Accessibility links

დიალოგზე საუბარი მორიგი რეპრესიების ფონზე


საპროტესტო აქცია, მინსკი. 25 აგვისტო, 2020 წ.

ბელარუსში, სადაც ორ კვირაზე მეტია არ წყდება მასობრივი ანტისამთავრობო გამოსვლები, 26 აგვისტოს საგამოძიებო კომიტეტში მოწმის სტატუსით დაკითხვაზე დაიბარეს ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის კიდევ ერთი წევრი, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩი.

აღიარებულ მწერალს, ისევე როგორც საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის ყველა წევრს, „ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაში“ ადანაშაულებს ბელარუსის ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის მასშტაბით კვლავ მიმართავს რეპრესიებს ანტისამთავრობო გამოსვლებისა და გაფიცვების ტალღის ჩასახშობად.

26 აგვისტოს ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა სულ მცირე 50-მდე დემონსტრანტის დაკავება, რომლებიც წინა დღით ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ არასანქცირებულ აქციებში მონაწილეობდნენ.

როგორც იუწყებიან, მათი ნაწილის დაკავების მიზეზი გახდა ანტისამთავრობო აქციების მთავარი სიმბოლო - თეთრ-წითელ-თეთრი დროშები, რომელსაც ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ვიქტარ ხრენინმა, ამას წინათ „ფაშისტური“ უწოდა.

ხელისუფლების „მთავარი სამიზნე“

ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს პარალელურად, ბელარუსის ხელისუფლების მთავარ სამიზნეს წარმოადგენს ქარხნებსა და საწარმოებში შექმნილი საგაფიცვო კომიტეტის ხელმძღვანელობა.

რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, სასამართლომ ათდღიანი პატიმრობა მიუსაჯა მინსკის ბორბლებიანი საწევრების ქარხნის (МЗКЦ) საგაფიცვო კომიტეტის ხელმძღვანელს, ალექსანდრ ლავრინოვიჩს.

წინა დღით, 25 აგვისტოს, ასევე ათდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს ოპოზიციის მიერ შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის წევრს და მინსკის სატრაქტორო ქარხნის საგაფიცვო კომიტეტის თავმჯდომარეს, სიარჰეი დილევსკის.

საკოოროდინაციო საბჭოს წევრმა ბრესტის ოლქიდან, ბიზნესმენმა ანდრეი ვორონინმა და მისმა მეუღლემ კი თავს გაქცევით უშველეს.

თავის ფეისბუკში გამოქვეყნებულ სტატუსში ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ იგი იძულებული გახდა უცხოეთში გაქცეულიყო, რათა თავიდან აეცილებინა ვიქტარ ბაბარიკასა და სიარჰეი ციხანოუსკის ბედი, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებული შეთითხნილი საქმეებით სხედან ციხეში.

რადიო თავისუფლების რუსულენოვან ტელეარხ „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ცნობით, ბოლო ხანს გაიზარდა ლიეტუვაში თავშესაფრის მაძიებელ ბელარუსთა რაოდენობა.

9 აგვისტოდან განვითარებული მოვლენების შემდეგ „ლიეტუვაში თავშესაფრის მოთხოვნით მოგვმართა ბელარუსის 11-მა მოქალაქემ. 10-მა საზღვარზე მოითხოვა თავშესაფარი, ერთმა კი - ლიეტუვაში“, - განაცხადა ცოტა ხნის წინ ეველინა გუდზინსკაიტემ, ლიეტუვის საემიგრაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. კიდევ 20 ბელარუსი ლიეტუვაში ჩავიდა „ჰუმანიტარული გამონაკლისის“ გზით. „მათ სურდათ გადარჩენოდნენ რეჟიმის მიერ განხორციელებულ დევნას და თავი შეეფარებინათ უსაფრთხო ქვეყნისათვის“.

10 აგვისტოს შემდეგ ლიეტუვაში იმყოფება ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, სვიატლანა ციხანოუსკაია, რომლის ინიციატივითაც მისმა მომხრეებმა ბელარუსში ჩამოაყალიბეს საკოორდანაციო საბჭო „ძალაუფლების ტრანზიტისთვის ახალი არჩევნების ჩატარების გზით“.

თავდაპირველად საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმში შევიდა 7 კაცი, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატი მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩი, უფლებადამცველი ალეს ბელიაცკი, პოლიტიკური მოძრაობის „თავისუფლებისთვის“ ლიდერი იური გუბარევიჩი, ვიქტარ ბაბარიკას შტაბის კოორდინატორი მარია კოლესნიკოვა, იურისტი მაქსიმ ზნაკი, ექს-მინისტრი პავალ ლიატუშკა და ქარხანა МТЗ-ს საგაფიცვო კომიტეტის თავმჯდომარე სიარჰეი დილევსკი.

ბელარუსის საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს შექმნა, ხოლო ბელარუსის მოქმედმა პრეზიდენტმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ, 18 აგვისტოს გამართულ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე ამ საბჭოს შექმნას უწოდა „ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით“.

ლუკაშენკას ამ განცხადებიდან ორ დღეში, 20 აგვისტოს, ბელარუსის გენერალურმა პროკურატურამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე 361-ე მუხლით, რაც გულისხმობს ხელისუფლების ხელში ჩაგდებისა და ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოებისათვის ზიანის მიყენების მცდელობას.

ამ საქმის ფარგლებში საგამოძიებო კომიტეტმა უკვე დაკითხა საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის სამი წევრი - საპრეზიდენტო კანდიდატ ვიქტარ ბაბარიკას ადვოკატი მაქსიმ ზნაკი, კულტურის ყოფილი მინისტრი პავალ ლიატუშკა და იურისტი ლილია ვლასოვა.

საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის კიდევ ერთი წევრის, ნობელის პრემიის ლაურეატ სვეტლანა ალექსიევჩის დაკითხვა 26 აგვისტოს მოწმის სახით 40 წუთს გრძელდებოდა.

საგამოძიებო კომიტეტის შენობიდან გამოსულმა მწერალმა განაცხადა, რომ მან უარი თქვა მიეცა ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ და ამით საგამოძიებო მოქმედება, ფაქტობრივად, დასრულდა, - მოკლედ განაცხადა სვეტლანა ალექსიევიჩმა.

რუსეთი, როგორც შუამავალი?

27 აგვისტოს კი საგამოძიებო კომიტეტში დაკითხვაზე მოწმის სტატუსით არის დაბარებული საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის წევრი მარია კოლესნიკოვა.

თუ რითი დასრულდება ბელარუსის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო რეზონანსული სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, თუმცა აშკარაა, რომ პროკურატურა ნამდვილად არ იქნება ლოიალური იმ ორგანიზაციის მიმართ, რომლის ზოგიერთ წამომადგენელს მოქმედი პრეზიდენტი ალიაქსანდრ ლუკაშენკა უწოდებს „შავრაზმელს“, „აშკარა ნაცისტსა“ და „გაქსუებულ“ მოღალატეს, რომელთაც ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილი ამოძრავებთ.

ალიაქსანდრ ლუკაშენკა
ალიაქსანდრ ლუკაშენკა

„მე უკვე ვთქვი, რომ შექმნილია ე.წ. "შავრაზმელთა ასეული“ ძალაუფლების ჩასაბარებლად და გადასაცემად. ყველაზე საკვირველი ისაა, რომ იქ უკვე რიგი დადგა და პორტფელებს ინაწილებენ. მე მინდა ვუთხრა მათ: პატივცემულო შავრაზმელებო, ქვეყანაში არ არის იმდენი პორტფელი, რადენიც ამ რიგში დგახართ. ცოცხები და ნიჩბები გვაქვს, ამით მოგამარაგებთ“, - განაცხადა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს მისამართით.

მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან დაშინების და სისხლის სამართლებრივი დევნისა, სვიატლანა ციხანოუსკაიას მომხრეების მიერ შექმნილ ოპოზიციის საკოორიდანაციო საბჭოს შემადგენლობა დღითი დღე იზრდება და მის რიგებში, როგორც პრეზიდიუმის წევრი ალექსანდრ ზნაკი აცხადებს, 1000 კაცია გაერთიანებული.

საკოორდინაციო საბჭო უსაფუძვლოდ მიიჩნევს მის წინააღმდეგ დაწყებულ სამართლებრივ დევნას და შეახსენებს ხელისუფლებას, რომ საბჭოს ფუძემდებლურ წესდებაში არსად არ არის ლაპარაკი ძალაუფლების ხელში ჩაგდებაზე, კონსტიტუციური წყობის შეცვლასა თუ საბოტაჟზე.

პაველ ლიატუშკა
პაველ ლიატუშკა

„ჩვენი ორგანიზაციის პოლიტიკურ მიზანს წარმოადგენს ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის დიალოგის ორგანიზება“, - აცხადებს პავალ ლიატუშკა, პრეზიდიუმის წევრი.

მაგრამ საკოორდინაციო საბჭოში სულ უფრო ნაკლებ ადამიანს სჯერა, რომ ასეთი დიალოგი, შუამავლების ზეწოლის გარეშე, შესაძლებელი იყოს ალიაქსანდრ ლუკაშენკასთან, რომელმაც გასულ კვირას მკაცრად მოსთხოვა ქვეყნის შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრებს, რომ „აღარ დაუშვან აღარავითარი არეულობა მინსკში“ და გამოავლინონ და აღკვეთონ ქუჩის აქციების ორგანიზატორთა მოქმედებები.

26 აგვისტოს, დაკითხვამდე რამდენიმე საათით ადრე, რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ალექსიევიჩმა განაცხადა, რომ ქვეყანა უფსკრულის პირას დგას და ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი საერთაშორისო ჩარევით „მასთან“ [ალიაქსანდრ ლუკაშენკასთან] დიალოგია.

„ვისურვებდი, რომ მსოფლიომ მოძებნოს მასთან დიალოგის ფორმა. თუნდაც პუტინის მონაწილეობით. ჩემი აზრით, იგი ერთადერთი ადამიანია, ვისაც ის [ლუკაშენკა] უჯერებს. დღეს ჩვენ მხოლოდ მოლაპარაკებაზე უნდა ვილაპარაკოთ. სხვა შემთხვევაში უფსკრულში გადავცვივდებით“, - განაცხადა სვეტლანა ალექსიევიჩმა.

თუ რამდენად გაუჩნდება ეს სურვილი ვლადიმირ პუტინს, რომელმაც 9 აგვისტოს არჩევნებში გამარჯვება ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა ალიაქსანდრ ლუკაშენკას, ჯერჯერობით ძნელი სათქმელია.

ზოგადად, კრემლის დამოკიდებულება ბელარუსში მიმდინარე მოვლენებისადმი კარგად გამოჩნდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ამასწინანდელ ინტერვიუში. ბელარუსი თავად გაერკვევა თავის საქმეებში და არ საჭიროებს არავის შუამავლობასო, - განაცხადა ლავროვმა ტელეარხ „როსია 1“-თან ინტერვიუში.

რაც შეეხება სამართალდამცველთა სისასტიკეს საპროტესტო აქციების დაშლის დროს, ლავროვი მიიჩნევს, რომ მილიციის მხრიდან ძალის გამოყენება ბელარუსში თავად დემონსტრანტების მიერ იყო პროვოცირებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG