Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღია სტადიონებზე გულშემატკივარს დაუშვებენ


უახლოეს 2-3 დღეში, შესაბამის პროტოკოლში ასახვის შემდეგ, ღია სტადიონებზე სპორტულ ღონისძიებებზე გულშემატკივართა დასწრება ნებადართული გახდება. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს დეპუტატმა ლევან კობიაშვილმა უთხრა. მისი განმარტებით, ეს ცვლილება არ შეეხება დახურულ არენებს და სპორტის მხოლოდ იმ სახეობებზე გავრცელდება, სადაც ორთაბრძოლა ღია სივრცეებში ტარდება.

ლევან კობიაშვილის განმარტებით, მაყურებელი სპორტულ ღონისძიებებზე შესაბამისი რეგულაციების დაცვით დაიშვება. კერძოდ, ეს შეეხება როგორც თერმოსკრინინგსა და პირბადეებს, ასევე სოციალური დისტანციის დაცვას. ლევან კობიაშვილის თანახმად, წინასწარ განისაზღვრება სტადიონების ზომის შესაბამისად, რა რაოდენობის მაყურებლის დაშვება იქნება შესაძლებელი:

„სასიხარულო ფაქტია, რომ გულშემატკივრებს ვნახავთ, დავუშვებთ სტადიონებზე, თუმცა თითოეული გულშემატკივრის პასუხისმგებლობაა, დაიცვას მოცემულობა, რაც იქნება პროტოკოლით გათვალისწინებული“, - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის ფარგლებში საქართველოში უკვე ნებადართულია ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ორგანიზება, ასევე დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება.

20 ივლისიდან დასაშვები გახდა ასევე ღია სივრცეში სოციალური ღონისძიებების (მათ შორის ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, რიტუალური ღონისძიებები და ა.შ.) ჩატარება, რომლებზე დამსწრეთა რეკომენდებული მაქსიმალური რაოდენობა 100 ადამიანით განისაზღვრა.

გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1049-მდე გაიზარდა, კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 3 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 903, გარდაცვლილია 16 ადამიანი.

XS
SM
MD
LG