Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა ხაბაროვსკის ოლქის დროებით ხელმძღვანელად დანიშნა მიხაილ დეგტიარიოვი, ფურგალის თანაპარტიელი


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხაბაროვსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა მიხაილ დეგტიარიოვი.

იგი არის რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სახელმწიფო დუმის დეპუტატი რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული (ЛДПР) პარტიიდან, რომლის წევრიცაა აწ უკვე ყოფილი გუბერნატორი, სერგეი ფურგალი.

9 ივლისს დაპატიმრებული ფურგალი, ოფიციალურად გათავისუფლდა თანამდებობიდან „პრეზიდენტის ნდობის დაკარგვის“ გამო.

რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, პუტინი ორშაბათს ვიდეოკავშირის საშუალებით დაუკავშირდა დეგტიარიოვს.

რუსეთის პრეზიდენტმა ხაბაროვსკის ოლქის ხელმძღვანელის თანამდებობას უწოდა „ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი“ და შეეკითხა, არის თუ არა იგი მზად ასეთი სამუშაოს შესასრულებლად.

დეპუტატმა დამაკმაყოფილებელი პასუხი გასცა. დეგტიარიოვს უთქვამს, რომ მზად არის დაუყოვნებლად გაეშუროს ხაბაროვსკში.

დეგტიარიოვი 39 წლისაა. იგი 2011 წლიდან არის სახელმწიფო დუმის დეპუტატი. შედის მართვის რეზერვის 143-კაციან სიაში, რომელსაც პირადად რუსეთის პრეზიდენტი პატრონობს.

ხაბაროვკის ოლქის გუბერნატორის პოსტი ვაკანტურია მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა სერგეი ფურგალი დააპატიმრეს.

50 წლის სერგეი ფურგალს, რომელიც 9 ივლისს მოსკოვში გადაიყვანეს, ადანაშაულებენ მკვლელობის მცდელობასა და 2004-2005 წლებში ორი მკვლელობის შეკვეთაში.

16 ივლისს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება დახურულ კარს მიღმა და ფურგალი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

თვითონ დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და მისი მომხრეები, რომლებიც დაპატიმრების შემდეგ მართავენ დემონსტრაციებს, ეჭვქვეშ აყენებენ ბრალდებას და შეკითხვას სვამენ, რატომ გამოვლინდა ეს საქმე 15 წლის შემდეგ.

სერგეი ფურგალის მომხრეებს 20 ივლისს საქვეყნოდ გამოუცხადა მხარადჭერა ცნობილმა რუსმა მუსიკოსმა, იური შევჩუკმა.

XS
SM
MD
LG