ფსიქონევროლოგიური დისპანსერიდან გაწერეს იაკუტიელი შამანი ალექსანდრ გაბიშევი, რომელიც მოსკოვში ჩასვლას და „პუტინის განდევნას“ აპირებდა.
შამანის უფლებების დამცველი იურისტის, ალექსეი პრიანიშნიკოვის ინფორმაციით, 21 ივლისს, დაცვის მხარის თხოვნით, ალექსანდ გაბიშევს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარეს, 22 ივლისს კი ექიმების კომისიამ გადაწყვიტა, რომ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაბიშევის იძულებით დატოვება აუცილებელი აღარ არის.
უფლებადამცველის შეფასებით, იურიდიულმა ძალისხმევამ და საზოგადოების და მედიის აქტიურობამ თავისი შედეგი გამოიღო.
2019 წლის მარტში, იაკუტიელი შამანი ალექსანდრ გაბიშევი მოსკოვისკენ ფეხით გაემართა „პუტინის განდევნის რიტუალის“ ჩასატარებლად. სექტემბერში გაბიშევი ირკუტსკის ოლქში დააკავეს. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ექსტრემიზმისკენ მოწოდების მუხლით და გაუსვლელობის ხელწერილი ჩამოართვეს.
გამოძიების დაკვეთით ჩატარებულმა ფსიქიატრიულმა ესპერტიზამ შამანი შეურაცხადად ცნო. ალექსანდრ გაბიშევი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მაისის შუა რიცხვებიდან იმყოფებოდა.
იაკუტიელი შამანი პოლიტპატიმრად აღიარა უფლებადამცველმა ცენტრმა „მემორიალმა“. მისი შეფასებით გაბიშევს პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებების გამო დევნიან. საერთაშორისო ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალმა“ იაკუტიელი შამანი სინდისის პატიმრად ცნო.