Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციოს 4 მოსამართლე ამავე სასამართლოს წინააღმდეგ


საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხი მოსამართლე ამავე ინსტანციის ოთხ კოლეგას უმტკიცებს, რომ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან შეუსაბამოა. კოლეგები სახალხო დამცველის სარჩელის საპასუხოდ გამოტანილ განაჩენზე "დავობენ".

საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სახალხო დამცველის სარჩელი, რომელშიც იგი მოსამართლეთა უვადოდ არჩევის წესის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ითხოვდა. გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 10 დღეში საკონსტიტუციო სასამართლოს 8 წევრიდან ნახევარმა ალტერნატიული მოსაზრებები გამოაქვეყნა.

ვინ არიან და რას ამტკიცებენ "დაურწმუნებელი" მოსამართლეები

მოსამართლეთა ოთხეული: თეიმურაზ ტუღუში, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და თამაზ ცაბუტაშვილი მიიჩნევს, რომ მათმა კოლეგებმა: მერაბ ტურავამ, ევა გოცირიძემ, ხვიჩა კიკალიშვილმა და მანანა კობახიძემ კონსტიტუციის არასწორი განმარტებით ქვეყნის დემოკრატია საფრთხის წინაშე დააყენეს.

ალტერნატიულ დასკვნაში, რომელიც ჯამში 123 არგუმენტს ეყრდნობა ასეთი აბზაცი გვხვდება: "მოსამართლეები ინიშნებიან უვადოდ. ხსენებულ თანამდებობის პირებზე ხალხის უშუალო კონტროლი მინიმალურია, ხალხს არ გააჩნია პირდაპირი კონსტიტუციური ბერკეტები, არასასურველი გადაწყვეტილებების მიღების მოტივით გავლენა მოახდინოს მათ თანამდებობაზე ყოფნა/არყოფნაზე". შესაბამისად, გადაწყვეტილების დასაბუთების გარეშე მიღების შემთხვევაში, "ფაქტობრივად მივიღებთ უკონტროლო მმართველობას და რეჟიმს, რომლის ფარგლებშიც ხალხი არჩევანს კარგავს ქვეყნის განვითარების, მისი მომავლის განსაზღვრაზე".

რა სისტემას ასაჩივრებდა ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის ნოემბერში მიმართა. ამ დროს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა უკვე დაწყებული ჰქონდა. ომბუდსმენს მიაჩნია, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შერჩევის წესი სამართლიან პროცედურებს არ ეფუძნებოდა. შერჩევის ეს წესი დაინტერესების შემთხვევაში ღირსეული კანდიდატის პროცესიდან გამოთიშვის შესაძლებლობას იძლეოდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები უვადოდ ღია კონკურსის საშუალებით ირჩევიან და ეს პროცესი პირობითად 3 ეტაპად შეიძლება დაიყოს.

  • პირველ ეტაპი: მოსამართლეთა კანდიდატების განცხადებებზე დაყრდნობით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ირჩევს კანდიდატებს ვისთანაც შემდეგ ეტაპზე ნიშნავს გასაუბრებას;
  • მეორე ეტაპი: გასაუბრებას მოსდევს კანდიდატების შეფასება ქულებით, თუმცა ეს უფრო ფორმალური პროცედურაა, რადგან შემდეგ ეტაპზე კანდიდატი ფარული კენჭისყრის შედეგებით გადადის;
  • მესამე ეტაპი: უმაღლესი ქულების მქონე კანდიდატებს პარლამენტი ცალ-ცალკე უყრის კენჭს და ამტკიცებს.

რასაც ომბუდსმენი ასაჩივრებდა ისაა, რომ შერჩევის არცერთ ეტაპზე გადაწყვეტილების მიმღებ პირებს არ უწევდათ გადაწყვეტილების დასაბუთება.

სწორედ ამ მოცემულობის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვდა ომბუდსმენი სასამართლოს უმაღლესი ინსტანციიდან, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ სახალხო დამცველის პოზიცია არ გაიზიარა. ახლა კი საკონსტიტუციო სასამართლოს 4 მოსამართლე არ ეთანხმება კოლეგების დასაბუთებას და აქვეყნებს 123 პუნქტისგან შემდგარ ალტერნატიულ მოსაზრებას, სადაც კოლეგებს უხსნის, რომ მათი გადაწყვეტილება ერთი მხრივ არ შეესაბამება კონსტიტუციას, მეორე მხრივ კი მათივე დამკვიდრებულ პრაქტიკას.

პრეტენზია 1 - კონსტიტუციასთან შეუსაბამო გადაწყვეტილება

ოთხეული ხაზს უსვამს იმას, რომ მათმა კოლეგებმა არასწორად განმარტეს კონსტიტუცია, როცა თქვეს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, როგორც მაღალ კონსტიტუციურ ორგანოს არ აქვს ღია კენჭისყრისა და შესაბამისად გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება.

მათი არგუმენტი ასეთია: იუსტიციის საბჭოს წევრებზე უფრო მაღალი დამოუკიდებლობის გარანტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს აქვთ, თუმცა ეს მათ არ ათავისუფლებთ გადაწყვეტილების მიღების დროს მოტივაციის დასაბუთებისგან.

"რაც უფრო დიდია ამა თუ იმ ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გავლენა ადამიანის უფლებებსა და ქვეყნის სამართლებრივ სისტემაზე, მით უფრო იზრდება მისი გადაწყვეტილების დასაბუთების მნიშვნელობა", - წერენ მოსამართლეები.

სახალხო დამცველზე ადრე ჯერ კიდევ ვენეციის კომისია ხელისუფლებას მიუთითებდა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არ ჩატარებულიყო ფარული კენჭისყრა და მათ, ვინც ირჩევდა მოსამართლეებს უვადოდ ჰქონოდათ პასუხისმგებლობა დაესაბუთებინათ, რატომ უჭერდნენ ან არ უჭერდნენ რომელიმე კანდიდატს მხარს.

წლების განმავლობაში მოსამართლეობის კანდიდატებს პრეზიდენტი არჩევდა და პროცესში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ჩართვა სწორედ პროფესიული ნიშნით შერჩევის კრიტერიუმი უნდა გაეძლიერებინა.

“აშკარაა, რომ პრეზიდენტის იუსტიციის უმაღლესი საბჭოთი ჩანაცვლების უმთავრესი მიზანი მოსამართლეთა შერჩევის პროცესში აპოლიტიკური, კომპეტენტური ორგანოს მონაწილეობაა, რომელიც შეაფასებს კანდიდატთა კვალიფიკაციას და მიიღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას”, - განმარტავს ოთხეული.

მათ ასევე მიაჩნიათ, რომ მათმა კოლეგებმა არ მიაქციეს ყურადღება იმას, რომ არაკონსტიტუციურია კანონის ის ნორმაც, რომელიც თანაბარი ქულების შემთხვევაში მოსამართლეობის კანდიდატებს შორის უპირატესობას ანიჭებს უფრო ხანგრძლივი სამუშაო გამოცდილების მქონე კანდიდატს:

"სამუშაო გამოცდილებას, რომელიც პირის კვალიფიკაციის მნიშვნელოვანი წყაროა, ხანგრძლივობასთან ერთად, ასევე ახასიათებს ხარისხობრივი კომპონენტიც".

პრეტენზია 2 - პრაქტიკასთან შეუსაბამო გადაწყვეტილება

საკონსტიტუციო სასამართლომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებების ფორმაზე 2017 წლის 7 აპრილსაც იმსჯელა. სასამართლომ მიიჩნია, რომ საბჭომ გადაწყვეტილება უნდა დაასაბუთოს, რადგან წევრების თვითნებური ან/და მიკერძოებული გადაწყვეტილებების პრევენცია მოხდეს.

იმის გამო, რომ სასამართლოს ამ საკითხზე უკვე ნამსჯელი ჰქონდა ან უნდა დათანხმებოდა სახალო დამცველის სარჩელს ან 5 ხმით დამკვიდრებული პრაქტიკა შეეცვალა. გადაწყვეტილების მიღების დროს 8-კაციანი პლენუმის ხმები გაიყო.

ამ ოთხი მოსამართლის განსხვავებული აზრი სასამართლოს გადაწყვეტილებას გავლენას ვერ იქონიებს. ქვეყანას უკვე ჰყავს უზენაეს სასამართლოში უვადოდ არჩეული 14 მოსამართლე, შვიდს კი უფლებამოსილების ვადა ეტაპობრივად ამოეწურებათ. სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილების გადახედვის უფლება არავის აქვს, მომავალშიც იმ წესით აირჩევენ უვადო მოსამართლეებს, რომელსაც საკონსტიტუციო მოსამართლეების ოთხეული დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველად აფასებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG