ევროკავშირის ლიდერებმა 19 ივლისს გაგრძელეს მსჯელობა ბიუჯეტისა და კორონავირუსით დაზარალებული ქვეყნების ეკონომიკებისთვის დახმარების ფონდის შექმნის გარშემო.
გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა გამოთქვა გაფრთხილება, რომ 27 წევრი სახელმწიფოს მეთაურების სამიტი შეიძლება დასრულდეს შეთანხმების გარეშე. იქნება თუ არა შეთანხმება, ჯერ კიდევ ვერ ვიტყვი, განაცხადა მერკელმა.
ბრიუსელის სამიტი ორი დღით იყო დაგეგმილი, მაგრამ ლიდერებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას და გადაწყდა, კვირასაც გაემართათ მოლაპარაკება. მერკელის თქმით, დიდია კეთილი ნება, მაგრამ ამავე დროს არის ბევრი განსხვავებული პოზიცია. 18 ივლისის გვიან ღამით შეხვედრის ბოლოს მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ცხარე მოლაპარაკება დატოვეს ქვეყნების ჯგუფთან ერთად, რომლებსაც მეთაურობს ნიდერლანდი და რომელიც მოითხოვს, რომ დახმარების პაკეტში გრანტების წილი ნაკლები იყოს და დაწესებული იქნეს თანხების გამოყენების მკაცრი პირობები.
ევროკავშირის ლიდერები ესწრაფვიან მიაღწიონ შეთანხმებას აღდგენის ფონდის და 2021-27 წლების ბიუჯეტის შესახებ, სულ ლაპარაკია 1,85 ტრილიან ევროზე.
ეს სამიტი პირველი უშუალო შეხვედრაა 27 ლიდერს შორის ხუთთვიანი კრიზისის მანძილზე.
კორონავირუსის პანდემიამ დარტყმა მიაყენა ევროკავშირის ეკონომიკას. მოელიან, რომ ბლოკის ეკონომიკა 8,3 პროცენტით შემცირდება. კოვიდ-19-მა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში 135 ათასი ადამიანი იმსხვერპლა.
ევროპის კავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, ჩარლზ მიშელმა, წარადგინა თავისი წინადადება, რომლის თანახმად, პაკეტი 750 მილიარდი ევროს ოდენობის იქნება და განაწილდება გრანტების და კრედიტების სახით იმ ქვეყნებზე, რომლებსაც კორონავირუსის პანდემიის გამო რთული ვითარება აქვთ, განსაკუთრებით სამხრეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთის ევროპის ქვეყნებს. ამ თანხას ერთვის შვიდწლიანი ბიუჯეტი, რომელიც ტრილიონ ევროს უტოლდება და რომლის გარშემო შეთანხმება კოვიდ-19-ის კრიზისამდე მოხდა.