Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან სამუშია "ლელო საქართველოსთვის" რიგებს შეუერთდა


მამუკა ხაზარაძე, ლევან სამუშია, გრიგოლ გეგელია
მამუკა ხაზარაძე, ლევან სამუშია, გრიგოლ გეგელია

იურისტი, „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი ლევან სამუშია პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ წევრი გახდა. იგი საზოგადოებას საგანგებო ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ წარუდგინა:

„ჩვენ გვიერთდება ერთ-ერთი ძალიან კარგი ქართველი, მეომარი, პოლიტიკოსი, ადამიანი, რომელიც ყოველთვის იდგა წინა ხაზზე და ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა, რომ ეს ადამიანი, ლევან სამუშია, უერთდება დღეიდან „ლელოს“ რიგებს. ჩვენ სხვა პოლიტიკური პარტიებისგან იმითაც გამოვირჩევით, რომ ჩვენთან პოლიტიკური პარტია კომპლექტდება პროფესიონალების კუთხითაც. თქვენ იცით, რომ ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდი ვართ ეკონომიკური მიმართულებით... მინდა გითხრათ, რომ ყველაზე დიდი და მძლავრი წარმატებულ იურისტთა გუნდი ვართ „ლელოში“ თავმოყრილები“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ. მისი თქმით, ლევან სამუშია ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე სერიოზული იურისტია.

თავის მხრივ, ლევან სამუშიამ განაცხადა, რომ „ლელო“ არის ახალი სიტყვა და ახალი ძალა „ქართულ პოლიტიკაში“, იგი არის გუნდი, რომელიც ორიენტირებულია ადამიანსა და მის უფლებებზე:

„ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა დამკვიდრდეს სამართლიანი სასამართლო სისტემა, სამართალი ქვეყანაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ გუნდთან ერთად ჩვენ მოვიტანთ სამართალს და ქვეყანაში ადამიანის უფლებები იქნება თავიდან ბოლომდე დაცული“, - განაცხადა ლევან სამუშიამ.

ლევან სამუშიამ „თავისუფალი დემოკრატები“ 3 აგვისტოს დატოვა. საზოგადოებამ მისი ამ გადაწყვეტილების შესახებ „ფეისბუკიდან“ შეიტყო. აღნიშნულ სოციალურ ქსელში ლევან სამუშია ყოფილ პარტიას წარმატებებს უსურვებდა და წერდა, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ დატოვების შესახებ მისთვის მძიმე გადაწყვეტილება მიიღო. პარტიის დატოვების მიზეზებზე მას არ უსაუბრია, თუმცა დააზუსტა, რომ სადაც არ უნდა იყოს, აქტიურად გააგრძელებს ბრძოლას „რუსული ოცნების“ წინააღმდეგ ქვეყნის დასავლური მომავლისთვის და საქართველოში სამართლიანობის დამკვიდრებისთვის.

XS
SM
MD
LG