Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაღალი ტემპერატურის გამო ეროვნულ გამოცდებზე 2 აბიტურიენტი არ დაუშვეს


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფო გორგოძე
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფო გორგოძე

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ დღეს, გამოცდაზე გამოცხადდა აბიტურიენტების 93%. იყო დაგვიანების 2 შემთხვევა.

რესპირატორული სიმპტომების მქონე აბიტურიენტებისთვის გახსნილ სარეზერვო სივრცეში განთავსდა 4 აბიტურიენტი. საქართველოს მასშტაბით გამოცდაზე არ დაუშვეს 2 აბიტურიენტი, რომლებსაც 38 გრადუსამდე ტემპერატურა ჰქონდათ.

სოფო გორგოძის ცნობითვე, რამდენიმე საგამოცდო ცენტრში ჰაერის ტემპერატურამ 30 გრადუსს მიღწია, ასეთ ცენტრებში კონდიციონერები ჩართეს და შესაბამისად, აბიტურიენტებმა ისევ გაიკეთეს პირბადეები.

დღეს აბიტურიენტები ქართული ენის და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ.

კორონავირუსის გამო საგამოცდო ცენტრები ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი წესებით მუშაობენ:

აბიტურიენტებს და მეთვალყურეებს, რომლებმაც შენობაში შესვლამდე, თერმოსკრინინგი გაიარეს, დაკავებული აქვთ საგამოცდო სექტორის ფართობის მხოლოდ 50%. შენობაში ყველანი პირბადით შედიან;

აბიტურიენტებს მაგიდასთან ადგილის დაკავების შემდეგ, პირბადის გარეშე მუშაობის შესაძლებლობა მიეცათ. ამასთან, პირბადე უნდა გაიკეთონ საგამოცდო სექტორის დატოვების და სხვა პირებთან კომუნიკაციის დროს;

სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილია გამჭვირვალე დამცავი ფარით. მაგიდებს შორის დაშორება მინიმუმ 2 მეტრია, ხოლო ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი 1 მეტრი;

თუ საგამოცდო ცენტრში, სადაც ფანჯრები მუდმივად ღიაა, ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს, ნებადართულია კონდიციონერის ჩართვა, თუმცა, ასეთ შემთხვევაში, ისევ სავალდებულო ხდება პირბადის გამოყენება;

აბიტურიენტი საგამოცდო ცენტრში მუდმივად პირბადით უნდა იყოს, თუ აღენიშნება 37 გრადუსზე მეტი ტემპერატურა, ან რომელიმე სხვა რესპირატორული სიმპტომი;

თუ გამოსაცდელს გამოცდის წინა დღეებში ექნება მაღალი ტემპერატურა, უნდა ჩაიტაროს PCR-ტესტი, რომელიც აბიტურიენტებისთვის უფასოა და წარმოადგინოს ცნობა, რომ არ არის კოვიდით ინფიცირებული;

თუ აბიტურიენტს აქვს ქრონიკული სიცხე, უნდა წარმოადგინოს სამედიცინო დაწესებულების ოჯახის ექიმის ცნობა;

თუ გამოსაცდელს აქვს გამოცდამდე 2-3 დღით ადრე ჩატარებული და მიღებული PCR ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, მისი განთავსება ხდება საერთო დარბაზში, შემთხვევა კი აღინიშნება შენიშვნით, რომელსაც მომდევნო გამოცდაზე უნდა მიექცეს ყურადღება;

თუ გამოსაცდელს არა აქვს გამოცდამდე 2-3 დღით ადრე ჩატარებული და მიღებული PCR-ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, გამოცდაზე დაშვების საკითხს წყვეტს ექიმი. კერძოდ:

თუ 37-დან 37.4 გრადუსამდე ტემპერატურას თან ახლავს რესპირატორული ინფექციისათვის დამახასიათებელი რომელიმე სიმპტომი, გამოსაცდელის განთავსება ხდება ცალკე სარეზერვო ოთახში დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან და ორმეტრიანი რადიუსის დისტანციით ამავე ოთახის სხვა მაგიდებთან;

37.5 გრადუსი ტემპერატურისას, რესპირატორული სიმპტომების არარსებობის შემთხვევაშიც, გამოსაცდელის განთავსება ხდება ცალკე სარეზერვო ოთახში დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან და ორმეტრიანი რადიუსის დისტანციით ამავე ოთახის სხვა მაგიდებთან;

37.5 გრადუსზე მერი ტემპერატურის შემთხვევაში, თუ გამოსაცდელს არ აქვს გამოცდამდე 2-3 დღით ადრე, ჩატარებული PCR ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, ის მოიხსნება გამოცდიდან და უნდა მიმართოს ექიმს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავსა და ხულოში გახსნილ 24 საგამოცდო ცენტრში ტარდება.

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. გამოცდები 25 ივლისს დასრულდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG