Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარია კონგრესმენების კრიტიკაზე: როდესაც საქართველო არბიტრაჟს იგებს, უნდა გიხაროდეთ


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ სასიხარულოა, როცა ქვეყანა იმ კომპანიას უგებს საარბიტრაჟო სასამართლოს, რომელიც საინვესტიციო ვალდებულებებს არ ასრულებს. ასე გამოეხმაურა პრემიერი კონგრესმენების წერილსა და "ფრონტერას" საკითხს.

"ზოგი კონგრესმენი შეგვაქებს, ზოგი კონგრესმენი გაგვაკრიტიკებს, მაგრამ მთავარი არის, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას არაფერი არ ემუქრება. ისევე, როგორც ამერიკული ბიზნესის ინტერესებს საქართველოში არაფერი არ ემუქრება. მაგრამ როდესაც ადამიანები, მათ შორის ამერიკელები ზოგ შემთხვევაში, თავიანთ ვალდებულებებს - საინვესტიციო ვალდებულებები იქნება, თუ სხვა სახის ვალდებულებები - ვერ ასრულებენ და საქართველო არბიტრაჟს იგებს, ეს უნდა გვიხაროდეს, მეგობრებო! კი არ უნდა გწყინდეთ და ჯიბრში კი არ უნდა უდგებოდეთ ქვეყანას, უნდა გვიხაროდეს", - თქვა გახარიამ.

გუშინ, 29 ივლისს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სალომე სამადაშვილმა კონკრესმენების მიერ მაიკ პომპეოსთვის მიწერილი წერილის შინაარსი გაასაჯაროვა. წერილში ეწერა, რომ ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყანამ რეგრესი განიცადა და აღნიშნული იყო, რომ ამჟამინდელი მთავრობა ამერიკელი ბიზნესმენების ქვეყნიდან გაძევებას ცდილობს.

საქართველოს მთავრობამ „ფრონტერასთან“ კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ 2020 წლის აპრილში განაცხადა და საფუძვლად დაასახელა საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება. ამის გამო „ფრონტერას“ ამერიკელი პოლიტიკოსების ნაწილი მოიხსენიებდა საქართველოში ამერიკული ბიზნესის შევიწროების მაგალითად.

„ფრონტერამ“ მოუწოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მის მთავრობას, შეწყვიტონ გამიზნული სიცრუის, ზიანის მიყენების და თვალთმაქცობის პრაქტიკა და ამის ნაცვლად დაიწყონ კომპანიასთან პატიოსნად ურთიერთობა და ამ გზით შეუწყონ ხელი ნამდვილი პარტნიორობის სულისკვეთებას.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს 23 ივლისის განცხადებით, საარბიტრაჟო დავის მოგების მიუხედავად, მთავრობამ გადაწყვიტა, აღარ მოშალოს კონტრაქტი და შესაძლებლობა მისცეს კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა.

მთავრობის გადაწყვეტილება ახსნილი იყო იმით, რომ ​საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებული საერთაშორისო რეპუტაცია და უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორთან - აშშ-თან ურთიერთობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG