Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გოგა ბითაძე NBA-ში სამქულიანით დაბრუნდა


„ინდიანა პეისერსისა“ და საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრმა გოგა ბითაძემ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველი თამაში ჩაატარა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA). კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული იძულებითი შესვენების მერე, ქართველ ცენტრს ტრავმამ შეუშალა ხელი განახლებულ სეზონში თავიდანვე ჩართულიყო. დღეს კი, გამთენიისას, მან „ფინიქსთან“ მატჩში მიიღო მონაწილეობა და მოედანზე გატარებულ არასრულ თერთმეტ წუთში თავი სამი ქულით და თითო მოხსნითა და დაფარებით გამოიჩინა. გოგა ბითაძემ ორიდან ერთი სამქულიანი ჩააგდო. ბურთი არ დაუკარგავს და არც დაჯარიმებულა.

„ინდიანამ“ „ფინიქს სანსთან“ 99:114 წააგო და, 42 მოგებითა და 27 წაგებით, აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა. მომდევნო მატჩში, 9 აგვისტოს, გოგა და მისი თანაგუნდელები „ლოს ანჯელეს ლეიკერსს“ დაუპირისპირდებიან.

„ინდიანას“ ქართველ ლეგიონერს მაისურზე, გვარის ადგილზე ეწერა - Equality, რაც თანასწორობას ნიშნავს. ეს თავად ბითაძის გადაწყვეტილება იყო და ასე ჩაერთო ანტირასისტულ კამპანიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG