Accessibility links

ლონდონში გარდაიცვალა ნურსულთან ნაზარბაევის შვილიშვილი, რომელიც ოჯახურ კლანს აკრიტიკებდა


აისულთან ნაზარბაევი

ლონდონში 29 წლის ასაკში გარდაიცვალა ყაზახეთის პირველი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის შვილიშვილი, აისულთან ნაზარბაევი, რომელმაც რამდენჯერმე ამხილა თავისი დედის, დარიგა ნაზარბაევას კორუფციული საქმიანობა.

აისულთანის სიკვდილი დაადასტურა თავად დარიგა ნაზარბაევამ, ყაზახეთის პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა.

„ჩემი ოჯახი დიდად განიცდის ჩვენი საყვარელი აისულთანის აღსასრულს. იმედი მაქვს, რომ ჩვენთვის ამ მძიმე წუთებში საზოგადოება გამოიჩენს პატივისცემას ამ აუნაზღაურებელი დანაკლისის გამო“, - ნათქვამია ნურსულთან ნაზარბაევის ფონდის განცხადებაში, რომელსაც სათავეში უდგას დარიგა ნაზარბაევა.

რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახურის ცნობით, აისულთან ნაზარბაევს, რომელიც ნარკოდამოკიდებული იყო, პრობლემები ჰქონდა დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობასთან.

2019 წლის ოქტომბერში ბრიტანეთის სასამართლომ ყაზახეთის პირველი პრეზიდენტის შვილიშვილს პირობითი სასჯელი შეუფარდა პოლიციელზე თავდასხმისათვის, რომელმაც აისულთანს დაავალა გაევლო მკურნალობის კურსი ლონდონის ნარკოლოგიურ კლინიკაში.

2020 წლის თებერვალში აისულთანმა განაცხადა, რომ თავშესაფარი სთხოვა დიდ ბრიტანეთს.

აისულთან ნაზარბაევმა (აისულთან რახატი) ამის შესახებ ფეისბუკში დაწერა და განმარტა, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა აიძულა ოჯახის ზეწოლამ, რაც მის მამხილებელ საქმიანობას მოჰყვა.

ყაზახეთის ექსპრეზიდენტის შვილიშვილი თავის პოსტებში ყურადღებას ამახვილებდა კორუფციულ სქემაზე, რომლითაც რუსეთისა და ყაზახეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული ოლიგარქები, მათ შორის, დარიგა ნაზარბაევა, აისულთანის დედა, უამრავ მოგებას უმალავენ ბიუჯეტს და შემდეგ ამ თანხას ინაწილებენ.

რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახურის არაერთ თხოვნაზე, დარიგა ნაზარბაევას შვილის კრიტიკაზე კომენტარი არ გაუკეთებია. ხელისუფლების დუმილი თებერვალში დაარღვია დაურენ აბაევმა, ქვეყნის ინფორმაციის მინისტრმა, რომელმაც განაცხადა, რომ „არაეთიკურია იმ ადამიანის სიტყვების ციტირება, რომელიც ნარკოდამოკიდებულებას მკურნალობს“.

აისულთანი დარიგა ნაზარბაევას მეორე შვილია. მან დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო აკადემია დაამთავრა და ამის შემდეგ ყაზახეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს შტატში ჩაირიცხა.

აისულთან ნაზარბაევის სიკვდილის მიზეზი უცნობია. ყაზახეთის მედიის ცნობით, მას გული გაუჩერდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG