Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთში "პატრიოტთა ალიანსის“ ვიზიტის გამო დე ფაქტო პრეზიდენტის თანაშემწის გადადგომას ითხოვენ


აფხაზეთის ომის ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაა“ მოითხოვს, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის თანაშემწემ ლაშა საკანიამ თანამდებობა დატოვოს ოკუპირებულ რეგიონში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების, კერძოდ, პარლამენტის ვიცე-სპიკერის ირმა ინაშვილის ვიზიტის გამო.

რადიო თავისუფლების პროგრამა „ეხო კავკაზას“ ცნობით, „არუაას“ უმაღლესი საბჭოს წევრმა, გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, თემურ ნადარაიამ შეხვედრაზე, სადაც სახალხო კრების დეპუტატები მიიწვიეს, განაცხადა, რომ „ვერც ერთ საშინელ სიზმარში ვერ ნახავდა იმას, რაც ცოტა ხნის წინ მოხდა“. მისი სიტყვებით, „აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებიდან 12 წლის განმავლობაში ამ დონის სახელმწიფო მოღვაწე (საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი) აფხაზეთში არ ყოფილა“. თემურ ნადარაიას განმარტებით, ქვეყანა დაღლილია და აქციების მოწყობას არავინ აპირებს, მაგრამ ლაშა ლაკანიამ თანამდებობა უნდა დატოვოს.

21 აგვისტოს, აფხაზეთის ომის ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაამ“ განაცხადა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა საიდუმლო შეხვედრა გამართეს „პრეზიდენტის“ თანაშემწე ლაშა საკანიასთან. „არუაამ“ საკანიასა და შესაბამისი სტრუქტურებისგან მოითხოვა ახნა-განმარტება და დე ფაქტო პარლამენტს საკომიტეტო მოსმენისკენაც მოუწოდა.

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველი, პარტია „სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარე ლაშა საკანია აცხადებდა, რომ არანაირი საიდუმლო მოლაპარაკება არ ჰქონია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებთან და აფხაზეთში მათი ჩასვლა იყო მხოლოდ ჰუმანიტარული აქცია.

საკანიას კომენტარი საინფორმაციო სააგენტო apsadgil.info-მ გამოაქვეყნა.

მისი თქმით, აგვისტოს დასაწყისში მას მიმართეს ძველმა მეგობრებმა რუსეთის ფედერაციიდან და სთხოვეს თანადგომა ილორის ტაძრისთვის საქართველოდან საჩუქრად ღვთისმშობლის ხატის გადასაცემად. საკანიას ინფორმაციით, მის რუს მეგობრებს დახმარება დავით თარხან-მოურავმა სთხოვა.

საკანია აღნიშნავს, რომ არავისთან არანაირი მოლაპარაკება არ გაუმართავს: „ეს იყო ჰუმანიტარული აქცია, რომელიც მთხოვეს ჩემმა მეგობრებმა რუსეთიდან რაიმე პოლიტიკური ასპექტების და შედეგების გარეშე. ხატის გადაცემის შემდეგ ხალხმა ილოცა. ამით მათი ვიზიტი დასრულდა“.

ლაშა საკანიას განცხადებითვე, ფაქტი შეგნებულად არ აცნობა არც გალის რაიონის ხელმძღვანელს და არც საგარეო საქმეთა მინისტრს სწორედ იმიტომ, რომ ღონისძიებისთვის არ მიეცა რაიმე ოფიციალური სტატუსი.

24 აგვისტოს, პრესკონფერენციაზე, ირმა ინაშვილმა დაადასტურა, რომ აფხაზეთში იმყოფებოდა საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარესთან გიორგი ლომიასთან ერთად. დიახ, ნამდვილად ვიყავით. ჩვენ ღვთისშობლის ხატი დავაბრძანეთ ილორის ტაძარში, - განაცხადა ინაშვილმა.

მოგვიანებით მან თავის ფეიბუკის გვერდზე ილორის ტაძარში გადაღებული ფოტოებიც გამოაქვეყნა.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების ვიზიტზე აფხაზეთში ინფორმაცია თავდაპირველად „მთავარმა არხმა“ გაავრცელა 20 აგვისტოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG