ქალებმა ცოცხალი ჯაჭვი შექმნეს თბილისში და დაგმეს ძალადობა ბელარუსში აქციის მონაწილეებზე, რომლებიც მე-13 დღეა, საკამათო არჩევნებს აპროტესტებენ.
ბევრს ეცვა თეთრი ტანსაცმელი, ეკავათ ყვავილები და მოითხოვეს პოლიტპატიმრების გათავისუფლება და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის სისასტიკის შეწყვეტა.
„ამჟამად, ბელარუსიის მოსახლეობა ებრძვის დიქტატურას. მრავალი მშვიდობიანი მოქალაქე, როგორც ქალბატონები, ასევე მამაკაცები, არიან გაუპატიურებულები და ნაწამები ამ დროისთვის, ბევრი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება”, - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
დემონსტრაციებმა მას შემდეგ იფეთქა, რაც 9 აგვისტოს, ქვეყნის გრძელვადიანი ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკა გამარჯვებულად გამოაცხადეს საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელსაც ევროკავშირი და აშშ უსამართლოდ და არათავისუფლად აფასებენ.
ასევე ნახეთ: თბილისში მცხოვრები ბელარუსიელები საქართველოს მოუწოდებენ, არ აღიაროს ლუკაშენკა პრეზიდენტად
ოპოზიცია, ქუჩაში გასული დემონსტრანტები და გაფიცული ათიათასობით ადამიანი დარწმუნებულია, რომ არჩევნები, რეალურად, ლუკაშენკას მთავარმა მეტოქემ, სვიატლანა ციხანოუსკაიამ მოიგო.
აქციების დაწყებიდან პირველი სამი დღის განმავლობაში დემონსტრანტებს სასტიკად არბევდნენ. დადასტურებულია სამი ადამიანის დაღუპვის ფაქტი. აქციების დაწყებიდან სამ დღეში ბელარუსის მილიციამ 7 ათასამდე ადამიანი დააკავა.
19 აგვისტოს, ევროკავშირის ლიდერებმა ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი არ ცნეს. ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს არჩევნების გაყალბებაზე, ძალადობასა და რეპრესიებზე პასუხისმგებელ პირებს.