Accessibility links

პუტინის რეზერვი ლუკაშენკასთვის


27 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ბელარუსში მიმდინარე მოვლენების შესახებ პირველად გააკეთა კომენტარი, რომლითაც აშკარა გახდა, რომ კრემლი განიხილავს ძალისმიერ ჩარევას მეზობელ ქვეყანაში.

ბელარუსში ორ კვირაზე მეტია, გრძელდება ანტისამთავრობო გამოსვლები 9 აგვისტოს არჩევნების შედეგების გაუქმებისა და ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით.

სამთავრობო ტელეარხ „როსია 24“-თან ინტერვიუში პუტინს არ დაუმალავს, რომ ბელარუსის პრეზიდენტის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას, თხოვნის საფუძველზე „რუსეთის სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლებისგან შეიქმნა რეზერვი“, რომელიც „სიტუაციის კონტროლიდან გამოსვლის შემთხვევაში“ დაეხმარება ბელარუსის ხელისუფლებას.

რუსეთის ლიდერმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ბელარუსის მილიციის მოქმედებას უწოდა „საკმაოდ თავშეკავებული“, გაიზიარა ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს თაობაზე ბელარუსის ხელისუფლების შეფასება და აშშ-ისა და უკრაინის სპეცსამსახურების „ერთობლივი სპეცოპერაცია უწოდა“ პრეზიდენტის არჩევნების წინ ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის 33 დაქირავებული მეომრის დაკავების სკანდალურ ისტორიას, რამაც უკიდურესად გაამწვავა ვითარება მინსკსა და მოსკოვს შორის.

პუტინის ხუთშაბათის ტელეინტერვიუმ იმედები გადაუწურა ბელარუსის ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ქვეყანაში მიმდინარე მწვავე შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებაში რუსეთი აღარ დაუჭერდა მხარს ყველასთვის მიუღებელ ლუკაშენკას.

„დიახ, არსებობდა გარკვეული სუსტი იმედი, რომ დასავლეთი შეძლებდა პუტინთან მოლაპარაკებას, რომ რუსეთისათვის მისაღები პირობებით დასთანხმებოდა ლუკაშენკას წასვლას. ახლა ეს იმედი გაქრა“, - ამბობს რადიო თავისუფლების ბელარუსის სამსახურის მიმომხილველი, იური დრაკახრუსტი.

რუსეთი ჩაერევა, მაგრამ როდის?

ბელარუსისათვის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (რუსული აბრევიატურით - ОДКБ) ფარგლებში შესაძლო დახმარების შესახებ საუბარი 16 აგვისტოს დაიწყო, ლუკაშენკასა და პუტინს შორის გამართული მორიგი სატელეფონო საუბრის შემდეგ.

ეს ის დროა, როდესაც ბელარუსის ქალაქებში ანტისამთავრობო მიტინგებზე ასობით ათასი ადამიანი გამოდიოდა და ერთიმეორის მიყოლებით აცხადებდნენ გაფიცვებს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქვეყნის წამყვანი საწარმოები.

ცოტა ხნის წინ სამხედრო დახმარებაზე საუბარს „მიუღებელად“ მიიჩნევდა კრემლის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი, რომელიც აცხადებდა, „ბელარუსის ხელისუფლება ასეთი დახმარების საჭიროებას არ განიცდისო“.

მაგრამ რუსეთის პრეზიდენტმა 27 აგვისტოს ფარდა ახადა სიმართლეს, როდესაც განაცხადა, რომ არსებობს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ფუძემდებლური დოკუმენტით გათვალისწინებული ვალდებულება, რომ ქვეყნები ერთმანეთს უნდა დაეხმარონ სუვერენიტეტის, საგარეო საზღვრებისა და სტაბილურობის დასაცავად.

„ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ვალდებულება ბელარუსის მიმართ და ალექსანდრ ლუკაშენკამ სწორედ ასე დასვა საკითხი. მან წამოჭრა საკითხი, რომ ისურვებდა, აუცილებლობის შემთხვევაში ჩვენ აღმოგვეჩინა შესაბამისი დახმარება. მე ვუთხარი მას, რომ რუსეთი შეასრულებს ყველა თავის ვალდებულებას. ალექსანდრ გრიგორევიჩმა მთხოვა გარკვეული რეზერვის შექმნა სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლებისგან და მე ეს გავაკეთე“, - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის ლიდერს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი სამართალდამცველი სტრუქტურის თანაშრომლებისგან დაკომპლექტდა ლუკაშენკას დასახმარებლად განკუთვნილი რეზერვი, რა სიდიდისაა მისი პირადი შემადგენლობა და როგორ რეგულირდება ასეთი დანაყოფის გაგზავნის საკითხი სხვა, თუნდაც მოკავშირე, ქვეყნის ტერიტორიაზე.

პუტინმა მხოლოდ იმის განმარტება მიიჩნია საჭიროდ, თუ რა ვითარებაში იქნება გამოყენებული ეს სარეზერვო ძალა.

„ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ის (რეზერვი) არ იქნება გამოყენებული მანამდე, ვიდრე სიტუაცია კონტროლიდან გამოსვლას არ დაიწყებს და, მინდა ხაზი გავუსვა, ვიდრე პოლიტიკურ ლოზუნგებს ამოფარებული ექსტრემისტული ელემენტები არ გადავლენ გარკვეულ საზღვრებს და ხელს არ მიჰყოფენ რბევას: არ დაიწყებენ მანქანების, სახლების და ბანკების დაწვას, არ შეეცდებიან ადმინისტრაციული შენობების ხელში ჩაგდებას და სხვა“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

აღსანიშნავია, რომ ტელეინტერვიუს დროს რუსეთის ლიდერის მიერ გაკეთებული შეფასება ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში სიტყვასიტყვითაც იმეორებს მისი ბელარუსი კოლეგის ძირითად თეზისებს ბელარუსის საქმეებში გარედან ჩარევის, ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს კანონიერებისა და ანტისამთავრობო აქციებში მონაწილე დემონსტრანტების მიმართ ბელარუსი სამართალდამცველების მოქმედების შესახებ.

პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი „ბევრად უფრო თავშეკავებულად იქცევა და ბევრად უფრო ნეიტრალურია“, ბელარუსში მიმდინარე მოვლენებზე რეაგირების თვალსაზრისით, ვიდრე ბევრი ევროპული ქვეყანა და აშშ.

რუსეთის ლიდერი მიიჩნევს, რომ ბელარუსში შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის მოძებნა, პირველ ყოვლისა, ბელარუსის საზოგადოების, ბელარუსი ხალხის საქმეა.

„რა თქმა უნდა, როდესაც ხალხი ქუჩაში გამოდის, ამას ყველამ უნდა გაუწიოს ანგარიში, მოისმინონ, რეაგირება მოახდინონ ამაზე“, - აღნიშნა პუტინმა და იქვე დაამატა, რომ ბელარუსის პრეზიდენტი მზად არის განიხილოს კონსტიტუციური რეფორმის გატარების და ამ ახალი კონსტიტუციის საფუძველზე ახალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა.

ამასვე მოითხოვს ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება „ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაში“ ადანაშაულებს, ხოლო საბჭოს წევრებს ლუკაშენკა „ფაშისტების“, „შავრაზმელებისა“ და „გაქსუებული მოღალატეების“ იარლიყებით ამკობს.

პუტინს ტელეინტერვიუში საერთოდ არ უხსენებია ბელარუსის ოპოზიცია, მაგრამ აშკარად ჩანდა, რომ ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭო ჰყავდა მხედველობაში, როდესაც ყურადღება გაამახვილა ბელარუსის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

„ბელარუსის საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ აბსოლუტურად დაუშვებელია ნებისმიერი არაკონსტიტუციური ორგანოს შექმნა, რაც არ არის ძირითადი კანონით გათვალისწინებული და რომელიც ცდილობს ძალაუფლების ხელში ჩაგდებას. ძნელია ამას [გადაწყვეტილებას] არ დაეთანხმო“, - აღნიშნა ვლადიმირ პუტინმა.

ბელარუსის საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს შექმნა, ხოლო ბელარუსის გენერალურმა პროკურატურამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე 361-ე მუხლით, რაც გულისხმობს ხელისუფლების ხელში ჩაგდებისა და ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოებისათვის ზიანის მიყენების მცდელობას.

27 აგვისტოს, ამ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტში დაკითხვაზე დაიბარეს მარია კოლესნიკოვა, ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის წამყვანი წევრი.

წინა დღით კი დაკითხვაზე თავის ფეხით მივიდა ამავე საბჭოს კიდევ ერთი წევრი, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი, სვეტლანა ალექსიევიჩი, რომელმაც დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ შექმნილ ვითარებაში ერთადერთ გამოსავლად ლუკაშენკასთან მოლაპარაკებას მიიჩნევს, თუნდაც პუტინის შუამავლობით.

ვისურვებდი, რომ მსოფლიომ მოძებნოს მასთან დიალოგის ფორმა, თუნდაც პუტინის მონაწილეობით. ჩემი აზრით, იგი ერთადერთი ადამიანია, ვისაც ის [ლუკაშენკა] უჯერებს. დღეს ჩვენ მხოლოდ მოლაპარაკებაზე უნდა ვილაპარაკოთ. სხვა შემთხვევაში უფსკრულში გადავცვივდებით“, - განაცხადა სვეტლანა ალექსიევიჩმა.

27 აგვისტოს გაკეთებული კომენტარებით პუტინმა საბოლოოდ გადაუწურა იმედი ბელარუსის ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ რუსეთი აღარ დაუჭერდა მხარს ყველასთვის მიუღებელ ლუკაშენკას.

„დიახ, არსებობდა გარკვეული სუსტი იმედი, რომ დასავლეთი შეძლებდა პუტინთან მოლპარაკებას, რომ რუსეთისათავის მისაღები პირობებით დასთანხმებოდა ლუკაშენკას წასვლას. ახლა ეს იმედი გაქრა. ეს კი გამოიწვევს ბელარუსში მიმდინარე პროტესტის შესუსტებას. ახლა მათაც, ვინც მზად არის უფრო გადამჭრელი მოქმედებისათვის (ასეთები ცოტაა), ესმით, რომ საქმე ექნებათ არა მხოლოდ ბელარუს, არამედ რუს სამართალდამცველებთანაც“, - ამბობს რადიო თავისუფლების ბელარუსის სამსახურის მიმომხილველი, იური დრაკახრუსტი.

30 ნოემბერი, 2017 წელი
30 ნოემბერი, 2017 წელი

„უტყუარად დადასტურებული“ ოპერაცია

რუსეთის პრეზიდენტმა 27 აგვისტოს ტელეინტერვიუში აშშ-ისა და უკრაინის სპეცსამსახურების „ერთობლივი სპეცოპერაცია“ უწოდა ბელარუსში არჩევნების წინ დაკავებული 33 ე.წ. ვაგნერელის სკანდალურ ისტორიას, რაშიც ბელარუსის ხელისუფლება და პირადად ლუკაშენკა ერთი თვის წინ სწორედ რუსეთს ადანაშაულებდა.

33 რუს მოქალაქეზე - სავარაუდოდ, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლებზე - საუბრის დროს ალიაქსანდრ ლუკაშენკა აცხადებდა, რომ ისინი უშუალოდ ბელარუსში გამოგზავნეს არეულობის მოსაწყობად.

ამასთან, ბელარუსის პრეზიდენტი „ბოდვას“ უწოდებდა ვერსიას, თითქოს რუსეთის მოქალაქეები ბელარუსიდან სტამბოლში, ლიბიასა თუ სირიაში მიემგზავრებოდნენ. დაკავებული ჯგუფის სტამბოლში გამგზავნი „უფროსი ძმები გაჩუმდნენ“, რადგან „არავითარი სტამბოლი არ ყოფილა და ვერც იქნებოდა“, - აცხადებდა ლუკაშენკა.

თუმცა „უფროსი ძმა“ ჩვენებას არ ცვლის. უბრალოდ, მან ერთი თვის თავზე გადამუშავებული შეთქმულების თეორია შესთავაზა საზოგადოებას.

„ამ ადამიანებმა არ იცოდნენ, რომ სპეცსამსახურები მათ იყენებდნენ. ისინი ჩაიყვანეს ბელარუსის ტერიტორიაზე და დაუსახეს მათ სრულიად ლეგალური მიზანი. როგორც მათ უთხრეს, ისინი უნდა წასულიყვნენ მესამე ქვეყანაში, ლათინურ ამერიკაში და ახლო აღმოსავლეთში აბსოლუტურად ლეგალური სამუშაოს შესასრულებლად. სინამდვილეში, ისინი შეიტყუეს ბელარუსის ტერიტორიაზე და წარმოაჩინეს როგორც სავარაუდო დამრტყმელი ძალა ვითარების შესარყევად წინასაარჩევნო კამპანიის დროს, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. ვიმეორებ, რომ ეს ადამიანები მიდიოდნენ მესამე ქვეყანაში სამუშაოდ. ისინი, უბრალოდ, იქ შეიტყუეს, საზღვრიდან გადაათრიეს. ჩვენი მესაზღვრეები მათ არ უშვებდნენ. სხვათა შორის, მათ არც შეეძლოთ შესვლა. მაგრამ ისინი მიჰყავდათ, ფაქტობრივად, გაყალბებული დოკუმენტებით“, - განაცხადა 27 აგვისტოს ვლადიმირ პუტინმა.

აღსანიშნავია, რომ 9 აგვისტოს, სადავო საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ მალევე, ბელარუსმა გაათავისუფლა და რუსეთს გადასცა დესტაბილიზაციის მოწყობის ბრალდებით დაკავებული ყველა პირი.

რუსი მოქალაქეების გათავისუფლებას წინ უძღოდა ალიაქსანდრ ლუკაშენკასათვის მნიშვნელოვანი ფაქტი. არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებისთანავე, 10 აგვისტოს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ალიაქსანდრ ლუკაშენკას.

ვლადიმირ პუტინის მისალოც ტელეგრამაში ნათქვამი იყო: ლუკაშენკას მოღვაწეობა ხელს შეუწყობს „ურთიერთობების გაღრმავებას სამოკავშირეო სახელმწიფოს ფარგლებში, დააჩქარებს ინტეგრაციულ პროცესებს ევრაზიის ეკონომიკური კავშირისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ხაზით“.

პანსიონატ „ბელარუსოჩკაში“ დაკავებული 33 რუსი მოქალაქის საქმე თითქოს დავიწყებას მიეცა, მაგრამ, როგორც ჩანს, არა პუტინისათვის, რომელიც ამ ჯგუფის „ჩავარდნას“ უცხო ქვეყნების, კერძოდ, აშშ-ისა და უკრაინის სპეცსამსახურების პროვოკაციას უწოდებს.

ეს იყო უკრაინისა და ამერიკის სპეცსამსახურების ერთობლივი ოპერაცია. ახლა ეს უტყუარად არის დადასტურებული. ამ პროცესის ზოგიერთი მონაწილე და დამკვირვებელი, კარგად ინფორმირებული ადამიანი ამას უკვე აღარც მალავს“, - აცხადებს ვლადიმირ პუტინი.

რუსეთის პრეზიდენტს არც იმაში ეპარება ეჭვი, რომ ბელარუსში მიმდინარე ანტისამთავრობო დემონსტრაციების დროს „ბელარუსის სამართალდამცველი ორგანოები საკმაოდ თავშეკავებულად მოქმედებენ“, ხოლო ბელარუსში ვითარება, მთლიანობაში, „გამოსწორებისკენ მიდის“.

ამ განცხადების ფონია ბოლო ორი დღის განმავლობაში ასამდე დემონსტრანტის დაკავება ბელარუსში არასანქცირებულ აქციებში მონაწილეობის ბრალდებით.

რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, 27 აგვისტოს მინსკში, თავისუფლების მოედანზე, მილიციამ ათობით ჟურნალისტი დააკავა „დოკუმენტების შემოწმების“ მიზნით.

ხუთშაბათს სამთავრობო სხდომაზე ალიაქსანდრ ლუკაშენკამ კვლავ გაიმეორა, რომ ხელისუფლება აღარ დაუშვებს ქუჩის აქციებს და არ მისცემს გარე ძალებს ქვეყნის დესტაბილიზაციის უფლებას.

ბელარუსში 9 აგვისტოდან გრძელდება მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები და გაფიცვები საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ და ლუკაშენკას გადადგომისა და ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით.

აქციების დაწყებიდან სამ დღეში ბელარუსის მილიციამ 6 ათასზე მეტი ადამიანი დააკავა.

უამრავი ადამიანი სასტიკად იყო ნაცემი.

გაეროს თანახმად, ბელარუსში 9 აგვისტოს შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციების დროს დაიღუპა ოთხი ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG