმა ექიმებმა ჩაუტანეს.

„როგორც რუსეთის მოქალაქეს, მე აუცილებლად ხმა უნდა მიმეცა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ შესწორებები, რომლებიც რუსეთის კონსტიტუციაში შეაქვთ, არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციისთვის, არამედ სამხრეთ ოსეთისთვისაც აუცილებელია“, - აღნიშნა ბიბილოვმა.

„ეს ცვლილებები რუსეთის მოქალაქეების ინტერესების დასაცავად არის მიმართული, ასევე მოსახლეობის სოციალურ დაცვას და უსაფრთხოებას ემსახურება და, გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციის შიდა კანონების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას“, - განმარტა ბიბილოვმა, თუმცა ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობისთვის არ აუხსნია, რა მნიშვნელობა აქვს ცხინვალელებისთვის რუსეთის კონსტიტუციის ცვლილებას, რომლის მიღების შემთხვევაში, პუტინი კიდევ ორი ვადით შეძლებს პრეზიდენტობას.

ცხინვალში ე.წ. სარეფერენდუმო კენჭისყრის უბნები ორ ადგილას იყო გახსნილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე - რუსეთის საელჩოს ეზოში და მეოთხე რუსულ სამხედრო ბაზაზე, სადაც ხმას სამხედრო მოსამსახურეები აძლევდნენ. საელჩოს ტერიტორიაზე ის ცხინვალელები მიდიოდნენ, ვისაც რუსეთის მოქალაქეობაც აქვთ, ასეთი კი 90 პროცენტზე მეტია. მოქალაქეების უმეტესობამ არც იცოდა, რა ცვლილებები შედის რუსეთის კონსტიტუციაში. ეს რადიო თავისუფლების პროგრამა „ეხო კავკაზას“ ქუჩის გამოკითხვიდანაც გამოჩნდა.

სამოქალაქო აქტივისტი, რადიო თავისუფლების წყარო ცხინვალიდან გვატყობინებს, რომ ქალაქში ორი სარეფერენდუმო უბანი 25 ივნისიდანაა გახსნილი და მასში მონაწილეობას ძირითადად საჯარო მოხელეები იღებდნენ:

„რუსეთის საელჩოში გახსნილ უბანში მიდიოდნენ ცხინვალელები და ხმას აძლევდნენ. მე იქვე ახლოს ვცხოვრობ და ვხედავდი, რა ხალხი მიდიოდა. ძირითადად საჯარო სამსახურების მოხელეები, მასწავლებლები, მილიციელები ორგანიზებულად მიიყვანეს. დიდი აქტივობა არ შემინიშნავს, ხალხმა არ იცოდა, რას აძლევდა ხმას. მხოლოდ ის იცოდნენ, რომ, დიახ, უნდა შემოეხაზათ. არც ადგილობრივი ტელევიზიით, არც პრესით არ ყოფილა სტატიები და ინფორმაცია ამ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ. ხალხს მხოლოდ იმას ეუბნებოდნენ, რომ ჩვენი პრეზიდენტი პუტინი კიდევ ერთხელ შეძლებდა გაპრეზიდენტებას და მხარი უნდა დაგვეჭირა. ჰოდა, ხალხიც სამსახურებიდან მიდიოდა და ხმას აძლევდა. აქ ეს ყველაფერი ძალიან ფორმალური იყო. დარწმუნებული ვარ, 99 პროცენტი საკონსტიტუციო ცვლილებების მომხრე იქნება“.

ოკუპირებულ რეგიონში ამ რეფერენდუმის ჩატარებამ და მასში დე ფაქტო პრეზიდენტის მონაწილეობამ კიდევ ერთხელ აჩვენა ვითარების აბსურდულობა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, რომელიც სამხრეთ ოსეთის აღიარების თხოვნით საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს, თვითონ სხვა ქვეყნის, რუსეთის ფედერაციის, მოქალაქეა. სახელმწიფოებრიობის მოთხოვნის პარალელურად კი, ბიბილოვის მთავარი საპრეზიდენტო დაპირება ადგილობრივი მოსახლეობისთვის ის არის, რომ სამხრეთ ოსეთს რუსეთის შემადგენლობაში იურიდიულად შეიყვანს.

ცხინვალის რეგიონი რუსეთის ფედერაციას 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სრულად აქვს ოკუპირებული, ამჟამად კი იქიდან გამოდევნილი საქართველოს მოქალაქეების ნასახლარების ნგრევა და კვალის წაშლა მიმდინარეობს. საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებულ არჩევნებსა და რეფერენდუმებს უკანონოდ და არალეგიტიმურად მიიჩნევს.

კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი ამბობს, რომ სამხრეთ ოსეთის ვითომ დამოუკიდებლობა არის სრული ფიქცია:

ზურაბ ბენდიანიშვილი
ზურაბ ბენდიანიშვილი

„რეალურად ეს რეგიონი, თავისი ხელისუფლებით, წარმოადგენს რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკის დანამატს კავკასიის რეგიონში და, კერძოდ, საქართველოში. სამწუხარო რეალობაა, რომ ვიდრე პუტინი იქნება რუსეთის უმაღლესი ვერტიკალის სათავეში, ცხინვალის ხელისუფლების მთავარი მამოძრავებელი ძალა იქნება მისი მაამებლობა და მისი მიზნების გატარება ჩვენს რეგიონში, რაც არ უწყობს ხელს სტაბილიზაციას, შერიგებას და პოლიტიკურ წინსვლას მთლიანად რეგიონის და არამხოლოდ საქართველოსი“.

გიორგი მოლოდინი, ხელმძღვანელი არასამთავრობო ორგანიზაციისა „საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი“, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ასეთი ქმედებებით ოკუპირებული რეგიონების ლიდერები ვითომ სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ელემენტარულ ნიშნებსაც აქრობენ:

„სასაცილოც აღარ არის ის ურთიერთობები, რომელიც კრემლმა ამ რეგიონებთან აირჩია. ჩვენ არა მხოლოდ ბიბილოვის რეფერენდუმში მონაწილეობა, არამედ ისიც გვახსოვს, აფხაზეთში ვითომ პრეზიდენტი ხაჯინმბა რუსეთის პრეზიდენტს როგორ ირჩევდა. ამის მერე უკვე სუფთა კლინიკაა. იდეაში ნელ-ნელა იკვეთება, რისთვის გამოიყენებს ახლო და გრძელვადიან პერსპექტივაში კრემლი ოკუპირებულ რეგიონებს. ეს იქნება მათი ძირითადი დანიშნულება - „გააპრავონ“ ცენტრი და შექმნან ილუზია ლეგიტიმაციისა. ისინი იქნებიან ყურმოჭრილი ვასალები კრემლისა საკუთარი კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის. ასევე, ის ნანატრი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, რომელსაც აფხაზები და ოსები მიიჩნევენ, სულ უფრო და უფრო ბუნდოვანი ხდება და, როგორც ჩანს, მათი სურვილები და ოცნებები თვალსა და ხელს შუა ქრება“.

რუსეთის მოქალაქეები მონაწილეობენ ეროვნულ რეფერენდუმში, რომლითაც, როგორც ვარაუდობენ, დამტკიცდება საკონსტიტუციო ცვლილებები, მათ შორის ცვლილება, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს გზას გაუხსნის კიდევ ორი ვადით კენჭისყრისკენ და, პოტენციურად, ხელისუფლებაში 2036 წლამდე დარჩენისკენ.

1 ივლისი რეფერენდუმის ბოლო დღეა, თუმცა საარჩევნო უბნები 25 ივნისიდან მუშაობს, მათ შორის ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. კენჭისყრის პროცესი გახანგრძლივდა, რათა პანდემიის პირობებში ბევრი ხალხის თავშეყრა აერიდებინათ თავიდან.

კრემლი აცხადებს, რომ შესწორებები ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის არის საჭირო, პუტინის კრიტიკოსები კი ფიქრობენ, რომ კონსტიტუციაში მათი შეტანის მიზანი 67 წლის ლიდერისთვის ძალაუფლების დიდი ხნით გახანგრძლივებაა.

თბილისში რუსეთის მოქალაქეების მცირემასშტაბიანი აქცია გაიმართა რუსეთში მიმდინარე რეფერენდუმის წინააღმდეგ.

შვეიცარიის საელჩოსთან, რომელშიც რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციაა განთავსებული, აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს, მათი თქმით, საკონსტიტუციო გადატრიალება რუსეთში.

„ვლადიმირ პუტინის მმართველობის გახანგრძლივება 2036 წლამდე კატასტროფულ შედეგებს მოიტანს არა მხოლოდ რუსეთის ხალხისთვის, არამედ ნეგატიურად აისახება მთელ რუსეთის სამეზობლოზე. ჩვენ ვაპროტესტებთ პუტინის რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას მეზობელ სახელმწიფოებთან მიმართებით და მოვუწოდებთ რუსეთის მოქალაქეებს, ხმა არ მისცენ შემოთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს“, - განაცხადა რუსეთის მოქალაქე ნიკოლაი ველიკოვმა, პოლიტიკური პარტია „იაბლოკოს“ წევრმა.

პუტინმა რუსეთის მოქალაქეებს 30 ივნისს მოუწოდა, მხარი დაეჭირათ ცვლილებებისთვის. რუსეთის ლიდერი პირველად იანვარში გამოვიდა მასშტაბური შესწორებების ინიციატივით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG