Accessibility links

გიორგი გახარია: მესტიაში ალბათ ვირუსის აფეთქებას მივუსწარით


გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, დღეის მდგომარეობით, კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით მესტიაში პირველი სწრაფი რეაგირების ნაბიჯები საკმაოდ ეფექტიანად იყო გადადგმული. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მესტიაში დაწესებული შეზღუდვები დისკომფორტს უქმნის როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე ტურისტებს, თუმცა მთავარი მოქალაქეების ჯანმრთელობაა:

„გამოდის, რომ მესტიაში ვირუსის აფეთქებას ალბათ მივუსწარით, თუმცა სრულად სურათი ჯერ კიდევ არ გვაქვს. მე როგორც ვიცი, 1000 ტესტია ჩამოტანილი, რომლის პასუხებიც ჯერ არ ვიცით, თუმცა ამ 1000 ნიმუშის გარეშე ინფიცირების 14 შემთხვევა გვაქვს. დღის ბოლომდე გვეცოდინება ამ 1000 ტესტის შედეგები და გვექნება საბოლოო სურათი, რა ხდება სვანეთში. დღეის მდგომარეობით შეიძლება ითქვას, რომ პირველი სწრაფი რეაგირების ნაბიჯები იყო საკმაოდ ეფექტიანად გადადგმული. პირველ რიგში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყო გადაადგილების შეზღუდვა და იმ შეზღუდვების აღსრულება, რომლის დაწესებაც მოგვიწია, მიუხედავად იმისა, რომ გვესმის, რომ ეს შეზღუდვები როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე სტუმრად ჩასულ ტურისტებს სერიოზულ დისკომფორტს უქმნის, მაგრამ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა არის ყველაზე მაღალი ფასეულობა. ჩვენ ვამბობდით, რომ ვირუსი არსად წასულა და გვმართებს დიდი ყურადღება და სიფრთხილე იმისთვის, რომ ის წარმატება, რომელიც აქამდე მოვიტანეთ, უნდა გავაგრძელოთ, ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ვირუსის რისკების ეფექტიანი მართვის გარეშე არანაირი ეკონომიკური აღდგენა არ იქნება. ეს ერთმანეთთან დაკავშირებული თემებია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.

მისი თქმით, სვანეთიდან საკარანტინო ზონებში 11 აგვისტოს 919 მოქალაქე გადაიყვანეს.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო მესტიაში შესვლა და გასვლა 10 აგვისტოს აიკრძალა. გარდა მუნიციპალიტეტის ჩაკეტვისა, აკრძალულია დაბა მესტიასა და სოფლებს შორის მიმოსვლაც. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მას შემდეგ მიიღო, რაც 24 საათის განმავლობაში მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG