Accessibility links

მოსყიდვა, ზეწოლა და ეკლესიის ჩარევა - ISFED-ის წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიშში


ეკლესიის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევა; პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება; ამომრჩეველთა მოსყიდვა; ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება - ასეთი შემთხვევებზე საუბარია არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების” წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედურ ანგარიშში.

წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში მოიცავს 2020 წლის 5 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით პერიოდს, აგრეთვე ცალკეულ ისეთ მოვლენას, რომელთა განვითარება 5 ივლისამდე დაიწყო და მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა ან მათ შესახებ მონიტორინგის პერიოდში გახდა ცნობილი. მონიტორინგი ხორციელდება შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ევროკავშირის მხარდაჭერით.

ეკლესიის ჩარევა წინასაარჩევნო კამპანიაში

„სამართლიანი არჩევნების” ცნობით, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა მეუფე გიორგი ჯამდელიანმა, 26 ივლისს, მრევლს მიმართა და თქვა, რომ ხელს შეუშლის ეროვნული ინტერესების მოღალატე ადამიანის - „ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის ზაურ დარგალის პარლამეტში შესვლას.

„რეინკარნაცია მოახდინა საბჭოთა პირსისხლიანი კულტის, ჩვენი დამოუკიდებლობის, სახელმწიფოებრიობის დამამხობელისა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის გამარღვეველის, ნარიმან ნარიმანოვისა”, - თქვა მეუფემ და დაამატა, რომ ვინც ზაურ დარგალს გვერდით დაუდგება, მათზე პასუხისმგებლობას იხსნის და ყველა მათგანს მოუწევს პასუხის გაცემა წინაპრების სულებისთვის.

ძეგლის აღების მოთხოვნით აქცია 16 ივლისს გაიმართა, სადაც მარნეულისა და ხუჯაბის ეპისკოპოსი სიტყვით გამოვიდა. „სამართლიანი არჩევნების” ინფორმაციით, შეხვედრას პარტია „ქართული იდეის” ლიდერი, ლევან ჩაჩუაც ესწრებოდა; „ქართულმა იდეამ” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ცესკოს რეგისტრაციისთვის მიმართა და ამჟამად რეგისტრაციის პროცესშია.

სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება

„სამართლიანი არჩევნების” ინფორმაციით, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გაათავისუფლეს ადამიანები მარტვილის, ზუგდიდის, ტყიბულის, ჭიათურის, თბილისის მუნიციპალიტეტებში. ძირითად შემთხვევაში, დასაქმებულებს აღარ გაუგრძელეს ადმინისტრაციული ხელშეკრულება. ერთ შემთხვევაში კი, თბილისში, კეთილმოწყობის სამსახურიდან, მეეზოვე ხაათუნა ასკარგიზი გაანთავისუფლეს. ხელმძღვანელობამ, გაფრთხილების გარეშე გაცდენები დაასახელა. ასკარგიზი რომელიც 10 წელის მუშაობდა მეეზოვედ - კი აცხადებს, რომ პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს, რადგან მონაწილეობა მიიღო კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში სასმელი წყლის მოთხოვნის მიზნით გამართულ აქციაში.

მოსყიდვა

ამბროლაური - 8 ივლისს, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევში მცხოვრებ, ტარიელ გოგსაძის სოციალურად დაუცველ ოჯახს, სასურსათო ნობათი გაუგზავნა. ბიუროს თანამშრომლები, სოფლის წარმომადგენელთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ და სასურსათო პაკეტი ოჯახს პირადად გადასცეს.

ცაგერი - 9 ივლისს, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ოყურეეშსა და ზუბში მცხოვრებ თათია წვერავასა და ნანა კვირიკაშვილის სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს, გოჩა ენუქიძის სახელით სასურსათო ნობათი გადაეცათ. გოჩა ენუქიძე ოფიციალურად დასახელდა მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქში.

ონი - 29 ივლისს, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი და მაჟორიტარობის დასახელებული კანდიდატი ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქში - გოჩა ენუქიძე, პრემიერის მრჩეველ სოზარ სუბართან ერთად, ადგილზე ეცნობოდა სტიქიის შედეგად ონის მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებას. დეპუტატი სოფელ გლოლაშიც იმყოფებოდა და მედიკამენტები, საკვები და პირველადი მოხმარების სხვა ნივთები დაზარალებულებს პირადად გადასცა. ამის შესახებ ინფორმაცია, დეპუტატმა თავის ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა. 31 ივლისს, დეპუტატი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან და ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სოფელ გლოლაში, ხვდებოდა სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას და დახმარების გადაცემაში მონაწილეობდა.

ჩუღურეთი - 11 ივლისს, თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, „ქართული ოცნების” ფრაქციის წევრმა რიმა ბერაძემ სულთანიშვილების სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ოჯახს საჩუქრად მაცივარი გადასცა და ასევე, საკვები პროდუქტებიც მიუტანა. რიმა ბერაძის თანაშემწის, მაკა სამნიაშვილის ინფორმაციით, საკრებულოში რიმა ბერაძემ და მისმა თანამშრომლებმა საკუთარი ხელფასიდან 20-20 ლარი შეაგროვეს და უყიდეს ოჯახს 200 ლარამდე ღირებულების მაცივარი.

გლდანი - 21 ივლისს, „ლელო საქართველოსთვის” გლდანის რაიონული ორგანიზაციის წევრები, სოფელ გლდანში არსებულ მოხუცთა პანსიონატ „ბარბარე ოცდაერთს” ესტუმრნენ. პარტიის წარმომადგენლებმა პანსიონატის ბენეფიციარებს, 15-მდე მოხუცს, ტანსაცმელი და ტკბილეული გადასცეს.

ხელვაჩაური - 23 ივლისს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელვაჩაურის მუნიციპალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი და საკრებულოს წევრი, მიხეილ ბოლქვაძე, სოფელ სალიბაურის მოსახლეობას შეხვდა და ერთ-ერთ ოჯახს სურსათი გადასცა.

ხელვაჩაური - 8 ივლისს, ხელვაჩაურის საკრებულოს წევრმა მიხეილ ბოლქვაძემ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მოქალაქე ნაფიე ყურშუბაძე, რომელსაც მუნიციპალიტეტი არ დაეხმარა, სავარაუდოდ, ოპოზიციური განწყობის გამო, მოინახულა და საჩუქრად სურსათი გადასცა.

ოზურგეთი - „ქართული ოცნების” ოზურგეთის ორგანიზაცია და პარლამენტის თავმჯდომარის, ოზურგეთის მაჟორიტარის, არჩილ თალაკვაძის ბიურო, პანდემიის გამო, აპრილ-მაისში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქალაქსა და სოფლებში, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის დახმარებას გასცემდა. საყურადღებოა, ის გარემოება, რომ აღნიშნული დახმარება - საკვები პროდუქტების სახით ოზურგეთში შეჭირვებული ოჯახების დასახმარებლად საქართველოში თურქეთის საელჩომ და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ (TIKA) გამოყო. „ქართული ოცნების” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მერაბ ჭანუყვაძის ფეისბუქგვერდზე გაზიარებული ინფორმაციის მიხედვით, დახმარება, სოციალური პრობლემების მქონე ოჯახებისათვის, რაიონული ორგანიზაციის წევრებისა და არჩილ თალაკვაძის მაჟორიტარული ბიუროს ხელმძღვანელის მიერ გაიცა.

სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარა

„სამართლიანი არჩევნების” ინფორმაციით, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა მოხდა მარნეულის, ხელვაჩაურის, კასპისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში. მაგალითად:

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, 30 ივლისს, „ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარ დეპუტატს საკრებულოში, ვაჟა თავდგირიძეს უფლებამოსილება შეუწყვიტა, რადგან იგი, ექვსი თვის განმავლობაში, საკრებულოს სხდომებს არ ესწრებოდა. საკრებულომ საპატიო მიზეზად არ ჩათვალა თავდგირიძის მიერ წარდგენილი სამედიცინო ცნობა ფორმა 100, რომლითაც დგინდება, რომ მას მესამე სტადიის სიმსივნე აქვს, გადიოდა მკურნალობის კურს და მას დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ნადიმ ვარშანიძის განცხადებით, ფორმა 100 ფარატინა ქაღალდია და არასაკმარისია.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება

მაგალითად, რადიო ჰერეთის ინფორმაციით, 8 ივლისს, „ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბში, საჯარო მოხელეებს ტრენინგი ჩაუტარეს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იმუშაონ საპარლამენტო არჩევნების წინაპერიოდში „ქართული ოცნების” სასარგებლოდ.

სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელზე ზეწოლა

14 ივლისს, „სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელს საგარეჯოში სახლში მიაკითხა შორეულმა ნათესავმა, რომელიც საკრებულოს თანამშრომელი და „ქართული ოცნების” მხარდამჭერია, სავარაუდოდ, შვებულების დროს დაკავებულია აქტივიზმით მმართველი პარტიის სასარგებლოდ. ამ პირმა აღნიშნა, რომ გამოკითხეს „სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენლის შესახებ, იყო თუ არა „ქართული ოცნების” გულშემატკივარი. ნათესავის პირით გადმოსცეს, რომ, მიმდინარე წინასაარჩევნო მონიტორინგისას, მშვიდად იყოს და ბევრი არ იაქტიუროს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG